რადიო „ძველი ქალაქი“ - როგორ აღმოცენდა 90-იან წლებში „თავისუფლების კუნძული“ ქუთაისში

სულ ნახვები : 380
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბნელ 90-იან წლებში, როდესაც საქართველოს უძველეს ქალაქ ქუთაისში ისევე ბნელოდა, როგორც მთელს საქართველოში, 1995 წელს FM სივრცეში პირველად გაისმა სიტყვა ,,ეთერშია რადიო „ძველი ქალაქი“.

სწორედ აქედან იწყება თავისუფლების, უფრო სწორად კი „თავისუფლების კუნძულის“ ისტორია, როგორც მას ქუთაისელები უწოდებენ. მუსიკა, რომელიც მაშინ რადიოს ეთერში ისმოდა იყო უცხო, იმ დროისთვის ახალი და საინტერესო ქართულ მუსიკალურ სივრცეში, ძირითადად ჟღერდა როკი, სწორედ ,,ძველი ქალაქი“ იყო პირველი, სადაც დამკვიდრდა ღამის ეთერების ტრადიცია და ასევე „ძველ ქალაქში“ ღამის თორმეტ საათზე პირველად გაისმა ქალი არჯეის ხმა.

ძველ ქალაქში დაარსებული „ძველი ქალაქის“ ისტორიის უკეთ გასაგებად, საინფორმაციო სააგენტო CNews მის ერთ-ერთ დამფუძნებელს ქეთი ბერძენიშვილს ესაუბრა.

ქეთი, რომ მოუყვე ჩვენს მკითხველს, როგორ შეიქმნა „ბნელ“ 90-იანებში „თავისუფლების კუნძული“ რადიო „ძველი ქალაქი“?

90-იანების დასაწყისი იყო, ძალიან რთული პერიოდი, როდესაც უყველაფრობის განცდა გვქონდა, ეს იყო ომის შემდგომი პერიოდი, სამოქალაქო ომის, აფხაზეთის ომის და რაღაცნაირი ერთგვარი ნიჰილიზმი იყო საზოგადოებაში, კარგია რომ პატარა თაობა ამას არ მოსწრებია. გავიარეთ უშუქობა, უწყლობა, უგაზობა, უგზოობა, უფულობა, არადა ვიყავით ახალგაზრდები, რომლებსაც გვინდოდა რაღაც საინტერესო გვეკეთებინა და ვიყავით თანამოაზრეები, რომლებიც იმ დროისთვის ტელევიზიაში ვმუშაობდით, მაგრამ ხომ არის რაღაც მომენტი, როდესაც აკეთებ რამეს მაგრამ იმაზე მეტი გინდა გააკეთო ვიდრე გარემო გთავაზობს. მაშინ იყო ასეთი ცნობილი ხაზის რადიო, რომელიც სამზარეულოში ეკიდა და იმ პერიოდში შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ახალი სტანდარტით გაგვეკეთებინა რადიო, მაშინ FM ახალი შემოსული იყო საქართველოში და ილეოდა ამის შესაძლებლობას და რატომაც არა, როცა ახალგაზრდა ხარ უფრო მეტად რისკიანი ხარ და უფრო მეტად გჯერა იმის რასაც გააკეთებ, გწამს, რომ ყველაფერი შენს ხელთ არის და ეს მართლაც ასეა, რადგანაც ახალგაზრდობას ძალიან დიდი ძალა აქვს, შინაგანადაც და განვითარების თვალსაზრისითაც. მაშინ რამდენიმე ადამიანი ვიყავით პირველ რიგში ირაკლი მაჩიტაძე, კობა ჟორჟოლიანი, მე, ვატული კიკალეიშვილი (კაკადუ) და გიორგი ხონელიძე ვინც ვიფიქრეთ, რომ მოდი გავაკეთოთ რადიო. გამოჩნდა მაშინ შესაძლებლობა, ეს იყო სოროსის ფონდი, რომელიც ახალგაზრდულ ინიციატივებს მხარს უჭერდა და ისინი პირველი დამფინანსებლები იყვნენ, რომლებმაც მოგვცეს შესაძლებლობა, რომ შეგვეძინა აპარატურა.

სახელი „ძველი ქალაქი“, როგორ გაჩნდა ეს იდეა?

ეს ირაკლის იდეა იყო (ირაკლი მაჩიტაძე, ერთ-ერთი დამფუძნებელი). ძალიან ბევრს ვფიქრობდით თუ რა დაგვერქმია, რაღაც ახალი გაკეთება რომ გინდა, გინდა რომ რაღაცნაირად გამოიყენო ის მომენტი, რომ ევროპისკენ ახალი გახსნილია ამ დროს ფანჯარა, იყო ინგლისური ვერსიებიც, მაგრამ, „ძველი ქალაქი“ როდესაც თქვა ირაკლიმ ყველამ ავიტაცეთ, ეს იმდენად კარგი სახელი იყო, იმიტომ, რომ დაფუძნებული იყო იდეა ამ ქალაქში,ძველ ქალაქში ქუთაისში, მაგრამ იქნებოდა ახალი სიტყვა, თან რაღაც თბილი იყო, მრავლისმთქმელი და შეიძლებოდა გამხდარიყო ნამდვილად ბრენდი.

პირველ ეთერს თუ გაიხსენებ?

როგორ არ მახსოვს, ორი დეკემბერი იყო და მოთოვა, რაღაცნაირი ამინდი იყო, შუა დღეს ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ მოდი მოვსინჯოთ, მოდი ჩავრთოთ და ჩართეს, სწორედ მაშინ გავიდა პირველი მუსიკა „ძველ ქალაქში“. მე ტერიტორიულად სხვა ადგილას ვიყავი და რადიო მიმღებით ხელში მოვიდნენ ბიჭები და მკითხეს, რას უსმენო და ვუთხარი რასავ ვუსმენდი მუსიკას და მკითხეს კიდევ ერთხელ არა რას უსმენო და მივხვდი რომ ეს იყო რადიო და უცებ დავიწყე ოკეანეში ცურვა, რადგანაც გავაცნობიერე, რომ არაფრისგან, როცა ირგვლივ ასე დაძაბული სიტუაციაა, უცებ გრძნობ რომ ხარ ახალი სამყაროს წევრი და შენც ერთ-ერთი ხარ ვინც ეს შექმნა.

პირველი გადაცემა, რომელიც გავიდა ეთერში...

თავდაპირველად მხოლოდ მუსიკა ჟღერდა ჩვენს ეთერში 107,9-ზე, უკიდურესი დასავლეთი წერტილი ავირჩიეთ აქაც, ლიცენზია ამაზე ავიღეთ და ეს იყო მაშინ პირველი რადიო თბილისს გარეთ, თბილისშიც მაშინ ორმა რადიომ დაგვასწრო. მაშინ შეიქმნა სწორედ რადიო მიმღებების ბაზარიც აქ და დაიწყო მათი მასიური გაყიდვა.

რა ჟანრის მუსიკა ჟღერდა 90-იანებში „რადიო ძველი“ ქალაქის ეთერში?

ეთერში ჟღერდა როკ მუსიკა, იმიტომ, რომ ბიჭებს ჰქონდათ ტელევიზიაში გადაცემა „კედელი“ და სწორედ როკზე კეთდებოდა ეს გადაცემა, რომელიც ერთგვარად არ იყო მუსიკა მასებისთვის, იყო კონკრეტული ადამიანებისთვის, თუმცა იმ დროს ყველა უსმენდა მდარე ხარისხის მუსიკას, იმას რასაც დღეს აღარ ვუსმენთ. იმ პერიოდში იყო მუსიკალური შეკვეთები და მაშინ ვეუბნებოდით ყველას, რომ არ ვუშვებდით ეთერში სხვა ჟანრის მუსიკას და ამას გარჩევებიც კი მოჰყოლია ხოლმე, რადგანაც ქუთაისი მაშინ იყო „მუქი გაგების ქალაქი“, მაგრამ ჯიუტად ვცდილობდით, რომ ისეთი მუსიკა შეგვეთავაზებინა, რომელიც მეტ დაფიქრებას საჭიროებდა და ამან გაამართლა, გაამართლა იმ კუთხით, რომ ჩვენთან შეკრება დაიწყეს ახალგაზრდებმა, რომლებსაც ჰქონდათ თვითდამკვიდრების სურვილი და სწორედ მაშინ ეწოდა ამ რადიოს „თავისუფლების კუნძული“.

რამდენადაც ვიცი აქ ძალიან დიდი ხნით ადრე იყო სიტყვის თავისუფლება, ვიდრე ამაზე საჯაროდ და კანონმდებლობის მიხედვით იქნებოდა საუბარი.

