სამშობლოს გარეშე ბედნიერება ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავს - ცუცა კაპანაძის 16 წლიანი ემიგრაცია ამერიკაში

სულ ნახვები : 2,128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვისაც ახსოვს იუმორისტული გადაცემა „პა სეანსი“ აუცილებლად ემახსოვრება გამორჩეული ხმის ტემბრის მქონე ქალბატონი, რომელიც უზღვავ პოზიტივს უზიარებდა მაყურებელს, რომლებიც მძიმე ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე გადაღლილები, დასტრესილები და უბრალოდ ცხოვრების მიმართ არც თუ ისე იმედიანად განწყობილები იყვნენ - ეს ადამიანი ცუცა კაპანაძეა, რომელიც შემდგომში სხვადასხვა ფილმებიდან თუ გასართობი გადაცემებიდანაც გახდა ცნობილი.

ქალბატონი ცუცა დღეს ამერიკაში იმყოფება და იქ მოღვაწეობს, საინფორმაციო სააგენტო CNews-მა გადაწყვიტა მას ამერიკაში დაჰკავშირებოდა და გაეგო, როგორია ათასობით კილომეტრიდან დანახული საქართველო და ზოგადად როგორია ემიგრაცია ქვეყანაში, რომლისკენაც ყველა მიილტვის და იქ მოსახვედრად ძალიან მძიმე გზას გადის.

_ რამდენი წელია რაც ემიგრაციაში იმყოფებით?

_ უკვე 16 წელია ემიგრაციაში ვართ, მე და ქალბატონი ხათუნა იოსელიანი, ყველამ კარგად იცის ეს არაჩვეულებრივი მსახიობი, ერთად წამოვედით ამერიკაში.

_ რამდენადაც ვიცი, ამერიკაში ქართული თეატრიც კი გაქვთ, როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება?

_ ვმოღვაწეობ ქართული კულტურის ცენტრში „Danciing Crane“ „მოცეკვავე წერო“ ასე ჰქვია, რომელიც არის პირველი ქართული კულტურის ცენტრი და ის თავისი მოღვაწეობის 26 წელს ითვლის და დააარსა ამერიკელმა ბატონმა, ვიქტორ სივერსონმა და მას ჰყავს ქართველი მეუღლე, ლიკა ბახტურიძე-სივერსონი. ჩვენს ცენტრში არის ყველა დარგი ქართული კულტურის, ასევე არის ოთხი სახეობის თეატრი ეს არის, დიდების თეატრი სადაც ჩვენ ვართ, ასევე არის მუსიკალური თეატრი, შემდეგ არის საშუალო ასაკის თეატრი (12-16) და პატარების დასი სამი წლიდან ათ წლამდე და მათი ხელმძღვანელი გახლავართ მე, შემდგომში კი ეს ბავშვები, რომ იზრდებიან გადადიან სხვა პედაგოგთან და ასე იცვლება თაობები.

_ რამდენად ხშირად მართავთ წარმოდგენებს?

_ წარმოდგენებს რაც შეეხება ძალიან ხშირად ვერ ვმართავთ, რადგანაც აქ ცოტა სხვა სიტუაციაა და ბავშვები მხოლოდ შაბათ-კვირას დადიან. სპექტაკლების ინტენსივობა არის წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ჩვენც ასე ვართ დიდები. ახლა ჩვენ გადავედით ახალ შენობაში, არის ძალიან დიდი შენობა და აქ გვექნება საკუთარი თეატრი. კეთდება ასაკეცი სცენა და დაახლოებით 150 მაყურებელზე იქნება გათვლილი, თავისი პროფესიონალური დონის განათებით, ხმით და ასე შემდეგ. აქ იმდენად ძვირი ჯდება დარბაზი დაახლოებით 7-8 000 დოლარი და ამის გადახდა ძალიან ძნელია, ყოველთვის ასე ვერ მოდის ემიგრანტი და ასე ადვილად ვერ გამოდიან და ვერ ტოვებენ სამსახურებს, ახლა კი როცა თეატრი იქნება და გვექნება სპექტაკლები ოცი კაცი და მეტიც რომ მოვიდეს უკვე მნიშვნელოვანი იქნება და მაყურებელს ეცოდინება, როდის არის წარმოდგენა და სად გაიმართება ის, რადგანაც მაყურებელი ყოველთვის ელოდება ამას.

_ რამდენიმე ხნის წინ ჰქონდა პრემიერ მუსიკალურ თეატრს და შემდგომში ამ წარმოდგენით მალტაშიც ვიყავით, ძალიან კარგი მომავალი თაობა მოდის, მე ვერ დავდებ თავს, რომ ეს ბავშვები ყველანი დაბრუნდებიან საქართველოში, მაგრამ ძალიან ბევრია, რომლებსაც სურთ დაბრუნება და ერთი გვყავს, რომელიც იძახის რომ ექიმი უნდა გამოვიდეს და საქართველოში უფასო კლინიკა უნდა გახსნას, სულ ვეუბნები, რომ მეც მოვესწრები მაგ დღეს თქო (იცინის).

_ როგორია ამერიკიდან დანახული საქართველო?

_ იცით რა არის, ჩვენ ყოველდღე ვესაუბრებით ოჯახის წევრებს და მართალია თქვენ საქართველოში ცხოვრობთ და ჩვენ ამერიკაში ვართ, მაგრამ ფაქტობრივად ჩვენ ვცხოვრობთ მანდ. ბევრი ამბობს, რომ საქართველოში არაფერი არ შეიცვალა და ასეა და ისე, მაგრამ ვიტყოდი, რომ ყველგან შეიცვალა ცხოვრება და ჩვენ რადგან აქ ვცხოვრობთ არავის ეგონოს, რომ თავზე გადაგვდიოდეს და ფუფუნებაში ვიყოთ და აქ ხეებზე იკრიფება ეს დოლარები, ფული რომ გადადო და შეინახო აქ არ გამოდის, როგორც მანდ შეცვალა რაღაცეები ისე შეიცვალა აქაც. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე არ გაკეთებულა ქვეყანაში, წინა მთავრობის დროსაც გაკეთდა და ახლაც კეთდება. ვინც ჩემი ქვეყნისთვის კარგს გააკეთებს, ყველაფერს აღვნიშნავ, ვერ ვიტყვი რომ იმათმა არ გააკეთეს, მაგრამ ამათმაც ბევრი გააკეთეს. ქალაქის მერმა ძალიან ლამაზი გახადა ქალაქში. როდესაც თბილისში ვცხოვრობდი ექვსი ქალაქის მერი გამოვიცვალე, ყველად კარგად ვიცნობდი და უდიდეს პატივს ვცემდი, მაგრამ ამდენი რამ არ გაკეთებულა, თორემ სულ არ გაკეთებულა თქო, ამას როგორ ვიტყვი, ვინც გააკეთა ყველას უნდა დავუფასოთ.

_ რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

_ ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ჩემი ახლობლები, მაგრამ ასევე ძალიან მენატრება ტექნიკური უნივერსიტეტი და ამ უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია ,,მოდი ნახე“ იქ მენატრება სპექტაკლის თამაში. ერთ-ერთი სპექტაკლიდან მოვახდენ სიტყვების ციტირებას, სადაც მე ემიგრანტ ქალს ვთამაშობდი და აქ კარგად გამოჩნდება უფრო თუ რა შეგრძენები გამაჩნია - სამშობლოს გარეშე ბედნიერება  ფანჯრიდან  დანახულ  გაზაფხულს ჰგავს.

_ ჩამოსვლას თუ გეგმავთ?

_ იმედი მაქვს, რომ მალე ჩამოვალ და ისევ ვითამაშებ სპექტაკლში, სხვათა შორის ჩვენ ონლაინ გავდივართ რეპეტიციებს და ამ სპექტაკლით, რომელსაც ადრე ვთამაშობდი ალეკო თეთრაშვილთან, ვასიკო ოდიშვილთან და ირაკლი ფრანგიშვილთან ერთად სპექტაკლს, რომელიც დადგა ბატონმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ ჩემმა პედაგოგმა და არაჩვეულებრივმა ადამიანმა დადგა სპექტაკლი რეზო კლდიაშვილის პიესა „იადონას თეატრი“ და გადავწყვიტეთ, რომ ეს სპექტაკლი აღვადგინოთ ახალგაზრდა თაობასთან ერთად და მინდა რომ აქაც დაიდგას ეს სპექტაკლი ამერიკულ თეატრში.

_ რას ეტყოდით თქვენს მონატრებულ მაყურებელ და იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე გადევნებენ თვალყურს და ბევრი მათგანი იმასაც კი ფიქრობს საერთოდ დატოვოს ქვეყანა და წამოვიდეს თუნდაც ამერიკაში.

_ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს და მე ამ სიყვარულს ვგრძნობ სოციალური ქსელის მეშვეობით და ეს დამსახურებაა მთელი ,,პა სეანსის“ შემოქმედებითი ჯგუფის, რომელიც მართლაც ამართლებს თავის სახელს „პა სეანსი უკვდავია და საუკეთესო მკურნალიაო“ და იუმორი და სიცილი მართლაც საუკეთესო მკურნალია ადამიანისთვის. რაც შეეხება საქართველოს დატოვებას, ვიტყოდი, რომ კი ძალიან დიდი შემოდინებაა და ეს არის ძალიან ცუდი, თუმცა ეს მარტო საქართველოში არ ხდება და აქ ძალიან ბევრი ქვეყნებიდან შემოდიან, თუმცა უშუალოდ საქართველოდან შემოსულზე მეტი არის ესპანეთიდან და საბერძნეთიდან შემოსული ქართველი ემიგრანტები, თუმცა რა თქმა უნდა ისინი ქართველები არიან. ძალიან ძნელია ამხელა ქვეყანაში ჩამოხვიდე უსაბუთოდ და ნულიდან დაიწყო ცხოვრება, ძალიან კატასტროფულ გზას გადიან, მე ძალიან ბევრისგან გამიგია, რომ სამსახური დატოვა და წამოვიდა, იცით რა? არ უნდა დატოვოთ, არ უნდა დატოვოთ, რადგანაც, როდესაც აქ საბუთები არ გაქვს და ნულიდან იწყენ ცხოვრებას ბინის ქირა და ყველაფერი ისეთი გაძვირებულია, რომ არ არის ეს ყველაფერი ადვილი. მე ისიც გავიგე, რომ აქ ვინც ჩამოვიდე თქვეს იქიდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანსო და საბოლოოდ უკან დაბრუნდნენ.

_ როდესაც თქვენ ჩახვედით ამერიკაში, როგორი იყო მაშინ სიტუაცია და რა გზა განვლეთ იმისთვის, რომ თავი დაგემკვიდრებინათ?

_ როდესაც მე ჩამოვედი აქ 16 წლის წინ, მაშინ სხვანაირი ამერიკა იყო, სხვანაირი ცხოვრება იყო, უფროა ადვილად კეთდებოდა საბუთიც. მე პირადად ველოდები იმ დღეს, როდის დავბრუნდები საქართველოში, ველოდები იმას, რომ პენსია ავიღო და დავიხურავ ქუდს და წამოვალ. უდიდესი მადლობა ამ ქვეყანას, რომ გადამარჩინა, მაგრამ მე იმ პერიოდში მომიწია წამოსვლა და ქვეყნის დატოვება, როდესაც ხელფასი 80 ლარი მქონდა. დაიხურა „პა სეანსი“ რადგანაც აღარ აფინანსებდნენ, შემდგომში მე ვიყავი ტელეკომპანია „იმედში“ და ვითამაშე სერიალებში „კექსი დიდ ქალაქში“ გიო ცინცაძე იღებდა 80 სერია გადავიღეთ და „ყავა და ლუდი“, თუმცა ეს სერიალებიც დაიხურა უსახსრობის გამო, ნუ ჰაერში დავრჩი და წამოვედი. მე საერთოდ არ მოვდიოდი, უბრალოდ მეგობრებმა მითხრეს, რომ შენ კარგი საბუთები გაქვს და მარტივად გააკეთებო.

_ როგორია ამერიკული საქართველო, ის საქართველო, რომელიც უქმეებზე, სხვა კონტინენტზე ახერხებს თავის მოყრას?

_ როდესაც მოდიხარ ემიგრაციაში და ამდენი წელი ცხოვრობ აქ, აბსოლუტურად ყველაფრის გადაფასებას ახდენ, სულ სხვა თვალით უყურებ შენს ქვეყანას და სხვა ტკივილით განიცდი შენი ქვეყნის მდგომარეობას და სულ ცდილობ დაეხმარო ადამიანებს. ყველამ უნდა დავივიწყოთ წარსული და არ უნდა დავხოცოთ ერთმანეთი პოლიტიკის გამო, პოლიტიკა აკეთოს პოლიტიკოსებმა, ემიგრაციაშიც ადამიანები დაყოფილები არიან, ზოგო იმისტია და ზოგიც ამისტი, ხომ შეიძლება, რომ არავისტი არ იყო და შენი ქვეყანა გიყვარდეს და ვინც საქმეს გააკეთებს იმას მიესალმო. ხომ შეიძლება დავინახოთ სიკეთე, თუ ის ადამიანი ვინც რაღაცას აკეთებს შენი ქვეყნისთვის დაინახე ეს და უთხარი მადლობა, თუნდაც სხვა პარტიიდან იყოს, არ გინდა მადლობა უთხრა? ნუ ეტყვი, უბრალოდ ცუდსაც ნუ იტყვი.

_ მაინც შევეხეთ პოლიტიკურ საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ ხართ ჩართული არანაირი პოლიტიკურ პროცესებში, როგორია თქვენი შეფასება ამ მხრივ, როგორ აფასებთ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას?

_ მე არ ვარ ჩართული არაფერში, თუ ვინმე გაიმარჯვებს არჩევნებში ყველას ვულოცავ, მიყვარს. მით, უფრო რამდენი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში, ახლაც ეს ახალგაზრდა გოგო და მე მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო. არ არის მართალი რომ ყველა ლანძღო იმისთვის, რომ შენ მოხვიდე სათავეში, ეს არის განდიდების მანია და არაფერი სხვა, იბრძვი სკამისთვის და იძახი რომ შენ ხარ მხოლოდ კარგი და არვინ სხვა. სამწუხაროდ ის ურთიერთობა და სიყვარული რაც ჩემს დროს იყო თბილისში დაიკარგა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ კარგი თაობა მოდიხართ და ეს ძალიან მიხარია, მთავარია რომ გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა და ის ჩატეხილი ხიდი, რომელიც არის აფხაზ და ოს ძმებს შორის, თქვენი მეშვეობით გამთელდება, მე ამის მჯერა და ძალიან არ მინდა, რომ იმ ამბიციური პოლიტიკოსების გვერდით დადგეთ, სწორი შეფასება უნდა გააკეთოთ თქვენ და სწორი ნაბიჯები გადადგათ და იყოთ ის მესამე ძალა, რომელიც შეცვლის ყველაფერს.

_ და ბოლოს გკითხავთ - რას ეტყოდა ახლა ცუცა კაპანაძე ქართველ ხალხს?

_ ყველამ დავივიწყოთ წყენა, გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და ნუ ვიქნებით პოლიტიკაზე დამოკიდებულები და ნუ ვიქნებით ნურცერთი პოლიტიკოსის მონა. მთავარი არის ჩვენი ქვეყანა, რომელიც დგას ევროპულ გზაზე და იმედი მაქვს ამ გზას გააგრძელებს. დავივიწყოთ პოლიტიკა და დავუდგეთ ერთმანეთს და ახალგაზრდებს გვერდზე, რაღა შეცვალონ ახალგაზრდებმა ძველი თაობა. ნურავისტები ნუ ვიქნებით, ვიყოთ ჩვენი ქვეყნისტები, ყველაზე კარგი ეს არის (იცინის).

მადლობა საინტერესო საუბრისთვის.

გიგა გელხვიიძე, CNews

(მასალაში გამოყენებული ფოტოსურათები ეკუთვნის ცუცა კაპანაძეს). 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა