გიორგი ხოჯევანიშვილი: ავამოქმედოთ პუნქტი, რომელიც ქართველ სპორტსმენებს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგიონერად არ ჩათვლის

სულ ნახვები : 20
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართველ ფეხბურთელებს ევროპაში ინტეგრაცია უჭირთ. ამის მიზეზი ევროკავშირში ქართველი ფეხბურთელების სტატუსია, რომელიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებზე დაწესებული კვოტებით განისაზღვრება.

ერთადერთი ევროკავშირის ქვეყანა, სადაც ჩვენები ლეგიონერებად არ ითვლებიან, უნგრეთია. ჯერ კიდევ 2009 წელს, საფეხბურთო აგენტმა ლაშა ოდილაძემ ლოზანის სპორტულ სასამართლოში უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციას დავა მოუგო. გადაწყვეტილების საფუძველი კი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება გახდა, სადაც წერია, რომ ქართველებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე უფრო დაბალი სტატუსის მქონე ქვეყნის წარმომადგენლებს.

თუმცა, მხოლოდ უნგრეთში...

ამ ფაქტთან დაკავშირებით საინტერესო წინადადებით გამოვიდა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრი, პარლამენტარი გიორგი ხოჯევანიშვილი.

„საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება სპორტს, უფრო კონკრეტულად – ქართულ ფეხბურთს.

ბოლო დროს ყველა აღტაცებაში მოვედით ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებით. თანამედროვე ქართულ სპორტში, ეს მართლაც საოცრად დიდი მოვლენა იყო, რაც თითოეულ იმ ადამიანს ახარებს, ვისაც კი სხვისი წარმატებით გახარების უნარი აქვს. მათაც კი, ვინც ფეხბურთში კარგად ვერ ერკვევა.

მაგრამ გულდაწყვეტით მინდა აღვნიშნო, რომ, რასაც ხვიჩამ მიაღწია, ამის საშუალება ბევრ სხვა ახალგაზრდას არ ეძლევა. იმიტომ, რომ წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებზე დაწესებულია შესაბამისი კვოტები, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაბამის საფეხბურთო ჩემპიონატში თამაშისგან უზღუდავს. ეს კი სხვა კონტინენტის ფეხბურთელებთან შედარებით არათანაბარ პირობებში გვაყენებს. მათ შორის, იგულისხმება აზიის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნები იგულისხმება.

ამ შემთხვევაში, ჩვენი ინტერესის საგანია პროფესიონალი სპორტსმენებისა და, კონკრეტულად, ფეხბურთელების უფრო დიდი რაოდენობით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინტეგრაცია, რაც გამოწვეულია ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებით, როგორებიცაა, ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესაძლებლობების გამოყენება.

ამ საშუალებას იყენებენ სხვა არაწევრი ქვეყნები – ბოსნია, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, ჩერნოგორია... მათი წარმომადგენლები უპრობლემოდ თამაშობენ ევროკავშირის ზონის ქვეყნებში, მათ შორის, ტოპლიგების ქვეყნების ლიგებში – იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში და ასე შემდეგ.

ასევე გასათვალისწინებელია დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტი. კონკრეტულად ავხსნი: საქართველოს გაცხადებული კურსის გათვალისწინებით, ევროპაში მეტი სპორტსმენის და ფეხბურთელის ინტეგრაცია არის შესაძლებელი, ვიდრე – რუსეთში. გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებისა, რუსეთი სპორტშიც თამაშგარეთ აღმოჩნდა. რუსული კლუბები ჩახსნილები არიან საერთაშორისო ტურნირებიდან...

ევროკავშირში არსებული შეზღუდვებისა და სხვა ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ქართველი ფეხბურთელები ხშირად რუსეთში თამაშს არჩევდნენ და არჩევენ. ეს პირდაპირ მოქმედებდა მათ ხარისხსა და განვითარების დონეზე.

რუსეთის ჩემპიონატში წლებით თამაშის შემდეგ მათ დიდი უმრავლესობას უჭირდა ევროპულ ფეხბურთში დამკვიდრება. სამწუხაროდ, რუსეთში წასული ბევრი ფეხბურთელი გვახსოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის დათმობამაც კი მოუწია იმ მიზეზით, რომ ლეგიონერის სტატუსს არიდებოდა.

ფინანსური და სოციალური სარგებელი არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი. უფრო მეტი პროფესიონალი კადრი გვეყოლება ევროპულ ბაზარზე და ლოკალურ დონეზეც უფრო მეტი სარგებელი იქნება. ეს, თავის მხრივ, გაზრდის სატრანსფერო, მარკეტინგულ და სარეკლამო შემოსავლებს. მეორე მხრივ, გვეყოლება თვითკმარ დაფინანსებაზე მყოფ, დამოუკიდებელ კლუბებს საქართველოს ჩემპიონატში.

ასე რომ, მინდა შევახსენო შესაბამის უწყებებს და თანამდებობის პირებს, რომ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება, სხვა მიმართულებებებთან ერთად, იძლევა სპორტის სექტორში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას, რაც უკავშირდება საქართველოდან ევროკავშირის ზონაში მობილობის გაზრდას.

სამწუხაროდ, დღემდე ამ საკითხისთვის ვერავინ მოიცალა და იმედია, ამ განცხადების შემდეგ მაინც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და მეც მზად ვარ, ამ პროცესებში პოზიტიური როლი შევასრულო“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები