გიორგი ჩალაძე: უკვე ერთი კვირაა ყოვნდება პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი

სულ ნახვები : 715
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ უკვე ერთი კვირაა, პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი ყოვნდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

,,უკვე ერთი კვირაა ყოვნდება პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი. ეს პოლონელი ექიმები ჩამოდიან არა თვითინიციატივით, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით, გაერთიანებული მისიით და ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ემანუელ მაკრონი აკეთებს ასეთ განცხადებებს, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ფეხზე დგას პრეზიდენტ სააკაშვილის გაუარესებული მდგომარეობის დროს, დროულად მოხდეს პოლონელი ექიმებისთვის ყველა ბიუროკრატიული პრობლემის მოგვარება და საშუალების მიცემა, პრეზიდენტ სააკაშვილი მოინახულონ", - განაცხადა ჩალაძემ.

ამასთან, როგორც ჩალაძემ აღნიშნა, ხვალ სტრასბურგში გაემგზავრებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად შეხვედრებს გამართავენ.

,,ჩვენ ხვალ მივემგზავრებით სტრასბურგში, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება. შეხვედრების მიზანი სამუშაო გრაფიკი არის პუტინის პატიმრები, ჩვენ გვექნება საუბრები ქალბატონ გიულისთან და პრეზიდენტ სააკაშვილის შვილთან ერთად, ბილ ბრაუდერის ჯგუფთან ერთად იმ ქმედებებზე, რასაც პუტინი მისი პატიმრების წინაშე სჩადის", - თქვა მან.

3 მარტს პოლონურმა გამოცემა Polskie Radio-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების დემარშზე პასუხად პოლონელი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვას დათანხმდა. მეორე დღეს გავრცელდა იუსტიციის სამინისტროს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დემარშს ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს. სამინისტრო აცხადებდა, რომ რატი ბრეგაძემ თავად, ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა სააკაშვილს ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანა.

სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ, მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა - ექიმთა და ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ პაციენტი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.

დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა - მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა