20 წლამდე ნაკრები ინგლისელ თანატოლებთან ორჯერ ითამაშებს

სულ ნახვები : 141
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, ლადო კილასონიას შეგირდები ქართველი ქომაგის წინაშე ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. 27 მაისსა და 1 ივნისს, თბილისში, „ავჭალაზე“, მეტოქედ ინგლისელი თანატოლები ეყოლება, რომელიც საქართველოს უძლიერესი შემადგენლობით ეწვევა. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს 20-წლამდელებს ინლისის პირველი გუნდის წინააღმდეგ აქამდე არასდროს უთამაშიათ.

„ინგლისის 20-წლამდელთა გუნდის სტუმრობა ძალიან მაგარი ფაქტია და მადლობა ამისათვის რაგბის კავშირს, რომელმაც უდიდესი სამუშაო გაწია. ყველამ კარგად იცის როგორი სარაგბო პოტენციალის ქვეყანაა ინგლისი. ვნახეთ ჩვენი მომავალი მეტოქის თამაში. მათ მობილური, დიდი ბიჭებისგან დაკომპლექტებული გუნდი ყავთ. მსოფლიო ჩემპიონატამდე ინგლისის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა და მნიშვნელოვანი გამოცდილების მომტანი იქნება. გუნდს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშის შესაძლებლობა, მით უმეტეს ასეთი დონის მეტოქის წინააღმდეგ, იშვიათად ეძლევა. ბიჭების ნაწილი, საკუთარი ქომაგის წინაშე პირველად წარსდგება ნაკრების კვართით და მათთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქომაგის აქტივობას, 27 მაისს და 1 ივნისს სიამოვნებით ვიხილავთ და ვითამაშებთ სავსე ტრიბუნების წინაშე“, – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ აღდგა და წელს სამხრეთ აფრიკაში, 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

უმცროსი ბორჯღალოსნები მზადების ბოლოსწინა ეტაპს გადიან. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, მორაგბეებმა ორიოდე დღე დაისვენეს და 40-კაციანი შემადგენლობით შეკრებაზე შევიდნენ. მწვრთნელები ამჯერადაც მოისაკლისებენ ლეგიონერთა დიდ ნაწილს, რომელთა კლუბები საფრანგეთის ჩემპიონატის ფლეი ოფებში არიან გასული.

„მოსამზადებლად ორი სრული სავარჯიშო დღე გვქონდა, მესამე დღეს კაპიტნის ვარჯიშია, ხოლო ზეგ ინგლისთან პირველი თამაში გვიწევს. საფრანგეთიდან მხოლოდ რამდენიმე ლეგიონერის ჩამოყვანა მოხერხდა და წინასწარ არ ვიცით ვინ როდის დაგვემატება, რაც სირთულეებს ქმნის. ინგლისთან ორმატჩიანი სერია მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ბოლოსწინა ეტაპია. სამხრეთ აფრიკაში 13 ივნისს მივდივართ გუნდი საბოლოო სახეს ამ პერიოდისთვის მიიღებს“, – დასძინა კილასონია.

ერთი კვირის წინ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა „მარკუსის“ ბაზაზე საფრანგეთის 20-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ მართვადი თამაში გამართეს, რომელიც ოთხი 20-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა და შემადგენლობები მუდმივად იცვლებოდა. გამარჯვება მასპინძელ საფრანგეთს დარჩა – 36:5.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები