დაუგეგმავი საქართველო, სადაც ყველაფერი არასწორად კეთდება

სულ ნახვები : 24
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სექტემბერში ჯერ ევრობასკეტის მასპინძლები ვიყავით, დღეს კი, UEFA-ს ერთა ლიგაზე საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებს მასპინძლობს.

ერთ თვეში მოვახერხეთ და უკვე მეორე ქვეყანა ქართულ მასპინძლობაზე კრიტიკულად არის განწყობილი. მასპინძლობაში ხინკალი, ხაჭაპური და ჭაჭა არ იგულისხმება – საორგანიზაციო საკითხებზეა საუბარი.

გეხსომებათ, ევრობასკეტზე თურქები გაგვინაწყენდნენ (ესპანელებიც), ახლა ჩრდილოეთ მაკედონიის ჯერ დადგა და იქაურმა ჟურნალისტმა ჩვენი ქვეყანა სოფლადაც კი „მონათლა“.

„რეალურად, რა ხდება ავტობუსებთან დაკავშირებით თბილისში? უფრო ზუსტად - საქართველოში? როგორ შეიძლება, გუნდმა ვარჯიშზე 45 წუთი დააგვიანოს? მართლაც გაუგებარია! ნუთუ არ არსებობს პოლიციის ესკორტი? თბილისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ეს „სოფლის კოოპერატივს“ ემსგავსება“, – წერს ოგნიენ დოიჩინოვსკი.

სხვათა შორის, მაკედონიელებმა 10 ივნისს, თბილისში, საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა მატჩის წინა დღეს მოხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაც გაიხსენეს, როდესაც სტუმრები თბილისის აეროპორტიდან ორი ავტობუსით სასტუმროში მიდიოდნენ. ავტობუსს გზად ავარია მოუვიდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ხოლო ტოდორ ნედელევი დღემდე ფეხბურთს ვერ თამაშობს.

როდესაც ქალაქის ცენტრალური ქუჩები ვითომ რეაბილიტაციას განიცდის და კეთდება, სხვა ქუჩებზე მოჭარბებული ავტომანქანებით საცობები იქმნება. ეს გასაგებია, მაგრამ, როდესაც ხარ ქალაქის მერი, პარალელურად ყოფილი სპორტსმენი (წარმატებული) და იცი სპორტული სამყარო, ქალაქის რეაბილიტაცია ისე უნდა დაგეგმო, რომ ევროპული მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს – ევროპის ჩემპიონატს, მინიმუმ არ უნდა დაამთხვიო.

თუმცა, სამთავრობო ხელმძღვანელებს ერთმანეთში არ აქვთ კომუნიკაცია, ურთიერთობა, შეთანხმებული ქმედებები. არ იციან სად, რა, როდის და როგორ ტარდება. ყველაფერი კონკრეტული პიროვნებების ნებაზეა მიშვებული, რომელიც ჯაჭვურად გადადის უფრო ნაკლები პასუხიმსგებლობების პირებზე და თანამდებობებზე.

მარტივი მაგალითი: ევრობასკეტი თბილისში რომ ტარდებოდა, 5 წელია ვიცოდით და მელიქიშვილის გამზირის, ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური არტერიის გადაკეტვა, სწორედ მაშინ მოგვინდა, როდესაც ევროპის ჩემპიონატი იწყებოდა და 5 ქვეყნის (ესპანეთი, ბელგია, თურქეთი, ჩერნოგორია, ბულგარეთი) გულშემატკივრები იყვნენ ჩამოსასვლელნი.

თუმცა, ევრობასკეტზე პრობლემა მარტო მელიქიშვილის გამზირი არ იყო – აეროპორტიდან ქალაქამდე მისასვლელი გზაც გადათხრილია. მართალია, აეროპორტიდან ქალაქში მისვლა ქეთევან წამებულის ქუჩის ავლითაც შეიძლება, მაგრამ რომ შეიძლება, სწორედ ეს ქმნის საცობებს სხვა ქუჩებში.

ახლა იგივე დაემართა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებსაც – მეტოქემ ვარჯიშზე დააგვიანა. უფრო სწორად – დავაგვიანეთ.

რამე შეიძლება სწორად დავგეგმოთ?

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები