ლადო კილასონია: ბედნიერებაა, როდესაც ასეთი დიდი ამბის ნაწილი ხარ

სულ ნახვები : 203
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მზადების ფარგლებში ინგლისელ თანატოლებს ორჯერ გაეჯიბრა და ისტორიული შედეგიც აჩვენა.

პირველ მატჩში, მეტოქემ 9-ქულიანი ჩამორჩენის დასკვნით წუთებში აღმოფხვრა და 41:36 გამარჯვება შეძლო, მეორე შეხვედრაში კი, ჩვენი გუნდი ბევრად უკეთესი იყო და რევანშიც შედგა – 40:38.

„ბედნიერებაა, როდესაც ასეთი დიდი ამბის ნაწილი ხარ. ასეთი რამ იშვიათად ხდება. არაფერია იმაზე მაგარი, როდესაც ადამიანთა ჯგუფი ერთ მიზანს დაისახავს, დაიხარჯება და ეს მიზანი შესრულდება. ბედნიერი ვარ არა მხოლოდ ამ ისტორიული გამარჯვებით, არამედ ჩვენი ბიჭების გაბედული, თამამი თამაშით. პირველი თამაშის შემდეგ ძალიან ბევრ კომპონენტში უკეთ გამოვიყურებოდით. ღია თამაშში, დაცვისას, ბევრად უკეთ ვიშლებოდით და ავდიოდით, უკეთესი იყო დისციპლინა რაქში თამაშისას და შეტევა. ვთვლი, რომ კონტრშეტევებისას ორივე მატჩში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. ამაყი ვარ ჩვენი ბიჭებით. ისინი ძალიან რთული გამოწვევის წინაშე მაგრად დადგნენ“, – განაცხადა უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ.

ახლა უმცროსი ბორჯღალოსნები რამდენიმე დღე დაისვენებენ, 5 ივნისს შეკრებაზე შევლენ, 9 ივნისის შემდეგ კი სამხრეთ აფრიკაში წამსვლელთა ვინაობა გაირკვევა:

„არჩევანის გაკეთება რთული იქნება. ამ სამ თამაშში (ერთი საფრანგეთთან, ორი ინგლისთან), გუნდის შეთამაშებასთან ერთად ერთ-ერთი მიზანი მორაგბეებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღება იყო. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ის ბიჭებიც კი, ვინც სამხრეთ აფრიკაში ვერ წავლენ, ახლა ბევრად უფრო წინ არიან. გარდა ამისა, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მოკლე პერიოდში გვიწევს 5 შეხვედრის ჩატარება, რაც ტრავმის ალბათობას ზრდის და რეზერვში გამოცდილი, მაღალი დონის მორაგბეები გვეყოლება, რაც დიდი ფუფუნებაა“, – დასძინა კილასონიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები