შვიდკაცა ნაკრებს ჩილეში მხოლოდ გამარჯვება აწყობს

სულ ნახვები : 65
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრები 12-14 აგვისტოს მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ჩილე უმასპინძლებს.

მსოფლიო სერიის საგზურისთვის მსოფლიოს ექვსივე რეგიონის 12 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც სამ ოთხგუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის. ჩილეში ყველა ადგილი გათამაშდება, მაგრამ სანუკვარ საგზურს მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს.

საქართველო A ჯგუფში ჩილეს, სამხრეთ კორეისა და პაპუა ახალი გვინეას ნაკრებებთან მოხვდა; B ჯგუფში ჰონკონგი, ტონგა, იამაიკა და ზიმბაბვე ითამაშებენ; C ჯგუფში – ურუგვაი, უგანდა, გერმანია და ლიეტუვა.

ჩვენი შვიდკაცა სამხრეთ ამერიკაში უკვე გაემგზავრა. სამწვრთნელო შტაბმა 13 მორაგბე იახლა. წინა ტურნირებისგან განსხვავებით გუნდში ორი ახალი სახეა, ორივე შავი ლომიდან – მირიან მოდებაძე და ლაშა ლომიძე.

„ჩილეში გამგზავრებამდე შეკრება ქუთაისში გავიარეთ. 5 სრულყოფილი სავარჯიშო დღე გვქონდა და ყველამ ძალიან დიდი მონდომებით ივარჯიშა. იყო ინტენსიური ვარჯიშები ბურთით, რაც ფიზიკურთან ერთად, ტექნიკური არსენალის დახვეწაშიც დაგვეხმარა. ნაკრებისა და შავი ლომის ბიჭების დამატებით, ვარჯიშების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ბევრი დეტალი გამოვასწორეთ, რაც ჩილეში წარმატების იმედს გვაძლევს. მსოფლიო სერიაზე მოხვედრა ჩვენი ოცნებაა და თუ ეს მოვახერხეთ, ფაქტობრივად, ყოველ თვე მსოფლიოს ჩემპიონატს ვითამაშებთ, რაც ქართულ რაგბის და შვიდკაცას ნაკრებს მნიშვნელოვნად გაზრდის. თავდაჯერებულები ვართ, მაგრამ ერთადერთ პრობლემას აღდგენა გვიქმნის. გზაში 2 დღის გატარება გვიწევს და აღსადგენად 2 დღე გვრჩება. იმედია ადაპტაციას კარგად გავივლით“, – განაცხადა შვიდკაცას მწვრთნელმა გია ლაბაძემ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

იოსებ გუშარაშვილი, მირიან მოდებაძე, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი კოშაძე, ნიკოლოზ გიგაური, გიორგი გელაშვილი, ირაკლი სიმსივე, გიორგი ბაბუნაშვილი, თემურ კოხოძე, ლაშა ლომიძე, თემო ჭიჭინაძე, ლევან ნარიმანიძე, გიორგი ჭუაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები