არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს, საბოლოოდ მოკლას დემოკრატია - მედიამენეჯერები დასავლეთს მიმართავენ

სულ ნახვები : 104
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

4 ტელევიზიის: „ფორმულას“, „ტვ პირველის“, „მთავარი არხისა“ და „კავკასიის“ მედიამენეჯერები ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და დასავლელ პარტნიორებს მიმართავენ, არ მისცენ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს, საბოლოოდ მოკლას დემოკრატია საქართველოში.

მედიამენეჯერები აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საკითხი და პირდაპირი გზავნილია დასავლეთისთვის, რომ საქართველო პუტინის მეთოდებით იმართება.

"ჩვენ, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები მივმართავთ დასავლელ მეგობრებს, დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებლის, მთავარი არხის დირექტორის დაჭერასთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამიას დაკავება არის პირდაპირი, დემონსტრაციული გზავნილი დასავლეთისთვის, რომ საქართველო არის რუსული ოლიგარქიული მიტაცებული ქვეყანა და ის იმართება პუტინის მეთოდებით. გვარამიას დაჭერა ნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს ევროპასა და NATO-ზე. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის განხილვის ფონზე. ასევე, ოცნების რეჟიმის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ ხელისუფლება გაემიჯნა ცივილიზებულ სამყაროს და ნიკა გვარამიას დაკავება ამის კიდევ ერთი დასტურია.

ნიკა გვარამიას დაჭერა არ არის ერთი მედიის - მთავარი არხის ან ერთი ადამიანის საკითხი. ეს არის მთლიანად ქართული მედიის და ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმე. ჩვენ, ოპოზიციური მედია, ჩვენი საქმიანობით ყოველთვის ვუჭერთ მხარს დასავლურ ფასეულობებს და ვდგავართ დემოკრატიის სადარაჯოზე. თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის გაწეული გაქვთ დიდი ძალისხმევა, მათ შორის ფინანსური დახმარება. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ არის მართლმსაჯულება, სისტემას მართავს კლანი.

ქვეყანა მიტაცებულია და იმართება უკვე დაუფარავად რუსული რეჟიმის მიერ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული არჩევანი წაართვას. ჩვენ გამოვიარეთ და გავუძელით ყველანაირ ჩაგვრას, ზეწოლას. ფაქტია, რომ ოლიგარქი არ ჩერდება და მორიგ ჯერზე ოფიციალურად გააფორმა ავტოკრატია.

ქართველი ხალხის და ჩვენი კრიტიკული მედიის ერთადერთ მოკავშირედ გთვლით თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს - მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ ამ უსამართლო ბრძოლაში და არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს საბოლოოდ მოკლას დემოკრატია და ქართველი ხალხის მიერ სისხლით მოპოვებული თავისუფლება და თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევა აღმოჩნდეს ფუჭი",- ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები