გურამ მაჭარაშვილი - არ გვინდა ისეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ, რომ რუსეთს ჰქონდეს აქ შემოსვლის საბაბი ამიტომაც, გვინდა ჩვენი მოძრაობა პროქართული იყოს

სულ ნახვები : 2,049
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნებიდან“ „სიმართლის სათქმელად“ წასულ დეპუტატებს, გასულ კვირას, კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა. „ხალხის ძალა“ ფართოვდება და პარლამენტში სიდიდით მესამე ხდება.

 გეგმავენ თუ არა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას, პროდასავლური თუ პრორუსული როგორია მოძრაობის პოლიტიკური ორიენტაცია და რას გეგმავენ სამომავლოდ:

 

CNews „ხალხის ძალის“ წევრ, დამოუკიდებელ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს ესაუბრა:

 ბატონო გურამ, ემზადებით თუ არა იმისათვის, რომ  „ხალხის ძალა“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა?

ჩვენ პრინციპში არასდროს დაგვიმალავს ის, რომ შეიძლება „ხალხის ძალა“ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს, თუმცა არ დაგვიანონსებია, იმიტომ, რომ ამის გადაწყვეტილება ჯერ არ გვქონდა მიღებული. ისიც ვთქვით თუ რა შემთხვევაში და როგორ შეიძლებოდა მიგვეღო გადაწყვეტილება პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნასთან დაკავშირებით. ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არის გამორიცხული ამ საზოგადოებრივი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გადაკეთება. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი „ქართული ოცნებიდან“ გამოსვლა და ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბება განაპირობა არსებულმა პოლიტიკურმა რეალობამ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ის, რომ საზოგადოება აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ასეთი გამოწვევების დროს პოლიტიკურ პროცესებში, რომ საზოგადობის, ხალხის ძალა იყო დანახული, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჩვენი ნაბიჯით, როდესაც საზოგადოება დაინახა, რომ ის მონაწილეობს და არ არის გვერდზე გაწეული ამ გადაწყვეტილებების მიღებაში, სწორედ ამან გამოიწვია ჩვენი უპირობო და მასშტაბური მხარდაჭერა საზოგადოებაში, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ შეიძლება პოლიტიკურ პარტიადაც გადაკეთდეს.

დღევანდელი მოცემულობით თუ განიხილავთ ამ საკითხს?

ახლა ყველაზე დიდი კონსულტაციები ჩვენ საზოგადოებაში გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ „ხალხის ძალაში“ შემოერთების მსურველთა რიცხვი ძალიან მაღალია და ამ ტექნიკურ საკითხებს განვიხილავთ, რა პროცესები უნდა იყოს, მაგრამ რომ გითხრათ რომ ტექნიკურ დეტალებზე მსჯელობა, როდის და როგორ უნდა გადავკეთდეთ პოლიტიკურ პარტიად ამ შემთხვევაში არ მიმდინარეობს. ჩვენმა მოძრაობამ თავის მიზანს მიაღწია უკვე პირველ ეტაპზე. ელჩი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პიროვნება სხვანაირად სცემს პასუხს, იმიტომ, რომ მიხვდნენ იმას, რომ საზოგადოებაში ძალიან მაღალი რეიტინგი გვაქვს, სწორედ ამ პოლიტიკის გამო, რომ ხალხმა იგრძნო მისი როლი ამ პროცესებში. ისიც ვიცით, რომ პოლიტიკურ პარტიას უფრო მეტი ბერკეტები აქვს, გარდა ამისა, იცით, რომ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები რიცხოვნობის მიხედვით უკვე მესამენი ვართ. თუ ვიგრძენით, რომ საჭიროა პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება ამასაც არ დაგიმალავთ და გეტყვით.

თქვენ ახსენეთ ელჩი, როგორც კი „ხალხის ძალა“ გამოჩნდა ასპარეზზე საკმაოდ ხმაურიანი და მწვავე განცხადებები გააკეთეთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მისამართით, რამაც საზოგადოებაში გამოიწვია პოზიცია, რომ თქვენი ძალა არის ანტიამერიკული, - იღებთ ამ შეფასებას?

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმოდა ის სიმძიმე, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთი ნაბიჯის გადადგამას, სახელისუფლებო პარტიიდან წამოსვლას და ღია, პირდაპირი, საჯარო შეკითხვებით მიმართვას, მათ შორის აშშ-ის ელჩთან და ნებისმიერ პიროვნებასთან. რა თქმა უნდა, ეს გაანალიზებული გვქონდა, თუმცა გვქონდა იმედი, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებდა, სიმართლე გითხრათ, მხარდაჭერის ასეთ მასშტაბებს არ მოველოდი. როგორც ჩანს, ჩვენ ეს ზომიერი პოლიტიკა მოჭარბებულად გვქონდა, მათ შორის, ჩვენ პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. საზოგადოება ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ რატომ ხდება ასე, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს თავად ამბობენ ევროკავშირსა და ამერიკაში, ამ ვალდებულებებს, მოწინავე ხართ და მათივე შეფასებებში ხართ წინა ხაზზე და ამ დროს იყო უსამართლო თავდასხმები ევროპარლამენტარებიდან, კონგრესმენებიდან, - რასაც ჩვენ მოჭარბებულად ზომიერად ვპასუხობდით, ამიტომ საზოგადოება ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე. ასე იყო და ასე არის, რომ პარტნიორია აშშ-ია, ევროკავშირისკენ მივისწრაფვით, მაშინ რატომ ხდება ასე, რომ არასამთავრობო სექტორი, რომელიც არავის აურჩევია, ის იღებს გადაწყვეტილებას, ხალხში იყო კითხვა რატომ საუბრობს ეს ხალხი საზოგადოების სახელით. მაშინაც, ვფიქრობდი და ამან გამოიწვია ეს შედეგი, რომ გაჩნდა განცდა ამერიკის საელჩოშიც, ევროკავშირსა და ევროპარლამენტში, რომ საქართველოზე რაც არ უნდა თქვა, ისინი მაქსიმუმ მოზომილ პასუხს გაგცემენ. ამიტომაც, გაუკვირდათ ის, რომ ჩვენ გამოვხატეთ აღშფოთება (როგორც მათ ხშირად უყვართ ხოლმე), როდესაც დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მოსამართლე დაიბარა საელჩოს წარმომადგენელმა მოკითხა კონკრეტული საქმე, ამავდროულად ისიც გავიგეთ, რომ ოფისი ჰქონია სასამართლოში ამერიკის საელჩოში. იმის შემსწრე მე თვითონ ვარ, რომ საელჩოს წარმომადგენლები პარლამენტში რეკავდნენ და ამა თუ იმ კანონის განხილვის გაჩერებას ითხოვდნენ, იმიტომ, რომ რაღაც შენიშვნები ჰქონდათ. აღარაფერს ვამბობ იმ ევროპარლამენტარების განცხადებებზე, რომლებიც ზოგიერთი ნამყოფიც არ იყო საქართველოში და ხალხს მიუთითებდა, რომ ეს კი არა ეს აირჩიე ხელისუფლებადო. ხალხის კითხვა იყო ბუნებრივი და ლოგიკური, ეს ხომ არ არის დემოკრატია. ბუნებრივია, საზოგადოებაში დაგროვდა უკმაყოფილება, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ასეთი მიდგომები აღვივებდა ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ პროპაგანდას. ჩვენ დავიწყეთ ზომიერი კითხვების დასმა, რომელიც უნდოდათ, რომ შეენიღბათ ანტიამერიკულად და ანტიდასავლურად, მაგრამ ეს ხალხში ასე არ გაიყიდა. ყველა ჟურნალისტს ვთავაზობ ხოლმე, კამერების გარეშე, დავიაროთ ოჯახებში, „ბირჟაზე“ და ა.შ, რაც რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორს არც დაესზიმრება, ამ შემთხვევაში მათ უმრავლესობას ვგულისხმობ და არა ყველას, მათი წყარო არის ამერიკის დაფინანსება და ჩვენი კი - ხალხის და საზოგადოების ძალა. იმ ხალხში თქვენ ნახავთ, რომ განწყობა არის სწორედ ასეთი: თქვენ მართალი პოლიტიკა გაქვთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, რაც თქვა ილია ჭავჭავაძემ, რომელიც ელჩმა კარგად მოიხსენია. დღევანდელი „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ სუვერენიტეტს ნიშნავს და სუვერენიტეტთან ახლო არაფერი აქვს იმას, რასაც ჰქვია ელჩის მხრიდან მოსამართლის დაბარება, კანონზე ზემოქმედება და ა.შ, ამიტომაც, ამართლებს ჩვენი პოლიტიკა იმიტომ, რომ ბოლოსდაბოლოს 30 წლის განმავლობაში ხალხი მიხვდა რასთან გვქონდა საქმე. როდესაც ილია ჭავჭავაძის დროს იგი იბრძოდა იმისთვის, ერთ-ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი იჯდა საქართველოში და ის წყვეტდა საქართველოს საკითხებს, ილია იმისთვის კი არ იბრძოდა, რომ ის დიდი სახელმწიფო მეორე დიდი სახელმწიფოთი შეცვლილიყო, ახლა იმას ეწყვიტა საქართველოს ბედი, ის იბრძოდა სწორედ, იმისთვის, რომ საქართველოს გადაეწყვიტა საკუთარი ბედი, რა თქმა უნდა, მეგობრებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობით.

ჩვენ პოლიტიკურ რეალობაში, პარტიები და საზოგადოებრივი მოძრქაობები იყოფა, პროევროპულად და პრორუსულად. იმ პირობებში, როცა თქვენი მოძრაობის მხრიდან საკმაოდ ხისტი განცხადებები კეთდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მისამართით, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი მოძრაობის ორიენტაცია პრორუსულია?

მესმის. ეს კითხვები იყო და ამას სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს, ჩვენ განცხადებებს თუ გადახედავთ იქ რამდენჯერმე ჩვენ გვაქვს მოხსენიებული, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და სამწუხაროდ, დღემდე ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები და სწორედ, ამიტომ გვაქვს ეს პრობლემა, ისედაც ამ ოკუპირებულ ტერიტორიებში არ გვინდა ისეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ, რომ რუსეთს ჰქონდეს აქ შემოსვლის საბაბი და ხელახლა სამხედრო ინტერვენციის, რასაც ჩვენი ქვეყანა ვეღარ გადაიტანს. ამიტომაც, გვინდა, რომ ჩვენი მოძრაობა პროქართული იყოს. სხვათა შორის, ერთ-ერთ ჟურნალისტს წამოცდა, პროქართულიამეთქი და ე.ი პრორუსულიო, - ხედავთ როგორი ტრენდი შეიქმნა, ე.ი ამერიკის პოლიტიკის საწინააღმდეგო კრიტიკას თუ გამოთქვამ ე.ი შენ ხარ პრორუსი, - ეს უნდოდათ, რომ ხალხში დაეთესათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. პროქართული ნიშნავს, იმას, რომ პირველ რიგში, საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. მესმის, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა ისეთია, რომ სტრატეგიული პარტნიორებთან, ევროკავშირთან, გონივრული პოლიტიკა უნდა გქონდეს, მაგრამ პირველ რიგში, პროქართული უნდა იყოს პოლიტიკა. ის ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოდიან და ჭკუას გვასწავლიან, რომ სანქციებსა და სამხედრო ოპერაციებში მივიღონ მონაწილეობა, მათ ქვეყანას ნატო იცავს და ჩვენ ქვეყანას არავინ არ იცავს ჩვენი გონიერი პოლიტიკის გარდა. ასე, რომ ჩვენი მოძრაობის განცხადებები ანტიევროპულ და ანტიამერიკულად ვერ მოინათლება. ეს, რომ ასე ყოფილიყო ისინი შინაარში შმეოვიდოდნენ, კამათის დროს შინაარსში ვერ შემოდიან.

საზოგადოების ნაწილსა და ექსპერტთა წრეებში არის პოზიცია, რომ თქვენი მოძრაობა არის ბიძინა ივანიშვილი მორიგი ტრიუკის ნაწილი, მაგალითად, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „ივანიშვილს ახლა ორი შვილი ჰყავს „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“. ასევე, არის მოსაზრება, რომ თქვენი მოძრაობის მიზანია, არ დაიკარგოს იმ ადამიანების ხმები, რომლებიც ანტიდასავლურად არიან განწყობილი, ან კითხვები აქვთ დასავლელ პარტნიორებთან, ელექტორატის სახით სწორედ თქვენთან მობილიზდეს და პოსტსაარჩევნო პერიოდში შედგეს კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და „ხალხის ძალას“ შორის?

 ხუხაშვილის აზრი საერთოდ არ არის საინტერესო, მას თავისი გზა აქვს და საზოგადოებისგან შეფასებებიც აქვს. თქვენ ხედავთ რეალობას, რომ ჩვენ ირგვლივ რეგიონში პირდაპირი ომია, ასევე, ჩვენ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ომი მიმდინარეობს, თურქეთი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში და ცდილობს, რომ დამოუკიდებლად ლავირებები გააკეთოს. რეგიონში ურთულესი პოლიტიკური თუ სამხედრო სიტუაციაა. ამ დროს საქართველოში ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, სტაბილურობას. პოლიტიკისა და სამშობლოს სიყვარულის მერე ეკონომიკა ხომ ყველაფერს განსაზღვრავს და მთავარი მამოტივირებელი ფაქტორია, ჩვენი ეკონომიკური ზრდა სწორედ, ამას ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკა არის სწორი. არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ არამედ, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები მხარს უჭერენ ჩვენ პოლიტიკას. არჩევნებზე ვის მისცემენ ხმას ეს მეორე საკითხია, მაგრამ „ხალხის ძალის“ პოლიტიკას, რომ საჯაროდ ითქვას ყველაფერი, რადგან დღეს ამის დროა, იმიტომ, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა არის საზოგადოება, საზოგადოებიდან ძალა თუ არ გაქვს, შემდეგ უკვე უცხოელი აგენტების მეშვეობით თავის ინტერესებს გაატარებს, როდესაც დაინახავს, რომ ხელისუფლება და სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ვერ სარგებლობენ უმრავლესობის მხარდაჭერის საზოგადოების მხრიდან. მესმის, რომ ძალიან ბევრმა არასერიოზულად შეხედა ამ ჩვენს ნაბიჯს, შემდეგ დაფიქრდა და ახლა უკვე შეწუხდა. ზოგმა უკვე პროცენტებიც დაგვიწერა, 5 %-ს რომ გადალახავენ ფაქტია, მაგრამ რამდენი ექნებათ ვნახოთო. ვსაუბრობ ჩვენს არამომხრეებზე, მათ იგრძნეს, რომ საზოგადოების მხრიდან არის სწორედ ამ პოლიტიკის მხარდაჭერა. ქართველ ადამიანს არ უნდა, რომ ნაპირზე იყოს, მას უნდა, რომ თავისი გადაწყვეტილება, მით უმეტეს ამ რთულ სიტუაციაში იყოს გონივრული და სწორი. თუ ინფორმაცია არ აქვს, ბუნებრივია, ვერ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. მოძრაობა „ხალხის ძალას“ ექნება პოლიტიკა, რომ გაავრცელოს ზომიერად საჭირო ინფორმაცია, რაც ხდება მისი ქვეყნის ირგვლივ.

„ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატები, რომლებიც „ხალხის ძალას“ წარმოადგენთ დღეს, საპარლამენტო უმრავლესობას არ ტოვებთ, რა შემთხვევაში მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას?

ჩვენი პოლიტიკური მრწამსი არის ის, რომ საზოგადოებასთან გვქონდეს ხშირი კომუნიკაცია. ამ ნაწილში, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, დეოკუპაცია, ეკონომიკური განვითარება და ა.შ, - საზოგადოების უმრავლესობაშიც არ არის დისკომფორტი, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ არამხარდამჭერიც კი ჩვენი მხარდამჭერი გახდა, მათ არ აქვთ დისკომფორტი, რომ ჩვენ უმრავლესობაში დავრჩით. უმრავლესობაში ჩვეულებრივი კოალიციის რეჟიმია, ერთი პოლიტიკური პარტიაა და მეორე საზოგადოებრივი მოძრაობა. ევროპის ბევრ ქვეყანაში ასეა. ისინი განსხვავებულ პოზიციებზე, რომ არიან ამის გამო უმრავლესობას კი არ ტოვებენ. ძალიან ღირებულებითი ნაწილი უნდა იყოს შეუთავსებელი, რომ უმრავლესობა დავტოვოთ, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“, იმიტომ, რომ ღირებულებითი ნაწილი აბსოლუტურად მისაღებია.

რას გეგმავთ უახლოეს მომავალში?

თქვენ იცით, რომ გაფართოება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და ეს გრძელდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობ რეგიონებში, მათ შორის საკრებულოებში, „ხალხის ძალაში“ შემოერთებასთან დაკავშირებით. იცით, რომ მეორე ეტაპი მოხდა პარლამენტსა და ექსპერტებში, ახლა უკვე რეგიონებში იქნება შემოერთება. ყოველ შემთხვევაში, ახალ წლამდე, მოძრაობის გაფართოების გეგმები იქნება უზრუნველყოფილი. მადლობა მინდა ვუთხრა, საზოგადოების დიდ ნაწილს, როდესაც ჩავდივარ ჩემ მშობლიურ კახეთში და არა მხოლოდ კახეთში, არამედ სხვა რეგიონებსა და თბილისში, 2-3 თვის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით ნაკლებად გვიწევს ახსნა თუ რატომ გადავდგით ეს ნაბიჯი. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საზოგადოება უფრო მეტად არის პოლიტკურად გაზრდილი, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი და ეს ახლა გამოჩნდა.

 ნენე ინჯგია, CNews

 

 

 

 

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ინტერვიუ ► Მეტის ნახვა