ექსკლუზივი ! - Cnews - მა პუტინის კრიტიკოს ვლადიმერ კამინერს ბერლინში მიაგნო

სულ ნახვები : 1,244
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვლადიმირ კამინერი ცნობილი რუსი ავტორია. ის 32 წელია  გერმანიაში ცხოვრობს და გერმანულად წერს.  მისი წიგნები  განსაკუთრებული  პოპულარობით სარგებლობს და მილიონობით იყიდება. კამინერი ყოველ წელს ბესტსელერი ავტორების სიაში ხვდება. მის რომანებზე:  "Russendisko"-სა და "Schönhauser Allee"-ზე ფილმებიც კი არის გადაღებული. 

54 წლის მწერალი მოსკოვშია დაბადებული.  წერის კარგი სტილის გარდა, გამორჩეულია პუტინის მკაცრი კრიტიკით. როგორ აფასებს მოვლენებს უკრაინაში, როგორ ხედავს საქართველოს როლს მიმდინარე პროცესებში, რა პროგნოზებს აკეთებს პუტინის რეჟიმის მიმართ, ამ და სხვა თემებზე  Cnews-მა ბესტსელერ ავტორთან ინტერვიუ ბერლინის ერთ-ერთ ბარში ჩაწერა. 


Cnews: როგორ აფასებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს? 

ვლადიმირ კამინერი; მე ამ ომში მთავარ უიღბლო ქვეყნად რუსეთს ვხედავ. უკრაინა ამ ომიდან გაცილებით ძლიერი გამოვა, ტყუილად არ არის, რომ იქ მოსახლეობის 80 ან 80 პროცენტზე მეტს სჯერა, რომ 10 წელიწადში ეკონომიკურად წარმატებული ევროკავშირის ქვეყანა იქნება. არ ვიცი, რამდენად წარმატებული იქნება  რუსეთი, მაგრამ უკრაინაში ყველაფერი კარგად იქნება. რასაკვირველია, რუსეთი ისეთ მდგომარეობაშია, ვერავინ იტყვის, როგორ შეიძლება ამ ქვეყნის გადარჩენა. სამომავლო გეგმები საერთოდ არ არის, ეს ბნელი დროა, სრული ჩიხია ქვეყნისთვის.


Cnews: 2008 წელს ჩვენც  გამოვცადეთ  პუტინის ომი და აგრესია საქართველოში,  მაშინ ჩვენც ვყვიროდით, მაგრამ არავის უნდოდა ვითარების ისე აღქმა, რაც რეალურად იყო. თუმცა ამის მერე უკვე კარგად ვნახეთ, სადამდე მივიდა პუტინის რეჟიმი.  როგორ  ფიქრობთ, დაუშვებთ იმასაც, რომ  პუტინი თავს დაესხმება ნატოს ქვეყანას?

ვლადიმირ კამინერი; რა თქმა უნდა, ამის რისკი არსებობს.  თუ სწორად მახსოვს 2008 წელს საქართველოს  ჰყავდა ყალბი  სამშვიდობო მომლაპარაკებელი,  რა ერქვა?.. სარკოზი, ზუსტად, და ერთგვარი მცირე თანხით გაყიდა საქართველო. იმ  ორი ხომალდისთვის, რომლებიც რუსეთის სახელით უნდა აეშენებინათ, არ მგონია, რომ საფრანგეთის ეკონომიკისთვისაც ასეთი დიდი როლი ეთამაშათ მათ. მე მგონი ეს იყო დაახლოებით 1 მილიარდი თუ 2 მილიარდი, ეს არის არაფერი იმასთან შედარებით,  რასაც დღეს ამერიკელები აწვდიან უკრაინას, რათა უკრაინამ რუსეთის არმიის განადგურება შეძლოს. მაშინ, 2 ხომალდზე, ისეთი ლამაზი ქვეყანა როგორიც საქართველოა გაიყიდა. ვფიქრობ, პუტინისთვის გაკვეთილი იყო მაშინდელი ისტორია, მან  დაინახა, რომ  დიახ, ეს დასავლეთი რეალურად კორუმპირებულია, გაფუჭებული, საერთოდ არ დაინტერესდება, ისეთი ქვეყნებით, როგორიც საქართველოა, უკრაინა, მოლდოვა და ა.შ და ნამდვილად, 2008 წლის ამბავი ძალიან სამწუხარო ისტორია იყო. 


Cnews: როგორ შეიძლება პუტინის შეჩერება ან უკეთ რომ ვთქვა,  როგორ შეუძლია დასავლეთს  შეაჩეროს იგი?

ვლადიმირ კამინერი; მე ვფიქრობ, რომ  ერთ ადამიანზე ეს ფიქსაცია არასწორია, რადგან პრესა ძალიან ბევრს მუშაობდა, რათა პუტინისგან  ჰოლივუდური მძაფრ სიუჟეტიანი ფილმის გმირი შეექმნა. ძირითადად, ისიც მსხვერპლია. ვწუხვარ, რომ  ვხედავ, არა მხოლოდ ჩემი მეგობრები, არა მხოლოდ ის, რაც ჩემთვის ძვირფასი და ღირებული  იყო ამ ქვეყანაში, ინტელექტუალური ელიტა, ხელოვანები, კულტურის მუშაკები, ფილოსოფოსები,   სულელი კგბ-ს კაცებივით  ვნებით არიან ჩაფლული მიმდინარე პროცესებში. მათ საკუთარი საფლავი გათხარეს.  პუტინს შეეძლო დამტკბარიყო კარგი პენსიით,  მაგრამ არა, ეს არ ისურვა.  პრობლემა ისაა, რომ  რუსეთის ხსნა ამ საპრეზიდენტო სკამზე არ არის დამოკიდებული,  არ აქვს მნიშვნელობა იქნება პუტინი თუ არა, არაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყანამ უბრალოდ დაკარგა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის არსებობის განცდა.  ის  წავიდა, გაქრა, არასოდეს ყოფილა ერთმანეთის მიმართ იმდენი სიძულვილი, უნდობლობა და შიში, როგორც დღეს რუსულ საზოგადოებაშია. 


Cnews:  რუსეთში განწყობა არ არის ისეთი დაძაბული და აქტიური  როგორც მოსალოდნელი იყო,  დასავლეთში ვარაუდობდნენ, რომ დაიწყებოდა მასობრივი პროტესტები, არეულობა და გამოსვლები რეჟიმის შესაცვლელად, თუმცა ეს ასე არ ხდება. პირიქით, ბევრი რუსი გარბის ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოში 100 000-ზე მეტი რუსია.  რას ფიქრობთ ამ მხრივ, სჯობს დარჩნენ ქვეყანაში და დიქტატურის წინააღმდეგ იბრძოლონ თუ გაიქცნენ და ამ აგრესიულ ომს აარიდონ თავი?

ვლადიმირ კამინერი; ჩემთვის ადვილია ლაპარაკი, მე ვზივარ ბერლინში, თავისუფალ ევროპაში, ისინი კი  იქ მასობრივი  ზეწოლის ქვეშ არიან. რა უნდა გააკეთოს ხალხმა?!  უნდა სცადოს  თავის გადარჩენა ამ სიტუაციაში, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ რათა თავიდან აიცილონ  ამ მარაზმში მონაწილეობა.   


Cnews:  თქვენი გადმოსახედიდან, როგორ იქცევა საქართველო უკრაინასთან  მიმართებით, რამდენად ჩანს ჩვენი ხელისუფლების  აქტიურობა და პოზიცია?

ვლადიმირ კამინერი;  ვფიქრობ, საქართველო ძალიან დიდი ცვლილებების წინაშე დგას, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ომი უკრაინაში, რუსეთი გამოვა ამ ომიდან ძალიან სუსტი, სასიკვდილოდ დაჭრილი დათვივით. იანვარში ან თებერვალში მეტს ვნახავთ, სრულიად სხვა სურათი გვექნება.   მაშინ საქართველო აღარ დაიძინებს ამ მძინარე მზეთუნახავის ძილით, როგორც ახლა. ეს აღარ იმუშავებს. ხოლო   თუ ასე გააგრძელებს დაკარგავს შანსებს.


Cnews:   როგორ გრძნობ თავს როგორც რუსი, ხომ არ გაქვთ სირცხვილის განცდა ან ერთგვარი დისკომფორტი?

ვლადიმირ კამინერი;  ეს ჩემთვისაც სულელური ამბავია. ბევრი დავწერე რუსეთზე, საბჭოთა კავშირზე, ჩემს სამშობლოზე, იქ გავიზარდე, ეს ჩემი პიროვნების ნაწილია, ამ ნაწილს ვერ წაართმევ ადამიანს.  მე ვიყავი ის, ვინც აქ, ყველა კუთხეში ვყვებოდი,  რა ლამაზია რუსეთი. რა კეთილი და კარგი ხალხი ვართ, კრეატიული, ევროპელები და ახლა კი ახალი სიტუაციაა: ყველა  ხედავს რუსებს თავდამსხმელებად, აგრესორებად, მკვლელებად, მოძალადეებად, ბავშვების გამაუპატიურებებლად.  ბუნებრივია, ეს უაზრო ბომბი, ბინძური ბომბი, რომელიც რუსეთის მთავრობამ ააფეთქა, ყველა ნორმალურ რუსზე მოქმედებს.  პუტინი გინესის რეკორდების წიგნში უნდა შეიყვანონ, აქამდე არასოდეს არ გაუკეთებია ადამიანს ამდენი სიბოროტე ასეთ მოკლე დროში, როგორც მან გააკეთა.

მიხეილ ხაჩიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები