ოლიგარქად ცნობის საკითხს ანტიკორუფციული ბიურო განსაზღვრავს - ცვლილებები კანონპროექტში

სულ ნახვები : 202
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს და ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ახალი ცვლილებების თანახმად, პირს ოლიგარქად არა მთავრობა, არამედ ანტიკორუფციულო ბიურო ცნობს.

"ვენეციის კომისიამ გასცა ასეთი რეკომენდაცია, რომ პოლიტიზებული არ უნდა იყოს პირის ოლიგარქად მიჩნევის პროცესი. ჩვენ ეს მიდგომა და მათი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და გთავაზობთ, რომ პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობიდან გადაეცეს ანტიკორუფციულ ბიუროს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

​კანონპროექტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ ექვემდებარება სასამართლო კონტროლს ანუ გასაჩივრდება და გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით - პირის მიმართ გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობის შესახებ ძალაში არ შევა, ვიდრე არ დასრულდება სამართალწარმოება.

თუმცა ცვლილებებზე კითხვები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს - როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ანტიკორუფციული ბიურო მთავრობისგან დამოუკიდებელი არ იქნება.

"რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ პრემიერმინისტრს დაქვემდებარებული, არადამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო განსაზღვრავს კონკრეტულად ადამიანის განსაზღვრებას, ოლიგარქია თუ არა. ჩვენი მთავარი პრობლემა რაც არის ქვეყანაში, ეს არის ის, რომ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი არაფორმალური მართვის ნიშნები იკვეთება", - აღნიშნა მან.

ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა ორი მოსმენით მიღებული "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენაზე განხილვისთვის დააბრუნა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა