კონსტანტინიდი: დიასპორის მონაწილეობა ფასდაუდებელია საქართველოს განვითარების პროცესში

სულ ნახვები : 69
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამის – „STEM მასტერკლასის“ ფარგლებში, პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდები დაჯილდოვდნენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დიასპორის მხარდასაჭერად გამიზნული საგრანტო პროგრამები ქართულ დიასპორაში სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, რაზეც დიდი ინტერესი და მონაწილე ქვეყანათა არეალის გაფართოება მიუთითებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ციფრულმა პლატფორმამ „სფიჩი“ წარმოადგინა პროექტი – უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერების „STEM მასტერკლასები სტუნდენტებისათვის“, რომელშიც თავი მოუყარა უცხოეთში მოღვაწე ქართველ პროფესიონალთა მიღწევებს, როგორც მნიშვნელოვან ინტელექტუალურ საგანძურს, რათა მათი ცოდნა და გამოცდილება საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გაეზიარებინათ. მოხარული ვართ, რომ ჩვენი საერთო მიზნების განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდა თაობაც, რომ ისინი დაინტერესებული არიან თავიანთი ნიჭითა და ინტელექტით წვლილი შეიტანონ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

სამინისტროს ცნობით, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის“ მნიშვნელობას. მისი თქმით, ეს პროგრამა წელს უკვე მეოთხედ ხორციელდება და საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებების გარდა, ევროკავშირის წევრობისთვის მზადების პროცესში, მაღალპროფილური დიასპორის გააქტიურებას და ჩართულობასაც გულისხმობს.

როგორც კონსტანტინიდიმ აღნიშნა, „დიასპორის მონაწილეობა ფასდაუდებელია საქართველოს განვითარების პროცესში“.

„სწორედ ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ციფრული პლატფორმა „სფიჩის“ მიერ განხორციელებული პროექტი. ამ პროექტში ჩვენი წარმატებული თანამემამულეების მონაწილეობა ცხადყოფს, რომ საზღვარგარეთ მოღვაწე დიასპორის წარმომადგენლები სამშობლოსთვის დანაკარგს კი არ წარმოადგენენ, არამედ პირიქით – მათი ჩართულობა და ქვეყნის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობა, მათი უანგარო სურვილი, საკუთარი პოტენციალი, ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს მოახმარონ, ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ნინო გვენეტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები