ექსკლუზივი: ქართველების ოჯახს ვენიდან აღარ აძევებენ - რეზონანსის შემდეგ დედა-შვილი სადეპორტოდან გაათავისუფლეს
...
პარასკევს დილით, 40 წლის ქართველი ნინო გ. და მისი შვიდწლინახევრის ვაჟი ნოე იმიგრაციისა და ფედერალური სამსახურის ვენის ოფისში (BFA) Hernalser Gurtel-ზე დაკითხვაზე მივიდნენ, ისინი ორმა პოლიციელმა ადგილზე დააკავა. საფუძველი კი დეპორტაციის გამო გაცემული ორდერი იყო.
ამის შემდეგ დედა-შვილი ვენაში -ზიმერინგის სადეპორტაციო განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც, როგორც მათი ავსტრიელი ადვოკატი, მაიკლ ვალენდერი ამბობდა, დედა-შვილის საქართველოში დეპორტაცია კვირას იგეგმებოდა.
თუმცა მოვლენები რადიკალურად შეიცვალა. პროცესებში ბავშვის სკოლა, ნაცნობები და ახლობლები ჩაერთნენ. შემთხვევამ ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ დედა შვილი დღეს უკვე ვენის სადეპორტოდან გაათავისუფლეს.
აღნიშნული Cnews-ს დაუდასტურა ავსტრიის ადამიანის უფლებების დამკვირვებელმა ირმა ჰომმონ ცირამუამ.
აღსანიშნავია, რომ ბიჭი ექვს წელზე მეტია ცხოვრობს დედასთან ერთად ავსტრიაში და მეორე კლასში სწავლობს ვენა-გუმპენდორფის ლუთერპლაცის დაწყებით სკოლაში. იგი უაღრესად ნიჭიერ მოსწავლედ ითვლება.
დედა ვენაში 2016 წლის აგვისტოში ტურისტული ვიზით ჩავიდა და ლტოლვილად ჩაბარდა. მან თავშესაფარი მოითხოვა, რაზეც საბოლოოდ უარი 2017 წლის ივნისში მიიღო. თუმცა, ორივემ ქვეყანა არ დატოვა და ჰუმანიტარული ყოფნის ორი განაცხადი წარადგინეს. ქალმა აქამდე დეპორტაციის მცდელობას თავი დააღწია. ჰუმანიტარული ყოფნის მოთხოვნაც უარყოფილია.
დედა-შვილის უფლებებს ადვოკატი ვილფრიდ ემბახერი იცავს, რომელიც ასევე აქტიური იყო ქართველი გოგონას თინას გახმაურებულ საქმეში. მან შეძლო საქართველოში გადეპორტებული ბავშვის უკან, ვენაში ჩაყვანა. გოგონას დეპორტაცია ადმინისტრაციულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო.