სიტუაციის გამწვავება ხომერიკის აქციაზე გამოჩენამ გამოიწვია – თსუ-ს სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს

სულ ნახვები : 131
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა 10 ივნისს უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მოძრაობა ბრძოლა განათლებისთვის ბოდიშს იხდის "პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის" და აღნიშნავს, რომ სიტუაციის გამწვავება ლექტორ რამაზ ხომერიკის აქციაზე გამოჩენამ გამოიწვია.

ამასთან მოძრაობა განცხადებაში წერს, რომ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები მედიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად  გააშუქა.

"სიტუაციის გამწვავება გამოიწვია რამაზ ხომერიკის აქციაზე გამოჩენამ, რომელიც აქტიურად იცავდა "რექტორის კაბინეტს", რაც მის კომპეტენციას საერთოდ არ წარმოადგენს. ჩვენი არაერთი თხოვნისა, მან არ დატოვა პოტენციური გამწვავების არეალი. მიუხედავად ამ გაურკვეველი ქმედებისა, რა თქმა უნდა, აზრის დაფიქსირება არ გამხდარა მისი მიუღებელი ფორმით განრიდების მიზეზი. ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა რომელიმე წარმომადგენლის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანება. ამასთანავე, ბატონი რამაზი საკუთარი პოსტის კომენტარში აღნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა მიზანმიმართული ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ არ გვსურდა მოვლენების ამგვარად განვითარება, შესაბამისად სტუდენტური მოძრაობა ბოდიშს იხდის პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის". – ნათქვამია განცხადებაში.

სტუდენტური მოძრაობა წერს, რომ აქციის დაწყებამდე უნივერსიტეტში გამოჩნდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ხოლო რექტორის კაბინეტთან გამოჩნდნენ შეიარაღებული საპოლიციო ეკიპაჟები.

"მიუხედავად 10 ივნისის გადაცდომისა, რომელიც ნებისმიერი მწვავე პროტესტისთვის დამახასიათებელია, აქციის არსისა და მიზნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არ არის მართებული. სტუდენტური მოძრაობა უკვე 2 თვეზე მეტია იკრიბება 4 მოთხოვნით, რომელთაგანაც რატომღაც მხოლოდ გამოცდების ფორმატზე ხდება აპელირება მედიის მხრიდან. მოთხოვნები კი შემდეგი სახისაა:

საერთო საცხოვრებლის მშენებლობა!

ფინანსური გამჭვირვალობა!

მიმდინარე სემესტრის ფინალურ გამოცდათა ფორმატის ცვლილება!

რექტორის გადადგომა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება!

მიუხედავად ჩვენს მოთხოვნათა ლეგიტიმურობისა, უნივერსიტეტი არ ასრულებს სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და პროვოკაციის გზით ცდილობს სტუდენტთა რეალური პრობლემების გადაფარვას!" – ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები