31 წლის აფხაზი: გადავწყვიტე წავსულიყავი უკრაინაში და ქართველ ძმებთან ერთად მებრძოლა რუსეთის წინააღმდეგ

სულ ნახვები : 1,644
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

31 წლის რუსლან გამისონია დროებითი ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა.

როგორც გამისონია CNews -ს უყვება: სურდა ქართველებთან ერთად ებრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ვერ დაეხმარა უკრაინაში წასასვლელად.

რა დაბრკოლებები შეექმნა რუსლან გამისონიას და რა უპასუხეს მას შემდეგ, რაც საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს, - ამის შესახებ გამისონიამ CNews-თან ისაუბრა:

_ რატომ გადაწყვიტეთ უკრაინაში საომრად წასვლა?

_ მე გადავწყვიტე წავსულიყავი უკრაინაში, რათა ჩემ ქართველებ ძმებთან ერთად მებრძოლა და დამეცვა უკრაინელი ერი და მათი ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რადგანაც აფხაზეთი არის საქართველო მე ასე მჯერა. მაგრამ საქართველოს მთავრობა ვერ დამეხმარა იმაში, რომ მე უკრაინაში წავსულიყავი და ახლა აქ ვზივარ, ყოველგვარი დახმარების გარეშე, ფაქტობრივად ქუჩაში. მე სოხუმში ვცხოვრობ, იქ დავიბადე და ამ დრომდე იქ ვცხოვრობდი. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, 23 ივნისს მივმართე აფხაზეთის მთავრობას, რომელიც აქ, თბილისში იმყოფება, გარკვეული სახის დახმარება გამიწიეს, მომცეს დროებითი საცხოვრებელიც და რაღაც კაპიკები, თუმცა ორი თვის შემდგომ, ვადები გავიდა და დღეს ქუჩაში დავრჩი.

_ ახლა ვისთან ცხოვრობთ?

_ მარტო, ნაქირავებ ბინაში, ვინც თანხით მეხმარება იმის მიხედვით ვქირაობ საცხოვრებელს.

_ აფხაზეთში რას საქმიანობდით?

_ აფხაზეთში ჩემს ძმასთან ერთად ვმუშაობდი, ის იუველირია და თავისთან დამასაქმა, თუმცა იქ ყოფნა გაუსაძლისია, რადგანაც ძალაუფლება ბანდიტების ხელშია.

_ როგორ შემოხვედით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე?

_ შემოვლითი გზით გადმოვედი, რადგანაც ფსბ უკვე საქმის კურში იყო, რომ მე აქ მოვდიოდი. საბუთები მაქვს, აფხაზური პასპორტები, ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა და დაბადების მოწმობა. მე გამიკეთეს საქართველოში ნეიტრალური პასპორტი და პირადობა, როდესაც უნდა წავსულიყავი ქვეყნიდან მითხრეს, რომ ამ პასპორტით შემეძლო ქვეყნიდან გასვლა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის, რადგანაც აეროპორტში გამშვებ პუნქტზე მე არ გამიშვეს. მითხრეს, რომ ამ პასპორტით ვერსად წავიდოდი, მაგრამ იუსტიციაში საპირისპიროს მეუნებოდნენ. როდესაც დარეკეს იუსტიციაში უთხრეს, რომ მე შემეძლო ამ პასპორტით გასვლა, თუმცა მჭირდებოდა ვიზა, როდესაც შემდგომ ვიკითხე, ვიზის არსებობის შემთხვევაში შევძლებდი თუ არა უპრობლემოდ გასვლას ქვეყნიდან, თუმცა პასუხის გაცემა გაუჭირდათ.

_ რას გეგმავთ?

_ არ ვიცი, ახლა თავში სრული არეულობა მაქვს. არ მაძლევენ პასპორტს, სადაც ჩაწერილი იქნება, რომ მე საქართველოს მოქალაქე ვარ. აფხაზეთში ვიცოდი, რომ ის საქართველოს ნაწილია და ჩვენ ერთნი ვართ, თუმცა აქ ჩამოვედი და სხვა რეალობა დამხვდა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ საბუთებში მეწეროს, რომ მე აფხაზეთის მოქალაქე ვარ და არა საქართველოსი, არ ვიცი რა ხდება. ბოლოს მითხრეს, რომ მოქალაქეობისთვის განცხადება ქართულად, ჩემით უნდა დამეწერა, ასევე ჩამებარებინა გარკვეული სახის გამოდა საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით, მე კი ქართული არ ვიცი, მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა შემიძლია. ასევე მითხრეს, რომ უნდა გავაკეთო ნოტარიულად დამოწმებული ნათარგმნი დოკუმენტი, ჩემს დაბადებასთან დაკავშირებით, იმაზედ რომ მე დავიბადე აფხაზეთში, ყველაფერ ამას გარკვეული სახის ფინანსები სჭირდება მე კი ამ მომენტში არანაირი შემოსავალი არ გამაჩნია, არ ვიცი ეს როგორი მიდგომაა. ახლა მხოლოდ ადამიანების დახმარების იმედი მაქვს, რომ ქუჩაში არ ვიყო, თქვენც იმიტომ მოგმართეთ დახმარებისთვის, რადგანაც სხვა გზა არ მაქვს, არ ვიცი ვინ შეიძლება დამიდგეს გვერდით.

_ თქვენ შეგიძლიათ ახლა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნება?

_ არა, იქ ჩემზე საქმეა აღძრული და მაშინვე დამაკავებენ, უარეს შემთხვევაში კი მომკლავენ, იქ მე ახლა მტრად ვითვლები.

CNews -მა იუსტიციის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან სცადა დაკავშირება. უწყების პოზიციებს მოგვიანებით გაგაცნობთ.

გიგა გელხვიიძე, ნენე ინჯგია CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები