ექსკლუზივი: მეუფე სპირიდონის სექსუალურ ძალადობაზე ნასამართლეობას სახალხო დამცველი სწავლობს

სულ ნახვები : 8,442
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს საპატრიარქო, წმინდა სინოდი, სინოდის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა მეუფე სპირიდონი, საქართველოს იუსტიციისა და ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთდროულად არღვევენ ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებს.

რამდენინე დღის წინ, კვლავ აქტუალური გახდა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის საკითხი, სადაც მეუფე სპირიდონის განკარგულებით ისევ არ შეუშვეს სახალხო დამცველი. პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს. აქედან, ყველაზე უმცროსი 5 წლისაა. ეპისკოპოსი სპირიდონი 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს უშვებს და ეს ხდება მაშინ, როცა თავად ეპისკოპოსი და ზემოჩამოთვლილი უწყებები თუ ინსტიტუტები კანონებს წლებია, სავარუდოდ, თავად არღვევენ. კერძოდ, ლაპარაკია კანონზე, რომლის მიხედვითაც, სექსუალური ძალადობისთვის გასამართლებული პირი არ შეიძლება, დასაქმებული იყოს როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მეუფე სპირიდონი კი, სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ორჯერაა ნასამართლევი და ერთხელ - სექსუალური ძალადობისთვის (ამ მტკიცებულებების მოპოვება, პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტროს და განათლების სამინისტრის გენერალური ინსპექციის ვალდებულებაა).

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი 2010 წლიდან ხულოში, აბუსერიძე ტბელის სახელობის მრავაპროფილიანი უნივერსიტეტის რექტორია. ასევე, არის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ხულოს პროფესიული სასწავლებელს, წმ. ტბელ აბუსერიძის გიმნაზიას და წმ. თეოდორე აჭარელის სახ. ბაგა-ბაღს აერთიანებს. მისივე პატრონაჟის ქვეშაა ნინოწმიდის წმ. ნინოს სახელობის ობოლ და მშობელთა მზრუნველობასმოკლებულ ბავშვთა პანსიონიც და ა.შ.

ზოგადად, ყველამ, ვისთვისაც საეკლესიო ცხოვრებისა და ეპარქიების მართვის სტრუქტურა ცნობილია, კარგად იცის, რომ ეპარქიის ტერიტორიაზე ყველა და ყველაფერი ეპისკოპოსს ექვემდებარება და სწორედ ისაა ფორმალური და ფაქტობრივი განმკარგველი.

ამ დროს კი ზოგადი განათლების შესახებ კანონის 331-ე მუხლი „პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა“ პირდაპირ ამბობს, რომ დაუშვებელია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდეს: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.

რაც შეეხება კანონს უმაღლესი განთლების შესახებ, მუხლი 32: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები.

2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდესსქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.

CNews-მა ამ საკითხის შესწავლის წინადადებით სახალხო დამცველის აპარატს მიმართა, რის შემდეგაც ომბუდსმენის ოფისიდან გვაცნობეს:  „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელის სავარაუდო ნასამართლეობის შესახებ, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე.

შესწავლის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი კორესპონდენციებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ არქივს.

ამ დროისთვის საქმეზე წარმოება გრძელდება და ველით უწყებების მხრიდან შესაბამის რეაგირებას და წერილობით ინფორმაციას მათ მიერ გატარებულ ღონისძიებებზე“.

კიდევ ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი: საპატრიარქო, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროები ერთმანეთისგან დისტანცირებას იმით ახდენენ, რომ საჯაროდ აცხადებენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო დაწესებულებები არაპროფილური სასწავლებლებია და მათ ერთმანეთის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვთ. ეს არგუმენტი აბსოლუტური აბსურდია, რადგან თუნდაც იმავე კონკორდატის მიხედვით, მუხლი 1, პუნქტი 3 - ეკლესია არის აჯარო სამართლის იურიდიული პირი, „რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.

თუ ამ საკითხსაც გვერდზე გადავდებთ, მეუფე სპირიდონი სრულადაა მოქცეული საქართველოს კანონდებლობის ფარგლებში, რადგან სასწავლო დაწესებულებები, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს, ავტორიზებულია განთლების სამინისტროს მიერ. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი  განათლების სამინისტროს მიერ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია 2020 წლის 1-ლი მაისის მდგომარეობით.

რაც შეეხება ავტორიზებულ სკოლას, (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც) - ასეთი გახლავთ შპს  ხულოს წმინდა აბუსერიძე ტბელის სახელობის სკოლა და შუახევის ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლა.

გასაგებია, რომ იუსტიციისა და განათლების სამინისტროებს სურვილი არ აქვთ, კონფლიქტში შევიდნენ საპატრიარქოსთან და შესაბამისად, თავს არ იწუხებენ მეუფე სპირიდონის (ერისკაცობაში გოჩა აბულაძის) ნასამართლევობის დოკუმენტების მოპოვებითა და მათი გასაჯაროვებისაგან. არადა, წესით, სწორედ მეუფე სპირიდონმა უნდა წარუდგონოს ავტორიზაციის დროს ეს დოკუმენტი განათლების საამინისტროს. მაგრამ იმის გთვალისწინებით, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ კანონის შესაძლო დარღვევას, არამედ, საუბარია, პირველ რიგში, მოზარდებზე - ბავშვებზე, ადამიანებზე (სტუდენტებზე) და მათ უფლებებზე, უკვე სამინისტროების ვალდებულებაა, თავად მოიპოვონ აღნიშნული დოკუმენტი ან გააქარწყლონ საფუძვლიანი ეჭვი.

მეორეა მორალური მხარე, თუ საჯარო ბრალდებები მეუფე სპიროდონის წინააღმდეგ, რომელიც მედიისა და საოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება, არასწორია, ამ შემთხვევაში, თავად მეუფე სპირიდონი და საპატრიარქო უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ დოკუმენტურად უარყონ ბრალდებები, მით უფრო, კონკორდატიც კი არ არის დოკუმენტი, რომელიც  სასულიერო პირს კანონზე მაღლა აყენებს.

CNews-ი დაუკავშირდა მეუფე სპიროდოს, მაგრამ იმ მოტივით, რომ ჟურნალისტს არ იცნობს, ჩვენთან საუბარი არ ისურვა. კითხვით მივმართეთ საპატრიარქოს პორესსამსახურსაც, თუმცა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჩვენს შეტყობინებას არ უპასუხა.
ამდროულად, ველოდებით, განათლების სამინისტროს პასუხს.

რისკი, რა თქმა უნდა, დიდია, რომ შესაბამისმა უწყებებმა არ და ვერ მოიძიონ გოჩა აბულაძის ნასამართლევობის დოკუმენტები, თუმცა ამ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ უწყებებს. უფრო მეტიც, ეს ვალდებულება იმიტომაც უნდა იქნას შესრულებული, რომ მოზარდების მშობლებს და სტუდენტებს ჰქონდეთ არჩევანის საშუალება და თავად გადაწყვიტონ, ასწავლონ და ისწავლონ იმ დაწესებულებაში, რომლის ხელმძღვანელიც - პირდაპირი თუ არაფორმალური მმართველი, შესაძლოა, სექსუალური დანაშაულისთვისაა გასამართლებული.

ფაქტი გოჩა აბულაძეს ორჯერ ნასამართლევობის შესახებ ცნობილია. ამიტომ ამ საკითხის დამალვა ყოველგავრ აზრსაა მოკლებული. თუ სახელმწიფო უწყებები ამ მიმართებით კონკრეტულ ნაბიჯბს არ გადადგამენ და მეუფე სპიროდონი, მართლაც, ნასამართლევია სექსუალური დანაშაულისთვის, ისინი თავად გახდებიან კანონის დარღევის ხელმშემწყობები და თანამონაწილენი. განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ამ საკითხზე მოკვლევა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე ახლა სასულიერო აკადემიაში ხარისხის სამსახურშია დასაქმებული, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა სავარაუდო შედეგებს უნდა ველოდოთ საკითხის „შესწავლის“ შემდეგ!

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა