"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას პატიმრობა შეეფარდა

სულ ნახვები : 142
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებული ნიკოლოზ წურწუმია სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პროკურატურა წურწუმიასთვის პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 30 ათას ლარიან გირაოს.

საქართველოს პროკურატურამ სს ,,საქართველოს ბანკი“-ს ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ნ. წ.-ს ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისში,  ნ.წ. -მ  ხმოვანი პისტოლეტით,  სს ,,საქართველოს ბანკი“-ს ერთ-ერთ ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაიგდო აღნიშნული სერვისცენტრის ოთხი თანამშრომელი, სერვისცენტრის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი და საოპერაციო დარბაზში მყოფი სერვისის მომხმარებელი.  ნ.წ.-მ იარაღის გამოყენების მუქარით, ბანკში მყოფ პირებს  შესასვლელი კარი ჩააკეტინა და მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდა.  შემდეგ კი იარაღის გამოყენების მუქარით, იძულებით ერთ-ერთ თანამშრომელს   შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ცხელ ხაზზე  დაარეკინა და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ  გარკვეული პირობები დააყენა. 

სამართალდამცველებმა ნ.წ. 16 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც  სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. 

საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება " ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა