დავით ზურაბიშვილი: „ამნისტია ყველას უნდა შეეხოს“

სულ ნახვები : 1,288
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რამდენად აქვს მიხეილს სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ „გასაგიჟებელი“ მხარდაჭერა, შეიცვლება თუ არა წელს ხელისუფლება, უნდა მიიღოს თუ არა ქვეყანამ ამნისტიის კანონი და რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს მეტი შანსი? -CNews-ს „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი ესაუბრა.

- ბატონო დავით,  მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს და წელს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. რას იტყვით, ეს განცხადება რეალობას შეეფერება?

- სააკაშვილს და მის პარტიას პოლიტიკური მხარდაჭერა ნამდვილად აქვს, თუმცა რამდენად საკმარისია ეს ხელისუფლების შეცვლისათვის? - როგორც გამოჩნდა,  არ არის საკმარისი. რაც შეეხება იმას,  რომ წელს შეიცვლება ხელისუფლება, წელს ხელისუფლება ვერ შეიცვლება, რადგან ამას ჭირდება საპარლამენტი არჩევნები. თუ დამარცხდება „ოცნება“, ანუ 43%-ზე ნაკლებს მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში, ამ შემთხვევაში, მოსალოდნელია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ეს კი 2022 წლის გაზაფხულამდე მაინც ვერ მოხდება. ამიტომ, თუ, დავუშვათ და, ოპოზიცია ძალიან გაძლიერდა, გახარია შემოვიდა კიდევ და მან წაართვა ხმები „ქართულ ოცნებას“, ამ შემთხვევაშიც  კი, ეს 2022 წლამდე არ მოხდება. თუ რევოლუციაზეა საუბარი, ეს სხვაა,მაგრამ რევოლუციის ნიშნები ქვეყანაში არ ჩანს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ 27 % აქვს არჩევნებში აღებული, საქართველოს პირობაზე ეს მცირე მხარდაჭერა არ არის, მაგრამ იმდენიც არაა, რომ ხელისუფლებაში იყო.

- რას იტყვით ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე, ამ კრიზისის ამოწურვის შანსი არსებობს?

- ვინც შესულია პარლამენტში, მგონი,  მათი რაოდენობა საკმარისია პარლამენტის ფუნქციონირებისათვის. თუ „ნაციონალური მოძრაობა“  არ შევა პარლამენტში, თვითონ დარჩება წაგებული. მგონია, რომ ისიც შევა ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ. რაც შეეხება შეთანხმებით გაწერილ საკითხების შესრულებას,  ეს პროცესია. ცხადია, შეხმატკბილებულად ვერ იმოქმედებს ხელისუფლება და ოპოზიცია და მრავლად იქნება წინააღმდეგობები, დებატები და კამათიც, თუმცა მთავარია, პროცესი დაძრულია.

- შეთანხმების პირველივე პუნქტი, რაც ამნისტიის კანონპროექტია, ცხარე დებატების საგანი გახდა. დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი, რას იტყვით ამის შესახებ?

- არაფერი დაპირისპირება არაა. პრინციპში, ეს ორი კანონპროექტი ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ოპოზიციის კანონპროექტში დაზარალებულების თანხმობაზეა საუბარი. რა თქმა უნდა,  ამნისტია ყველას უნდა შეეხოს, ვის წინააღმდეგაც არის საქმე აღძრული, სხვანაირად ამნისტია  წარმოუდგენელია. მარტო პოლიციელებს რომ შეეხოს, ან მარტო მომიტინგეებს, მაშინ შეთანხმება ვერ შედგებოდა. რადგანაც შედგა შეთანხმება, ეს ნიშნავს, რომ ვის წინააღმდეგაც არის აღძრული საქმე, ყველას უნდა შეეხოს. 

ჯადოსნური მუხლი  ხომ არ აქვთ წაყენებული ამ პოლიციელებს, რომლებსაც შემდეგ ვერაფერი შეეხება, ეს საუბარი დაბალი კვალიფიკაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. გავა ეს ამნისტიის კანონი, ამაზე ორი აზრი არ არის.

- ნიკა მელიის განცხადებაზე რა იტყვით, რომლის მიხედვითაც,  ის დათანხმდება ევროკავშირის გირაოს ამნისტიის კანონზე უარის თქმის სანაცვლოდ?

- არ არის გირაო და ამნისტია ერთმანეთის საპირწონე. გირაო საჭიროა იმისთვის,  რომ პირმა საპატიმრო დატოვოს, ამნისტია კი - ბრალდების მოსახსნელად. აუცილებლად უნდა შევიდეს ამნისტია ძალაში.

უბრალოდ, ოპოზიციის იმ ნაწილის არ მესმის, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას და იმის ნაცვლად,  რომ მკაფიოდ განმარტოს, გაუგებარ განცხადებებს აკეთებს. მას არაფერი საბოდიშო არ აქვს. ვფიქრობ, ამნისტიის კანონი უნდა მიიღონ!

- საზოგადოებრივ პროტესტზე რას იტყვით?

- ბუნებრივია,  20 ივნისის დაზარალებულები არასდროს იქნებიან კმაყოფილები. მათ ეშინიათ და ეს გასაგებია, რომ საერთოდ არავინ დაისჯება,  მაგრამ არსებობს ასეთი პრინციპი - ჯობია,  დამნაშავე დარჩეს დაუსჯელი, ვიდრე უდანაშაულო დაისაჯოს.  16 მომიტინგეს აქვს ბრალი წაყენებული. ისიც კარგად ვიცით, რომ ამ პოლიციელებს არავინ დასჯის, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება,. ამიტომ 3 პოლიციელის დასჯის გამო, შეთანხმება ჩაშალო, ეს იქნება უდიდესი უგუნურება. ეს შეთანხმება, იმედია, არ ჩაიშლება.

- ფიქრობთ,  მომიტინგეებს უფრო სჭირდებათ ამ კანონის მიღება, ვიდრე - ხელისუფლებას?

- ამნისტია სჭირდება ქვეყანას. ხელისუფლებას თუ იმედი აქვს, რომ ამ ამნისტიით 20 ივნისის თემას დახურავს, ასე არ იქნება. ფურცელი არ გადაიშლება. ვფიქრობ, სისხლის სამართლის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითაა ჩადენილი დანაშაული  და ამას ამნისტია არ ეხება.

- წეღან გიორგი გახარია ახსენეთ. რამდენად ჩამოირეცხავს ის 20 ივნისის ლაქას და საერთოდ, მის ჯერარშექმნილ პარტიას წარმატების შანსი აქვს?

- ბატონი გახარია 20 ივნისის ლაქას ვერასდროს ჩამოირეცხს. ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც დოზით პასუხისმგებლობა ამ საკითხზე მას ყოველთვის დაეკისრება. ორი ვარიანტია: ან თვითონ გასცა ბრძანება, ან სხვისი გაცემული ბრძანება აიღო თავის თავზე. ორივე შემთხვევაში, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება., თუმცა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს  თუ გადავხედავთ, ეს არ არის ისეთი რამ,  რაც მის ბევრ ოპონენტს არ გაეკეთებინოს. ასე რომ,  არ მგონია, ამან ძალიან სერიოზულად შეუშალოს ხელი, მითუმეტეს, ბატონი გახარიას ელექტორატი იქნება ის,  ვინც ახლა ხელისუფლებას აძლევს ხმას.

- ფიქრობთ, რომ გახარიას პარტია „ოცნებას“ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს?

- კი, ვფიქრობ, დაახლოებით 10 პროცენტის ფარგლებში ისე წაიღებს, როგორც არაფერი. დანარჩენი, რამდენად შეძლებს მეტი ამომრჩევლის მოზიდვას, ეს დამოკიდებულია, რამდენად შეძლებს მათი  ხმების მიღებას, ვინ არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარესაა.

- მესამე ცენტრის შექმნას გიორგი ვაშაძე ცდილობს და რამდენად გამოუვა?

- რაც უფრო მეტი არჩევანი იქნება, მით უფრო გაიზრდება ე.წ კოალიციურობის შანსი. არ მგონია, რომელიმე პოლიტიკურ ძალას დამოუკიდებლად ჰქონდეს ქვეყნის მართვის რესურსი. თუ არ გვინდა ავტორიტარიზმისკენ სვლა, მაშინ კოალიციურობისაკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი. ამას მესამე ცენტრებით და ახალი მზეჭაბუკებით ვერ შევძლებთ, უფრო ურთიერთთანამშრომლობით. ვიღაცა 10 პროცენტს აიღებს, ვიღაც - 5-ს, აქედან დგება კოალიცია. ამას აქვს თავისი მინუსები, მაგრამ ჩვენს რეალობაში პლუსები გაცილებით მეტია.

CNews, ირინა მაკარიძე  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა