ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონია

სულ ნახვები : 393
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლისაბონში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი, რომლის დასკვნით დღეს ხუთი მედლის მოპოვების შანსი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ოთხს დავჯერდით. ოქრო, ორი ვერცხლი და ბრინჯაო – ასეთია ჩვენი მონაგარი, რამაც საბოლოო ჯამში ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი მოგვიტანა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი შეხვდნენ. ტატამზე უკეთ ბექაური გამოიყურებოდა და ჯერ ვაზარიზე დააგდო თანაგუნდელი, ხოლო დროის ამოწურვამდე 50 წამით ადრე სუფთა გამარჯვება მოიპოვა. 20 წლის ბექაურისთვის ეს პირველი მედალია ევროპის ჩემპიონატზე და პირდაპირ ოქრო.

ფინალამდე ბექაურმა ფრანგი ალექს მატიე, ებრაელი ლი კოჩმანი, სერბი ნემანია მაიდოვი და თურქი მაიკლ ჟგანკი დაამარცხა, ხოლო ღვინიაშვილმა – ესტონელი კრისტოფერ კალიულაიდი, რუმინელი ალექს გრეტი, უნგრელი კრისტიან ტოტი და რუსი მიხაილ იგოლნიკოვი.

100 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც ოქროსთვის ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს დაეჭიდა. სამწუხაროდ, ჩვენებური დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ეს ლიპარტელიანის მე-10 მედალი არის ევროპირველობაზე.

ფინალამდე ლიპარტელიანმა თურქი მეტ სისლანმარი, პოლონელი კასპერ ჟუროვსკი, ფრანგი ალექსანდრ იდირი და რუსი ნიაზ ილიასოვი დაამარცხა.

ნიკიფოროვმა ნახევარფინალში ილია სულამანიძეც წაგვიქცია. თავად სულამანიძე ბრინჯაოსთვის ფრანგ ალექსანდრ იდირს დაეჭიდა და იქ დამატებით დროში დამარცხდა. მანამდე კი, ნიდერლანდელ მიხაელ კორელს, ხორვატ ზლატკო კუმრიჩსა და აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს მოუგო.

მძიმე წონაში ბრინჯაოსთვის იჭიდავა გურამ თუშიშვილმა, ვისი მეტოქეც ჰოლანდიელი როი მეიერი იყო. ჩვენებურმა უშანსოდ მოუგო. ნახევარფინალში თუშიშვილი რუს ინალ ტასოევთან დამარცხდა, მანამდე კი, თურქი ჯემალ ერდოღანი და ებრაელი ორი სასონი დაამარცხა.

ამავე წონაში ლევან მატიაშვილმა ბრინჯაოსთვის ჭიდაობის შანსი სწორედ მეიერთან დაკარგა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები