გლდანის რაიონში არსებული 2, 5 კილომეტრიანი შუა ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - კახა კალაძე

სულ ნახვები : 357
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული 2,5 კილომეტრიანი შუა ზოლის, გამწვანებული კუნძულების და სარაჯიშვილის სკვერის, ლიბანის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა დღევანდელ მუნიციპალიტეტის სხდომაზე.

„არაერთხელ მითქვამს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რეკრეაციული სივრცეების არსებობას თბილისში. ამასთან, ყველას კარგად გვახსოვს რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობების განხორციელების მავნე პრაქტიკა, რომელიც დანერგილი იყო. უამრავი ნებართვა იყო გაცემული და ამ ტერიტორიების დაბრუნება ადგილმონაცვლეობის გზით მოგვიწია, რათა ქალაქს შევუნარჩუნოთ მწვანე სივრცეები. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული პროექტი განხორციელდეს, ეს იქნება ახალი პარკების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია თუ სკვერების განახლება. ბოლო წლების განმავლობაში, უამრავი ასეთი პროექტი განხორციელდა და ეს ტენდენცია შენარჩუნდება. სადაც შესაძლებელია, ყველგან გავაკეთებთ ახალ პარკებს, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ სკვერებს, რათა მეტი მწვანე სივრცე იყოს. ყველა სივრცეში, სადაც ამგვარ პროექტებს ვახორციელებთ, გათვალისწინებულია შესაბამისი სავარჯიშო მოედნები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ  საზოგადოებას სარაჯიშვილის გამზირზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციის დეტალები გააცნო.

„სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა ზოლში, რომლის ფართობიც 25 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, წლების წინ გადიოდა ტრამვაის ხაზი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში გაუქმდა, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა და დანაშაული იყო. ამ სივრცის ასე დატოვება შეუძლებელი იყო. ადგილობრივი მოსახლეობაც გვთხოვდა, რომ გამწვანება მოგვეწყო. ეს სამუშაოები უკვე დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ზოლში მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დამცავი ღობე, გარეგანათების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; განთავსდა საპარკო ავეჯი; ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: დაირგო 5 ათასზე მეტი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახი. გარდა ამისა, აღნიშნული შუა ზოლისა და ლიბანის ქუჩის მიმდებარედ მოეწყო ახალი გამწვანებული კუნძულები“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: სარაჯიშვილის სკვერის, რომლის ფართობიც 6 000 კვადრატული მეტრია, ტერიტორიაზე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსდა საპარკო ავეჯი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

21 000 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსებულ ლიბანის სკვერში კი, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, შეიცვალა გარეგანათების ქსელი და მოეწყო ახალი სისტემა. დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის კამერები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო სკეიტ პარკი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა