აინარს ბაგაცკისს საქართველოსთან სათამაშოდ გეგმა შემუშავებული აქვს

სულ ნახვები : 30
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 1 ივლისს, უკრაინას რიგაში ეთამაშება.

ქალაქში, რომელიც მათი მთავარი მწვრთნელისთვის, აინარს ბაგაცკისთვის მშობლიურია. ცხადია, ამ კუთხით უკრაინელებს „საკუთარი კედლების“ მოპოვება სურდათ. გუნდი უკვე ორი კვირაა ჩვენებთან სათამაშოდ ემზადება და როგორც ბაგაცკისი ამბობს, საქართველოსთან სათამაშოდ გარკვეული გეგმაც აქვს შემუშავებული.

„იტალიაში ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. თუმცა, ძალიან არ გადავტვირთულვართ. პირველ რიგში საკუთარ თამაშზე ვფიქრობთ, მაგრამ ვაკვირდებით, როგორ ემზადებიან ქართველებიც.

ჩვენს განკარგულებაში 14 კალათბურთელია. მთავარია, ვინ შეძლებს ლიდერობის საკუთარ თავზე აღებას. თუ მაღალ დონეზე ორმა კალათბურთელმა ითამაშა, წარმატებას ვერ მივაღწევთ.

თბილისში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ფარქვეშ სიმაღლე ძალიან დაგვაკლდა. შენგელიას და შერმადინის შესაძლებლობები ყველამ იცის და ამ მხრივ ვერაფერს დავამატებ. თუ მათ ბითაძეც დაემატათ, სამწამიან ზონაში ძალიან სერიოზულ ძალა ეყოლებათ. სამივე მათგანი ტექნიკურია, საშუალო და შორი დისტანციიდან სროლაც ეხერხებათ. ცხადია, ამ მხრივ გარკვეული ჩანაფიქრები გვაქვს და ვარჯიშებზე ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ფორმაში ჩავა თად მაკფადენი, რომელმაც თბილისური მატჩის პირველ ტაიმში უბრალოდ გაგვანადგურა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა ქართველებს დუდა სანაძეც ეყოლებათ, რომელიც ძალიან გამოცდილი კალათბურთელია.

ამ საქართველოს ნაკრებს ძალიან სერიოზული მიზნები აქვს. ჩვენთან პირველი მატჩისთვის ჩამოიყვანეს შენგელია, მერე კი, ესპანელებთან თამაში „დათმეს“, რადგან აქცენტი უკრაინასთან მატჩზე ჰქონდათ გაკეთებული. მომდევნო ფანჯრის დროს ჩრდილოეთ მაკედონიელებს შესუსტებული შემადგენლობითაც „გადაურბინეს“.

უნდა ვეცადოთ, რომ ქართველი კალათბურთელები მზად კონკრეტული სათამაშო სტილისთვის არ აღმოჩნდნენ. თავს სწრაფი კალათბურთის დროს, როდესაც მატჩის ინტენსიურობა და დინამიკა მაღალია, კომფორტულად ვერ გრძნობენ. სამაგიეროდ, პოზიციური კალათბურთი კარგად აქვთ ათვისებული და ტემპის დაგდებას ცდილობენ. ჩვენი ამოცანა სწორედ თამაშის აჩქარებაა. ამ დროს შეცდომების მატების საფრთხეც არსებობს, მაგრამ სხვა გაზს ვერ ვხედავ. თუკი საქართველოს ნაკრების დამარცხება გვსურს, პირველივე წუთებიდან სწრაფად და აგრესიულად უნდა ვითამაშოთ“, – ამბობს ბაგაცკისი.

G ჯგუფს ოთხიდან 3 მოგებით საქართველო ლიდერობს, რომელიც ესპანეთთან (სამიდან 3 მოგება) შემდეგ ეტაპზე გასული. მესამე საგზურისთვის კი, უკრაინა (1 მოგება, 2 წაგება) და ჩრდილოეთ მაკედონია (4 მარცხი) იბრძვიან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები