ხელისუფლება ამზადებს ერთგვარ ნიადაგს საგარეო კურსზე უარის სათქმელად - ნიკო მანაგაძე

სულ ნახვები : 3,907
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„როცა ქვეყნის საგარეო ორიენტაციაზე და კონკრეტულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ნებაზე ვსაუბრობთ, რეალურად ვგულისხმობთ სახელმწიფოს სუვერენული უფლებით სარგებლობას, ვიყოთ იქ, სადაც არის ხალხის ნება და სახელმწიფო ინტერესი. როცა ამას თმობ რაღაცის სანაცვლოდ თუ ვიღაცის შიშით, ეჭვ ქვეშ აყენებ შენს სუვერენულ უფლებებს და ზოგადად, სახელმწიფოებრიობას“ - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო CNews-თან საუბრისას, მარტის მოვლენების ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნიკო მანაგაძემ განაცხადა. 

მანაგაძის შეფასებით, ის განცხადებები, რომელიც დღეს, 30 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავას უშიშროების ფორუმზე გააკეთა, შეუსაბამოა ქართულ რეალობასთან და ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებასთან, შესაბამისად ამგვარი მიდგომები და ამ ნარატივის გადატანა პოლიტიკურ ქმედებებში ქვეყანაში მძიმე პოლიტიკურ ვითარებას და საბოლოოდ მოქმედი ხელისუფლების დასრულებას გამოიწვევს.

„დიქოტომია იმასთან დაკავშირებით, უნდა დათმოს თუ არა საქართველომ დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რუსეთისგან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ, დიდი ხანია დგას, თუმცა არასდროს ყოფილა სერიოზული განხილვის საკითხი უმაღლეს დონეზე. დღეს ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში გაკეთებული განცხადებები აჩენს განცდას, რომ ხელისუფლება ამზადებს ერთგვარ ნიადაგს საგარეო კურსზე უარის სათქმელად ტერიტორიული პრობლემების მოგვარების მოტივით. ნატოს, როგორც უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ბარბაროსული ომის მთავარ მიზეზად დასახელებაც სწორედ ამის გამოძახილია.

ზოგადად, როცა ქვეყნის საგარეო ორიენტაციაზე და კონკრეტულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ნებაზე ვსაუბრობთ, რეალურად ვგულისხმობთ სახელმწიფოს სუვერენული უფლებით სარგებლობას, ვიყოთ იქ, სადაც არის ხალხის ნება და სახელმწიფო ინტერესი. როცა ამას თმობ რაღაცის სანაცვლოდ თუ ვიღაცის შიშით, ეჭვ ქვეშ აყენებ შენს სუვერენულ უფლებებს და ზოგადად, სახელმწიფოებრიობას.

აქ არჩევანი არ დგას “რომელიმე ტერიტორიის დაბრუნება VS რომელიღაც ორგანიზაციის წევრობა”. რეალურად ვსაუბრობთ, ვირჩევთ სუვერენიტეტს თუ რუსეთის მძევლობის ქვეშ მიწების “შემოერთებას”, რადგან რუსეთი სხვა პირობებში (ამ წუთის მოცემულობით) არ აპირებს საქართველოს დეოკუპაციას. მთავარი პირობა, რის სანაცვლოდაც შეიძლება ეს გააკეთოს, არის ჩვენი მხრიდან სუვერენიტეტის დათმობა და ფაქტობრივი ვასალიტეტის გამოცხადება მის მიმართ. ამის მკაფიო დემონსტრირება იქნება ჩვენს ისტორიულ საგარეო კურსზე უარის თქმა და ფაქტობრივად მარტო, მოკავშირეების გარეშე დარჩენა რუსეთის გვერდით, რაც ყოველთვის ისე სრულდება, როგორც 1921 წელს გააკეთა ეს რუსეთმა - ასე იქნება დე ფაქტო და ამას იაზრებს ყველა, ვინც რუსეთს და მის პოლიტიკას მინიმალურ დონეზე მაინც იცნობს და ანალიზის უნარი აქვს.

შესაბამისად, ეს შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ სატყუარად ადეკვატური ცნობიერების არ მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ ვერ იქნება მისაღები საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც რელევანტურად უყურებს და აფასებს ამ მოცემულობას.

მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ნათლად აუხსნან პოლიტიკოსებმა ხალხს, რათა არსებულმა პუტინისტურმა რეჟიმმა ვერ შეძლოს მოქალაქეებისთვის ხაფანგის დაგება და ამ გზით ქვეყნის ფაქტობრივი შეთრევა რუსეთის ორბიტაზე, ჩვენი საბოლოო დაშორება დასავლეთისგან.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ საფრთხეებისგან თავის არიდების ერთადერთი გზა მხოლოდ ამ რეჟიმის პოლიტიკურად განეიტრალებაზე და მმართველობის სადავეებიდან ჩამოცილებაზე გადის. ვფიქრობ, საკმარისია “ოცნებამ” ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს და მაშინვე ამას მოქალაქეების მყისიერი რეაქცია მოჰყვება, რაც კარგად გათვლილი და ორგანიზებული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, მალევე დაასრულებს მათ კოლაბორაციონისტულ მმართველობას.

რაც მთავარია, საქართველოს საგარეო მისწრაფების ორიენტირები მკაფიოდაა ჩაწერილი კონსტიტუციაში და ნებისმიერი ამგვარი ნაბიჯი ავტომატურად ნიშნავს კონსტიტუციის ფეხქვეშ მთლიანად გათელვას და სახელმწიფოებრივი წესრიგის ამოყირავებას ხელისუფლების მხრიდან, რაც მათ იმთავითვე დააკარგვინებს ლეგიტიმაციას და მოქალაქეებს მისცემს ლეგიტიმურ უფლებას, ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით შეეწინააღმდეგონ ამას.“, - განუცხადა მანაგაძემ CNews-ს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა