„ბასილაშვილის მხარე ცდილობს ირაკლი კაჭარავას დისკრედიტაციას“

სულ ნახვები : 450
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ 29 ივნისს, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე დავა დაასრულა. ბასილაშვილს ყოფილი ინვესტორი ირაკლი კაჭარავა რამდენიმე მილიონ ლარს ედავებოდა. სასამართლომ ქართველი ჩოგბურთელი გაამართლა.

CNews-სთან საუბრისას ირაკლი კაჭარავას ადვოკატი მარიკა არევაძე აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ ეფუძნება ობიექტურ რეალობას. ასევე, ადვოკატის თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ბასილაშვილის მხარის მხრიდან ირაკლი კაჭარავას მისამართით მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ჰქონდა ადგილი.

CNews ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა:

_ ქალბატონო მარიკა, რა სახის მტკიცებულებები გქონდათ წარდგენილი იმის დასამტკიცებლად, რომ ირაკლი კაჭარავა ნიკოლოზ ბასილაშვილის სასარგებლოდ იხდიდა სოლიდურ თანხებს?

_ სასამართლოში ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა იყო, გამომუშავებული თანხის პროცენტული ნაწილის გადახდა ირაკლი კაჭარავასთვის, რაც კონტაქტით იყო გათვალისწინებული, ასევე მეორე მოთხოვნა ეხება ირაკლი კაჭარავას მიერ გადახდილი თანხების უკან დაბრუნების ვალდებულებას. გარდა ამისა, იყო ორი მოთხოვნა, რომელიც მიუღებელი შემოსავლიდან გამოწვეულ ზიანს ეხებოდა. ჩვენ სასამართლოში გვქონდა არაერთი პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც უტყუარად ადასტურებდა, რომ ირაკლი კაჭარავას მიერ თანხა გადახდილი იქნა ნიკოლოზ ბასილაშვილის სასარგებლოდ. რამდენიმე მტკიცებულება გვაქვს წარდგენილი, ერთ-ერთი არის საბანკო ამონაწერები, რომლითაც დგინდება, რომ ირაკლი კაჭარავას საბანკო ანგარიშიდან გადახდილია თანხები ნიკოლოზ ბასილაშვილის სასარგებლოდ. მაგალითად ნიუ-იორკში, ერთ-ერთ ტურნირზე მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილს, არამედ მისი გუნდის შემადგენლობისთვის სასტუმროს მთლიანი ხარჯი ირაკლი კაჭარავას მიერ არის გადახდილი. სასტუმროდან წარდგენილი გვაქვს დოკუმენტი, რომ ეს თანხა ნამდვილად იმ ნომრისთვის არის გადახდილი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი იყო განთავსებული. გარდა ამისა, ირაკლი კაჭარავამ ნიკოლოზ ბასილაშვილს დაუქირავა საერთაშორისო დონის მწვრთნელი გაბრიელ მარკუსი, რომელსაც ყოველთვიურად უხდიდა საკმაოდ სოლიდურ თანხას. ამის დამადასტურებლად გაბრიელ მარკუსისა და ირაკლი კაჭარავას მეილ მიმოწერები გვაქვს წარმოდგენილი, სადაც საუბრობს გადახდილ და გადასახდელ თანხებზე. ამის საპირწონედ მეორე მხარემ არაფერი წარმოადგინა.

_ხელშეკრულება მხარეებს შორის მატერიალური სახით არსებობს?

_ არსებობს უბრალოდ მატერიალური სახით სასამართლოში არ გვაქვს წარდგენილი,  იმიტომ, რომ ირაკლი კაჭარავას რუსეთში ჰქონდა ეს კონტრაქტი და დღეს ისეთი მოცემულობაა, რომ არ აქვს წვდომა იქაურ დოკუმენტაციაზე. ეს ინფორმაცია სასამართლოშიც გვქონდა წარდგენილი და მიზეზი გავმართეთ. მათ, რომ დაინახეს მატერიალური ფორმით არ გვქონდა კონტრაქტი წარდგენილი, ააგეს სტრატეგია, რომ  თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი არ იცნობდა ირაკლი კაჭარავას. მათ ააგეს მითი, რომ ირაკლი კაჭარავა იყო მხოლოდ ფანი, რომელიც საკუთარი ნებით იხდიდა თანხას. ერთია ის, რომ შეიძლება ხელშეკრულების ასლი არ იდოს საქმეში, მაგრამ მეორეა პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც ინვესტირების და სარგებლის მიღების ფაქტს ადასტურებს, რაც იყო საბანკო ამონაწერები, გაბრიელ მარკუსთან მიმოწერები. ასევე, ირაკლი კაჭარავასა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას შორის არსებული მესენჯერ მიმოწერა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა, ნოდარ ბასილაშვილი პირდაპირ აღიარებს, რომ 100 ათასი დოლარი გადახდილი აქვს ირაკლი კაჭარავას ნიკოლოზ ბასილაშვილის სასარგებლოდ. დანარჩენ თანხებზე კი ეუბნება ირაკლის, რომ ჩეკები წარმოადგინეო. გარდა ამისა, მორიგების მცდელობის მიზნით იყო შეხვედრა, სადაც აღიარებს ნოდარ ბასილაშვილი, რომ კონტრაქტი არსებობდა და თანხები იყო გადახდილი, ეს ჩანაწერიც არსებობს აუდიო ფორმით. საკმარისი მტკიცებულებები იყო, რომ სარჩელი დაკმაყოფილებულიყო, ან უკიდურეს შემთხვევაში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ნაწილში მაინც მომხდარიყო დაკმაყოფილება. რაც შეეხება სამართლებრივ მოცემულობას ყველა ეტაპი გავიარეთ ძალიან კარგად, ყველა ეტაპზე სამართლებრივი კუთხით ვჯობნიდით მოპასუხე მხარეს. 

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ყველა ეტაპზე აჯობეთ მოპასუხე მხარეს, თქვენი შეფასებით რატომ არ გაითვალისწინა ეს მოცემულობა მოსამართლემ?

_ მოსამართლემ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპამდე მოსამზადებელ სხდომაზე დაადასტურა ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მან საკუთარი პოზიცია ფაქტობრივად ცხადი გახადა, პირველივე მოსამზადებელ სხდომაზე. მაგალითად, წარვუდგინეთ მტკიცებულება მესენჯერ მიმოწერა და აუდიო ჩანაწერი, სადაც ნოდარ ბასილაშვილი აღიარებს ვალდებულებისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას. ამის პარალელურად დავაყენეთ შუამდგომლობა ნოდარ ბასილაშვილი მოწმედ ყოფილიყო გამოკითხული, რაზეც მოსამართლემ პირდაპირ გვითხრა არ ვაკმაყოფილებთო. მოსამართლემ პირდაპირ უარი გვითხრა მოწმედ მოგვეწვია მეორე მხარის ოჯახის წევრი, ადამიანი, რომელიც ფიზიკურად ვერ იქნებოდა ჩვენ მხარეს. ფაქტია, რომ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება სამართლებრივ რეალობას, მოცემულობასა და მტკიცებულებებს, რომელიც იყო საქმეში წარდგენილი. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის ობიექტური.

_ გეგმავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას?

_ ეს გადაწყვეტილება და ყველა განჩინება, რომელიც სასამართლომ მიიღო მთელი ამ პროცესის განმავლობაში იქნება გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოში. აუცილებლად გაგრძელდება ბრძოლა იმისათვის, რომ სამართლიანი შედეგი დადგეს. მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ბასილაშვილის მხარე ავრცელებს არასწორ ინფორმაციას. მათი მხრიდან არის გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავებოდნენ ძმები კაჭარავები, მოსარჩელე მხოლოდ ირაკლი კაჭარავა იყო და არ იყვნენ ძმები კაჭარავები. გარდა ამისა, ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ თითქოს მას ედავებოდნენ ორ კომპონენტში თანხის უკან დაბრუნებასა და გაყიდულ თამაშებში, სარჩელში არის მოთხოვნა მხოლოდ თანხის დაბრუნებაზე. გაყიდულ თამაშებს ირაკლი კაჭარავა ამ დავის ფარგლებში და ზოგადად არ ედავებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილს. გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებით, ინგლისში მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიების ფარგლებში ირაკლი კაჭარავა მოწმის სახით იყო გამოკითხული, თუმცა ეს ამ დავასთან არავითარ კავშირში არ არის.

ბასილაშვილის მხარე ამ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს იმისათვის, რომ საზოგადოებაში მოხდეს ირაკლი კაჭარავას დისკრედიტაცია. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ამას ვიგერიებთ ჩვენ, ცდილობენ შექმნან ისეთი რეალობა, რომ თითქოს ირაკლი კაჭარავა არის თაღლითი, რომელიც თანხებს არასწორად ედავება, მისი გულშემატკივრების არმიაც ამას ცდილობს. ეს გულშემატკივრები სწორედ იმიტომ ჰყავს, რომ ირაკლი კაჭარავამ თავის დროზე ფინანსირება განახორციელა მასში და მისი კარიერა წარმატებულად განვითარდა. რომ არა ირაკლი კაჭარავა დიდი ალბათობით, ასე ვერ განვითარდებოდა, ან სხვა ინვესტორი დასჭირდებოდა.

ნენე ინჯგია, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები