„აღარ დამირეკოთ“ - ოკუპანტ რუსეთში მეგი გოგიტიძის კონცერტი გაიმართება

სულ ნახვები : 3,363
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ცნობილი ქართველი მომღერალი მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში სოლო კონცერტს გამართავს, ამის შესახებ მომღერალი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

„მოგესალმებით, 6 აგვისტოს მე მექნება სოლო კონცერტი მოსკოვში, კლუბ ,,ფანტომასის“ სახურავზე, ბილეთები იხილეთ ჩემს გვერდზე, მე თქვენ დაგელოდებით“, - აცხადებს გოგიტიძე.  

გოგიტიძის ვიდეომიმართვას უარყოფითი გამომაურება მოჰყვა, მისი ქართველი მსმენელის და გამომწერების მხრიდან, რომელთა კომენტარებსაც მომღერალი ცინიკურად პასუხობს.

CNews-ი მომღერალს დაუკავშირდა, თუმცა ჩვენმა კითხვებმა ის გააღიზიანა.

_ მეგი, როგორც უკვე ცნობილია თქვენ ჩადიხართ მოსკოვში და კონცერტს მართავთ. იმ რეალობაში, როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებულია და ოკუპანტმა ქვეყანამ შეიწირა ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე, კლავენ ბავშვებს, და უკვე რამდენიმე თვეა რაც უკრაინა იბომბება, ამ ყველაფრის ფონზე, უხერხულობას არ გრძნობთ როდესაც ჩადიხართ მოსკოვში და მღერით?

_ ეს პირველი კონცერტი არ არის. 2022 წელს ჩემი უკვე მეორე კონცერტია. დიახ, ჩავდივარ, ვმღერი იქ, იმ სცენაზე, და თქვენ იცით იმ ხალხს რას ვეუბნები? სანამ დამირეკავდი მანამდე ამაში გარკვეული ხარ? გაქვს ინფორმაცია ამის შესახებ? მე რომ ჩავდივარ იქ და ვმღერი რას ვეუბნები ამ ხალხს და რა რისკის ქვეშ ვდგავარ, ამის შესახებ ინფორმაცია გაგაჩნიათ?

_ გინდათ თქვათ რომ თქვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა როგორც მოქალაქისთვის და შემდეგ უკვე მომღერლისთვის მოსკოვში ჩასვლა და სიმღერა?

_ თქვენს მოსაზრებებს და განწყობებს ნუ შეურევთ, ჩემს პასუხში. თქვენ ჟურნალისტი ხართ.

_ ჟურნალისტი რომ ვარ იმიტომ გისვამთ შეკითხვას, გაქვთ თუ არა უხერხულობის შეგრძნება როდესაც მღერით ოკუპანტ ქვეყანაში?

_ იცით რას ვმღერი იქ და რას ვეუბნები ამ ხალს? ომში წასვლის ტოლფასს ვაკეთებ და ჩემს ზოგადად არსებობას ვდებ რისკის ქვეშ, აი თუ არ იცით რას ვაკეთებ მე იქ, მაშინ ამაზე ლაპარაკი არ გინდათ. იმას რასაც მე იქ ვაკეთებ, ვერცერთი ქართველი აქ მყოფი, ყვირილით ვერ გააკეთებს.

_ ფაქტი არის ერთი - მღერით ოკუპანტ ქვეყანაში და რას მღერით წესით აღარ აქვს მნიშვნელობა.

_ ნახვამდის და აღარ დამირეკოთ მეორედ...

ცნობისთვის: მომღერლის მიერ ოკუპანტ ქვეყანაში დაანონსებული სოლო კონცერტი დისკომფორტის შემქმნელი არ აღმოჩნდა რატომღაც ბათუმში არსებულ კლუბისთვის „Sector 26“, სადაც 24 ივლისს დაგეგმილია მეგი გოგიტიძის კონცერტი და ამ დრომდე არეკლამებენ მომღერლის კონცერტს.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები