საკითხს სერიოზულად გავითვალისწინებთ - რუსეთი ნატოს წვრთნაში საქართველოს ჩართულობას ეხმაურება

სულ ნახვები : 5,403
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მოსკოვმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ორკვირიანი მრავალეროვნული წვრთნების Noble Partner 2022 ფარგლებში, ბლოკის მძიმე სამხედრო ტექნიკის გადატანა ევროპიდან საქართველოში, ამჯერად სახმელეთო გზით თურქეთის გავლით  მოხდა “, - ამის შესახებ  რუსულ პროპაგანდისტულ მედია  „რია ნოვოსტს"  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განუცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი ხედავს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმდინარე კურსს და მის თანმხლებ აქტივობას.

„მათ შორის, ქვეყნის თანამედროვე ტიპის იარაღით გადატუმბვითა და რეგულარული სამხედრო წვრთნების ჩატარებით შეერთებული შტატებისა და ალიანსის ქვეყნების მონაწილეობით მის ტერიტორიაზე“.

გონჩარი აცხადებს, რომ ეს  არა მხოლოდ გამოწვევა რუსეთის ინტერესებისა და მისი  მოკავშირეებისთვის რეგიონში, ‘’არამედ სერიოზული საფრთხეა სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მთლიანად სამხრეთ კავკასიაში’’.

 „საქართველოს „არსებითი დახმარების “ მხარდამჭერებმა უნდა იცოდნენ თავიანთი პასუხისმგებლობის ზომა და გააცნობიერონ, რომ ჩვენ გავითვალისწინებთ თბილისისა და ნატოს შორის თანამშრომლობის განვითარების ფუნდამენტურ მომენტებს ყველაზე სერიოზულად“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, სწავლება Noble Partner საქართველოში მეექვსედ გაიმართა. წვრთნების მიზანი იყო საქართველოს, აშშ-ს, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.

წვრთნების ისტორიაში წელს პირველად მონაწილეობა მიიღეს იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა.

მრავალეროვნულ წვრთნებში 2400-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. წლევანდელ მრავალეროვნულ წვრთნებში მონაწილეობდნენ: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა,  უკრაინა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები