სროლა რესტორანში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობით - ექსკლუზიური კადრები
...
რამდენიმე დღის წინ, სტამბოლში, სარიიერში, სავაჭრო ცენტრის "Vadi Istanbul" - ის რესტორანში ორ ჯგუფს შორის დაწყებული კამათი ორმხრივი სროლით დასრულდა. თურქული მედიის ცნობით, შეიარაღებულ კონფლიქტში, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიჭრა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. როგორც წერენ, კაფეში მსხდომ უცხოელებს 10 - კაციანი შეიარაღებული ჯგუფი მიუახლოვდა და მათ შორის დაწყებულ კამათს ორმხრივი სროლა მოჰყვა. სროლის შედეგად 8 ტყვიით მძიმედ დაიჭრა აზერბაიჯანის მოქალაქე რაკიფ ალიევი და 3 ტყვიით - მეხრაჯ კარიმოვი. დაჭრილთა შორისაა ირანის მოქალაქე საით ალირეზა და ადგილობრივი კულამ იბრაგიმოვი, რომელსაც შემთხვევის ადგილიდან გაქცევის დროს ფეხში მოხვდა ტყვია. დაჭრილები მიმდებარე კლინიკაში გადაიყვანეს და იქ აგრძელებენ მკურნალობას. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა დღემდე მძიმეა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციიით, ტყვიები რესტორნის სხვადასხვა მხარეს ცვიოდა, რასაც იქ მყოფი მოქალაქეების პანიკა მოჰყვა. სტამბოლის პოლიცია აგრძელებს სამუშაოებს ინციდენტის მონაწილეების დასაკავებლად. კონფლიქტის მოტივი სამართალდამცველებისთვის ამ ეტაპზე უცნობია. სუფრაზე მსხდომთა შორის ორი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი - ვატო ყიფიანი და ნოდარ დობორჯგინიძე ("დობო") ამოიცნეს. ერთ-ერთი ვერსიით, თურქეთში მომხდარი კონფლიქტი ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის გასულ წელს თბილისში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.