 აქ არ გვქონდა ჩვენ შეზღუდვები დიალოგზე, ურთიერთობაზე, საკუთარი აზრის გამოთქმაზე, გემოვნებაზე და ასე შემდეგ. ყველა ამბობდა იმას, რაც მას სურდა და როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ არჯეების და წამყვანების კონკურსი, მაშინ, როდესაც ეს არ იყო არსად საქართველოში, ძალიან კარგი ახალგაზრდები მოვიდნენ და იყო გაკეთებული კითხვარი, რომელზეც გულწრფელად უნდა გაეცათ, მათ შორის იყო ერთ სივრცეში მუშობა განსხვავებული რელიგიური მრწამსის, განსხვავებული ეთნიკური კუთვნილების, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანთან და რამდენად იქნებოდნენ ეს ადამიანები ერთ სივრცეში თანაცხოვრებისთვის მზად. მართლაც გვყავდა ჩვენ ასეთი ლიბერალური შეხედულებების ადამიანები. სხვათა შორის კამათიც ძალიან ბევრი იყო ჩვენს ირგვლივ და იყო მოღერებული მუშტებიც ჩვენი მისამართით, მაგრამ ამავდროულად იყო მხარდამჭერების არმია, რომლებსაც უყვარდათ რადიო, ეს რადიო იმ პერიოდში იყო უკონკურენტო.

„ძველი ქალაქის“ ეთერში იყო ასევე ძალიან საინტერესო გადაცემები, რა ჟანრის და რა დატვირთვის მატარებლები იყვნენ ისინი?

შემდგომში ჩვენ დავამატეთ გადაცემები, რადგანაც უკვე რადიო მოითხოვდა იმის საჭიროებას, რომ საინფორმაციო სივრცე შექმნილიყო. პირველი საინფორმაციო გამოშვება გავიდა შემდგომში ჩვენთან, ასევე ანალიტიკური გადაცემა, სპორტული და ასე შემდგომ.

რამდენადაც ვიცი ღამის ეთერი, სწორედ თქვენს რადიო სივრცეში იყო პირველად და ასევე პირველები იყავით იმ მხრივაც, რომ ღამით ეთერში იყო ქალი არჯეი.

ღამის ეთერი გვქონდა თავიდანვე და დიახ პირველად ჩვენს სივრცეში იყო ქალი წამყვანი, ღამის ეთერში. პირველი ჩვენთან იყო თეა ჩეჩელაშვილი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო და ძალიან ბევრი მსმენელი ჰყავდა, ღამის გადაცემები არ იყო მხოლოდ მუსიკალური, ეს იყო ზოგი სახუმარო, ზოგი ინტელექტუალური და ასე შემდეგ.

და სწორედ თქვენს ეთერებში იყვნენ პირველად სტუმრები, რომლებიც ღიად საუბრობდნენ, თავიანთ პირად ცხოვრებაზე, ხომ ასეა?

კი, მე მყავდა სხვათა შორის პირველად ადამიანი ეთერში, რომელიც იყო განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი და მან თავად გამოთქვა სურვილი რომ მოვიდოდა ეთერში, მაშინ ჩვენ შევაფასეთ რისკებიც და ის ისე მოვიყვანეთ და გავიყვანეთ რადიოს შენობიდან, რომ არავის არ დაუნახავს. დიდხანს ვმეგობრობდი ამ ადამიანთან, მაგრამ ის  ისევე, როგორც ბევრი სხვა წავიდა ამ ქვეყნიდან და დღეს სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ასევე იყვნენ შემდგომ ადამიანები, რომლებსაც გარკვეული სახის უსაფრთხო გარემო შეგვექმნა და დავხმარებოდით ქვეყნიდან გასულიყვნენ. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ ეთერში მოსვლის საშუალება, ასვე შეეძლოთ სატელეფონოდაც ჩართულიყვნენ.

რა ტიპის გადაცემები იყო პოპულარული იმ დროისთვის?

იყო გადაცემა „დიალოგი წყვდიადში“, რომელიც მსახიობებს სპარტაკ ბენიძეს და მერე დათო გაჩეჩილაძეს მიჰყავდათ, თეა ჩეჩელაშვილს ჰქონდა ინტელექტუალური გადაცემები „პორტრეტი ჩარჩოს გარეშე“, რომელიც იყო სუპერ პოპულარული გადაცემა, ასევე „დაფნის გვირგვინი“, ბევრი გადაცემები იყო მოკლედ, რომლებსაც მსმენელთა არმია ჰყავდა. თუ ვინმე იყო ქუთაისში ჟურნალისტი, რომელსაც შეეძლო, რომ რაიმე ახალი განეხორციელებინა აქ, ყველას მაქსიმალურად ვაძლევდით ამის საშუალებებს, ასევე იყვნენ პრაქტიკანტები, რომლებსაც სურდათ ახლის სწავლა და თავიანთი თავის დამკვიდრება ერთ-ერთი შენც იყავი, შემდეგ აკო ანდღულაძეს ჰქონდა ძალიან კარგი პროექტები მაგალითად „მეხუთე სართული“, რომელიც იყო პირველი გადაცემა რადიო სივრცეში და აქ ყოველ კვირას ეწყობოდა როკ ფესტივალები. იყო ასევე „გრიფით საჯარო“ სადაც ხუთ განსხვავებული პროფესიის ადამიანს მიჰყავდა ეს გადაცემა, იყო ასევე ლიტერატურული გადაცემები და ამისთვის ჩვენთან სპეციალურად ჩამოდიოდნენ პოეტები და მწერლები, რომლებმაც საქართველოში შექმნეს თანამედროვე მწერლობა, ეს გადაცემები მიჰყავდათ გიორგი წურწუმიას და გიორგი ხასიას, რომელიც თავდაპირველად რადიოს მსმენელი იყო და შემდეგ მოვიყვანეთ ჩვენამდე. შემდგომში უკვე გავედით ქუთაისიდან და შევეცადეთ, რომ კოლხეთის დაბლობში მცხოვრები მსმენელისთვის მიგვეწვდინა ხმა და ამის შემდგომ უკვე ისმოდა ყველა რეგიონის ხმა. შემდგომ ჩამოყალიბდა სხვა რადიო სადგურებიც და შეიქმნა „რეგიონალურ რადიოსადგურთა ქსელი“, რომლებთან ერთადაც გვქონდა ძალიან საინტერესო გადაცმები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს იყო უპრეცედენტო რამ, როდესაც ხუთი რადიო ერთვებოდა და მაშინ ამ გადაცემის წამყვანი ზვიად ქორიძე იყო.

შემდგომში ჩვენ გავედით ონლაინ ეთერში და სხვათა შორის ამ მხრივაც ვიყავით პირველები.

ძალიან საინტერესო ადამიანები მუშაობდნენ ჩვენთან ზვიად ხუჯაძე, რომელიც დღეს ამერიკაშია, დათო ლიკლიკაძე, მას დღემდე აქვს თავისი საავტორო გადაცემა „ჯოკერი“ და „ვილიკლიკოთ ევროპაზე“, რომლებიც ძალიან პოპულარულია.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები წინ წავიდა, დღეს 21-ე საუკუნეში ონლაინ მედიის ეპოქაა „ძველ ქალაქს“ უსმენენ მაინც და მისი ხმა ისმის ყველგან - როგორი განცდა გაქვთ, როდესაც გესმით „რადიო ძველი ქალაქი“?

სხვათა შორის მართლაც მასიურად აქვთ ჩართული, მაგრამ ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ აქ გადის ძალიან კარგი მუსიკა და თამამად ვიტყვი, რომ ეს ირაკლი მაჩიტაძის შრომის შედეგია. ჩვენ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ უარი ვთქვით რუსულ მუსიკაზე, იყო ორი ჯგუფის სიმღერა „დდტ“ და „დისიდენტები“ მაგრამ ჩვენ ისინიც შევზღუდეთ და ახლა ჩვენს ეთერში ჟღერს ლიცენზირებული უცხოური, ხარისხიანი მუსიკა და უკრაინული მუსიკა, ეს არის ჩვენი სოლიდარობა მათ მიმართ. ზუსტად ეს მუსიკა მოსწონს ჩვენს მსმენელებს და ამ მუსიკას გვიკვეთავენ ისინი, ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ მადლობა, კონკრეტული მუსიკისთვის და ეს არის ძალიან დიდი სტიმული იმისთვის, რომ რადიომ გააგრძელოს მომავალში, თავისი საქმის კეთება.

და ბოლოსკენ, რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი - დაარსების დღიდან რა თქვა რადიო „ძველმა ქალაქმა“ ამ სივრცეში?

ამასობაში ძალიან დიდი დრო გავიდა, 28 წელი გავიდა რაც ეს რადიო დავაარსეთ. პირველ რიგში თქვა ის, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამე რაც ადამიანმა შეიძლება განიცადოს და ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო თავისუფლება, მისი ადგილი ყოველთვის იყო რადიოში. რადიომ თქვა ის, რომ მან დაამკვიდრა გარკვეული გემოვნება ჩვენს მსმენელებში და მისცა შესაძლებლობა ადამიანებს მათ მოესმინათ ის რაც უნდოდათ და თავადვე მიეღოთ მონაწილეობა ამ ყველაფერში, რადიომ თქვა ის, რომ „ძველი ქალაქი“ არის ბრენდი, მე არ მოერიდება ამის თქმა. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ ვიტყვით ჩვენს სათქმელს და მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გაძლიერდეს, რომ ეს ეკონომიკა როგორც ბიზნეს აძლიერებს, ისევე ჩვენც გვაძლიერებს და გვინდა რომ გავძლიერდეთ როგორც ბიზნესი და ისევ მიეცეს ახალგაზრდებს ან „ძველგაზრდებს“ საშუალება, რომ თავიანთი სათქმელი თქვან.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები