ვფიქრობ, ოცნებას რუსეთიდან მიუთითეს, შეეჩერებინათ ქართველი მებრძოლების ტალღა - მამუკა მამულაშვილი

სულ ნახვები : 234
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართველი მებრძოლებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის, ანაზღაურებით ინტერესისა და პარტიული მიკუთვნებულობის შესახებ განცხადებებით ქართული ოცნება ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას ცდილობს.

მამულაშვილის აზრით, ქართული ოცნების მხრიდან ქართველი მებრძოლების დისკრედიტაციის მცდელობის მიზეზი ისაა, რომ უკრაინული ჯარი რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევით ოპერაციას წარმატებით ახორციელებს, ქართული ლეგიონი კი უკრაინის ჯარში ყველაზე დიდი უცხოური შენაერთია და ოკუპანტებს დიდ წინააღმდეგობას უწევს.

„ჩვენ ვართ სამხედრო დაზვერვის ნაწილი. საკმაოდ დიდი ზიანი მივაყენეთ რუსეთს, რუსულ ჯარს. აქედან გამომდინარე, რუსები არიან გაღიზიანებულები და, ჩემი აზრით, მოხდა ეს საუბარი და სთხოვეს, რამენაირად შეეჩერებინათ ეს ტალღა იმიტომ, რომ დიდი დისკომფორტს უქმნით, კერძოდ ქართულ ლეგიონი მაქვს მხედველობაში. მიიღეს მითითება და ამ მითითებას ასრულებენ. ჩვეულებრივი პრორუსული მთავრობა გვყავს, რომელიც ჩვეულებრივ ასრულებს დავალებებს. ჩვენც ჩვენი მხრივ ვასრულებთ იმ დავალებებს, რაც საქართველომ დაგვავალა და ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენ აქ წარმოვადგენთ ქართულ საზოგადოებას და საქართველოს“ - განაცხადა მამულაშვილმა .

მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ბრალდებაზე, რომ ის ერთიან ნაციონალური მოძრაობას წარმოადგენს მამულაშვილმა განაცხადა, რომ რომელიმე პარტიასთან დაკავშირებული არასდროს ყოფილა და "სისულელეა", რომ თითქოს ის ან ქართული ლეგიონი რომელიმე პარტიას ეკუთვნის ან ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში.

ქართველი მებრძოლი აცხადებს, რომ მან ქართული ლეგიონი უკრაინაში 2014 წელს რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად შექმნა და მასთან რომელიმე პარტიას ან ქართველ პოლიტიკოსს შეხება არ ჰქონია ეს დამოუკიდებელი დანაყოფია.

რაც შეეხება ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ მამუკა მამულაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრია, მებრძოლის აზრით, პრემიერის გაღიზიანება მამულაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების მიმართ ევროპარლამენტში მისი მხრიდან კრიტიკა გახდა.

„ღარიბაშვილს, სავარაუდოდ ეწყინა ის, რომ ბიძინა ივანიშვილზე ვთქვი ევროპარლამენტში გამოსვლაზე, რომ ივანიშვილს ტყვედ ჰყავს აყვანილი ქართველი ხალხი, მანიპულირებს და არ მიჰყავს იმ ვექტორით რაც ქართული საზოგადოების მოთხოვნაა - პროდასავლური, დემოკრატიული მიმართულება საქართველოს არ აქვს სამწუხაროდ. ასეც არის, ტყვედ ჰყავს ივანიშვილს დღეს ქართველი ერი  აყვანილი და შესაბამისად, ღარიბაშვილიც ახმოვანებს იმას, რასაც ეუბნება თავისი კურატორი და რასაც ეუბნებიან თავის კურატორს“ - განაცხადა მამულაშვილმა.

მებრძოლის თქმით, ქართული პოლიტიკის მიმართ მათი მხრიდან კრიტიკა ლოგიკურიცაა, "იმიტომ რომ რისთვისაც ვიბრძვით ჩვენ ზუსტად ამის საწინააღმდეგოდ იბრძვიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები დღეს და ნუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოვდივართ ერთმანეთთან“ - განაცხადა მამულაშვილმა.

ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე გაკეთებულ განცხადებები, მამულაშვილის აზრით, ასევე ლეგიონის დისკრედიტაციას ემსახურება, თუმცა, მისი თქმით, ამგვარ განცხადებები "არავის აშინებს".

„ადამიანს დავალებული აქვს, მოხდეს ჩვენი დისკრედიტაცია და ეცდება ყველანაირად, ეს გააკეთოს. მაგის მიუხედავად ვერ შეძლებს იმიტომ, რომ მიზეზი არ არსებობს.

დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ მოქალაქეობა ჩამოართვან. იცით, არავის აშინებს ეს როდესაც ადამიანები აქ არიან აქ პასპორტის ქონა არ ქონაზე არ არის, აქ არის სიცოცხლის შენარჩუნება არ შენარჩუნებაზე" - აცხადებს მებრძოლი.

მამულაშვილმა ფორმულასთან ისაუბრა უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიღების პროცედურაზე. მისი თქმით, უკრაინაში მოხალისე მებრძოლების მიღებას ფორმალურად ქართული ლეგიონი აცხადებს, მსურველები გადიან გასაუბრებას, რა დროსაც ლეგიონი ამოწმებს აკმაყოფილებენ თუ არა ისინი საჭირო კრიტერიუმებს.

მებრძოლის ცნობით, ლეგიონში ბრძოლის მთავარი კრიტერიუმია, რომ ადამიანი იდეოლოგიურად იყოს განწყობილი უკრაინაში ბრძოლისთვის და არ ჰქონდეს ფინანსური ინტერესი. მამულაშვილის თქმით, თუ ადამიანის მთავარი ინტერესი ანაზღაურებაა, მათთვის ასეთი კანდიდატი მიუღებელია.

„თუ მათ მოტივაცია აქვთ, რომ ჰქონდეთ ხელფასი ასეთ ადამიანებს არ ვიღებთ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ თუ ადამიანი იდეოლოგიურად არ არის განწყობილი აკეთოს ის რისთვისაც ჩამოდის აქ, აზრი არ აქვს ანუ არ ვიღებთ ეგეთ ადამიანებს, ვინც პირველ რიგში კითხულობენ რამდენი ექნებათ ხელფასი, რა ანაზღაურება ექნებათ. ასეთი ადამიანები არიან ჩვენთვის მიუღებლები და არ ვიღებთ არასდროს“ - განაცხადა მამულაშვილმა

ლეგიონში მიღების შემდეგი, ასევე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, მამულაშვილის ცნობით, არის საბრძოლო გამოცდილება - მხოლოდ მათ იღებენ, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვთ და „პროფესიულად იციან, რას აკეთებენ“.

მისი თქმით, ქართულ ლეგიონში არ იღებენ აქტიურ სამხედრო მოსამსახურეებს არცერთი ქვეყნიდან, შესაბამისად ამ პროცესში არ არის ჩართული საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

შერჩევის ყველა ეტაპის გავლის შემდეგ კი მოხალისეები დებენ კონტრაქტს უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვასთან.

ქართული ლეგიონის მეთაურის ცნობით, უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები იღებენ იმავე ოდენობის ხელფასს, რასაც უკრაინელი ჯარისკაცები.

„ელემენტარული ლოგიკაა, ადამიანი აწერს საკონტრაქტო სამსახურს ხელს, მაგრამ იმის შემდეგ რაც ჩვენ გავარკვევთ, რომ იდეოლოგიურად არის ჩვენი [მხარდამჭერი]. იღებს იმ ხელფასს რასაც იღებს ნებისმიერი უკრაინელი ჯარისკაცი“, - განაცხადა მამულაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა