„მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება იძლევა საქმის ხელახალი გამოიძიების საფუძველს“ - ალექსანდრე ბარამიძე

სულ ნახვები : 527
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 რას გულისხმობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაეკისრა თუ არა ვალდებულება სახელმწიფოს საქმის ხელახალი გამოძიების შესახებ?  - ამ საკითხებზე Cnews- სამართლის ექსპერტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე ესაუბრა.

_ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლს, რომელიც არის სიცოცხლის უფლების ხელყოფა, აქვს ორი ასპექტი, არსებითი ასპექტი და პროცედურული ასპექტი. ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ არსებით ნაწილში სიცოცხლის ხელყოფის უფლება არ დარღვეულა, მაგრამ პროცედურულ ასპექტში ეს უფლება დაირღვა. მე-2 მუხლის იდეა არის ის, რომ აკრძალულია სიცოცხლის ხელყოფა, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ეს შეიძლება, როცა აბსოლუტურად აუცილებელია. აბსოლუტური აუცილებლობის ტესტი უნდა იყოს დასაბუთებული, რომ სიცოცხლის ხელყოფა გამართლებული იყოს. როდესაც ტერორისტი ისვრის ადამიანების მიმართულებით, აბსოლუტური აუცილებლობის ტესტი მეტ-ნაკლებად ადვილი დასადგენია, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც საქმეა ახალგაზრდა ყმაწვილზე, რომელიც თავის ლოგინში იწვა, კითხვაა ზუსტად ეს, რამდენად იყო აბსოლუტურად აუცილებელი მისი სიცოცხლის ხელყოფა. სახელმწიფოს წარმომადგენლები ხატავენ სურათს, რომ მას ხელში ხელყუმბარა ეჭირა და საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს. ზუსტად ეს არის გაურკვეველი, ჰქონდა თუ არა მას ეს ხელყუმბარა ხელში.  ეს გამოძიებამ ვერ დაადგინა. ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ გამოძიება ცუდად წარიმართა და ამით სახელმწიფომ პროცედურული ასპექტი დაარღვიაო, მაგრამ აქედან შედეგი არსებითი დასკვნის მიმართ არ გამოიტანა. ისმის კითხვა, თუ ცუდად გამოიძია, მაშინ რატომ ენდობი სახელმწიფოს იმ საკითხში, რომ აბსოლუტური აუცილებლობის ტესტი არსებობდა, ანუ, მისი სიცოცხლის ხელყოფა შეიძლებოდა? ევროპულმა სასამართლომ  ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, მტკიცების ტვირთი მოხსნა სახელმწიფოს იმ კუთხით, რომ მისი თქმით ეს არ იყო ის შემთხვევა, როდესაც პირი მთლიანად სახელმწიფოს ხელშია,  მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, როდესაც ადამიანი მთლიანად სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ქვეშაა. ამ დროს სახელმწიფოს აბსოლუტური მტკიცების ტვირთი აკისრია. ამ შემთხვევაში ეს ასე არ იყო - თქვა ევროპულმა სასამართლომ.

გარდა ამისა, მეორე მხრივ, სახელმწიფოს ჰქონდა აბსოლუტური ხელმისაწვდომობა გამოძიების მიმართებით, თუ ცუდად გამოიძია, რასაც თავად აღიარებ, მაშინ რატომ ენდე, რომ სიცოცხლის ხელყოფის აბსოლუტური აუცილებლობა არსებობდა. ამ საკითხში განსხვავებული აზრი დაწერა უკრაინელმა მოსამართლემ, რომელმაც თქვა, რომ ეს ძალიან ცუდი სიგნალი შეიძლება იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისთვის. გასაგებია, არ ვიცით ზუსტად, რა სიტუაციაში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილი ოთახში სუს-ის ძალების შეჭრის მომენტში, მართლა ეჭირა მას ხელყუმბარა თუ არა. ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონოდა,  დროული გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, ზუსტად ეს ინფორმაცია არ არსებობდა, ამიტომ უკრაინელი მოსამართლე თვლის,  რომ პროცედურული და არსებითი ასპექტი უნდა გადაწყვეტილიყო ერთობლიობაში, რომ კონვენციის მე-2 მუხლი დაირღვა.

_ იძლევა თუ არა ეს გადაწყვეტილება საქმის ხელახალი აღძვრის საფუძველს ?

_ აუცილებლად, დაეკისრება სახელმწიფოს, ეს ვალდებულება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომ გამოიძიოს ჯეროვნად ეს საქმე, გამოიძიებს თუ არა ეს არ ვიცით. შეიძლება ახლა უკვე თქვან, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. მთავარი მტკიცებულება, რომელიც აბსოლუტური აუცილებლობის ტესტზე ჯეროვან პასუხს გაგვცემდა იყო ხელყუმბარა, მაჩალიკაშვილის მხარე ამბობს, რომ არავითარი ხელყუმბარა მაჩალიკაშვილს არ ჰქონდა, თვითონ მოიტანეს იმათო. სახელმწიფო კი საწინააღმდეგოს ამბობს, ეს მტკიცებულება კი არ არსებობს. ვინ გააქრო ეს მტკიცებულება? ეს მტკიცებულება გააქრო სახელმწიფომ. სამწუხაროდ, ევროპულმა სასამართლომ ამ ფაქტიდან ჯეროვანი  დასკვნები მე-2 მუხლის არსებით მხარესთან მიმართებით არ გააკეთა.

_ შეიძლება ითქვას, რომ გამოძიების ხარვეზების გამო ვერ მოხდა საბოლოოდ სიცოცხლის ხელყოფის უფლების დადგენა?

_ დიახ, ეს პირდაპირ თქვა ევროპულმა სასამართლომ - პროცედურულ ნაწილში გაამტყუნა სახელმწიფო,  მაგრამ არსებით ნაწილში სამწუხაროდ, ეს არ გააკეთა, ჩემი აზრით, ამ ნაწილში მთლად დამაჯერებელი ევროპული სასამართლო არ არის.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლების) პროცედურული ასპექტის დარღვევას. ასევე, პალატამ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლების) არსებითი ასპექტის დარღვევას. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ მოსარჩელეებს ერთობლივად უნდა გადაუხადოს 10 ათასი ევრო არამატერიალური ზიანისთვის და 15 ათასი ევრო სასამართლოს ხარჯების დასაფარად.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა