რა ხდებოდა „იურმალაში” მუსიკალური ფესტივალის კულუარებში - ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო ქათამაძესთან





...
რამდენიმე დღის წინ დასრულდა ლატვიაში, კონკრეტულად კი ქალაქ „იურმალაში“ ცნობილი მომღერლის, ლაიმა ვაიკულეს მუსიკალური ფესტივალი „ლაიმა რანდევუ“, სადაც ქართული სცენის კაშკაშა წარმომადგენელი ნინო ქათამაძე საპატიო სტუმრის რანგში იყო მიწვეული ორგანიზატორის მიერ.
ღონისძიება სრულად ეძღვნებოდა უკრაინის თემატიკას და ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც ლაიმა ვაიკულე მის მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას რუსული აგრესიის მიმართ უკრაინაში ყოველთვის აფიქსირებს.
ღონისძიებიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ არტისტებს, ვინც ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს, რუსული მხარის მიერ, მათი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.
საინფორმაციო სააგენტო CNews დაინტერესდა რა ხდებოდა კონკურსის კულუარებში და რა შეიძლება გამხდარიყო რუსული მხარის ასეთი ხისტი რეაქციის მიზეზი, რისთვისაც მომღერალ ნინო ქათამაძესთან ექსკლუზიურად მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ.
_ იცოდით თუ არა, რომ „ლაიმა რანდევუ“-ში მონაწილე არტისტებს
რუსეთში შესვლა აეკრძალათ?
_ მე თქვენგან გავიგე ამ ინფორმაციის შესახებ. წინა ორი ფესტივალის მონაწილეები არ ვიცი, რადგანაც აფიშაზე წერია გარკვეული რაოდენობა და რეალურად ცოტა უფრო გაშლილად არის, მაგრამ მთელი ფესტივალი ეძღვნებოდა უკრაინას და აბსოლუტურად ყველა გამომსვლელი გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას, ასევე დარბაზში მყოფი ყველა ადამიანი რუსეთიდანაც ალბათ. იურმალა ისეთი ქალაქია, რომ მათ (რუსებს) დიდი ისტორია აქვთ მასთან, შესაბამისად ყველამ იცოდა, რომ ეს საღამო ეძღვნებოდა უკრაინას.
_ თქვენთვის აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობის პირველი გამოცდილება არ არის, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი...
_ რაც შეეხება ჩვენს მუსიკალურ მონაწილეობას, რამდენიმე წელია ვმონაწილეობთ მე და ნიკოლოზ რაჭველი, ის როგორც დირიჟორის, აკომპანიატორის თანხლებით და ვასრულებთ ნაწარმოებებს, ადგილობრივი ორკესტრის თანხლებით.
_ რა ხდებოდა წელს უფრო მეტი რომ გვითხრათ?
_ მთელი ფესტივალის მანძილზე ფინალური მონაწილეები ვართ, წელსაც დავასრულეთ ჩვენ სამი ნაწარმოებით, ბოლო ნაწარმოები სულიკო იყო. შემდგომ ლაიმამ მოიწვია ყველა მონაწილე, გააჟღერა ტელეფონის ნომრები და ყველას სთხოვდა დონაციას და მხარდაჭერას უკრაინისთვის, რადგან მათ ახლა ძალიან სჭირდებათ ფინანსური თანადგომა.
ძალიან მაღალი დონის ფესტივალი იყო, იყვნენ წარმოდგენილი ძალიან მაღალი რანგის არტისტები, მოწვეული იყვნენ ასევე უკრაინელი სამხედროები, რომლებიც რიგაში მკურნალობდნენ და ისხდნენ, როგორც მსმენელები. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი იქ მონაწილეობა.
_ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს, ადამიანმა ღიად დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ?
_ ვისაც ძალა აქვს და ვინც წესიერ ქვეყანაში ცხოვრობს, ვისაც ფასეულობები არ აქვს არეული, ყველა მხარს უჭერს უკრაინას, სხვადასხვა ქვეყანაში და, მათ შორის, ლატვიაში.
ჩვენ პირველ ივლისს ვიყავით, 3 ივლისს გვქონდა კონცერტი ტალინში და ბალტიისპირეთის ქალაქებში გვქონდა ოთხი კონცერტი და ყველგან იყო გამოკვეთილი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და იმის მიმართ, რასაც რუსეთი ახორციელებს დღეს უკრაინაში, პრინციპში, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა რუსეთი.
ღირსეულია ყველას მონაწილეობა მხარდამჭერ კონცერტსა თუ აქციაში, რათა გამოვხატოთ მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მომავლის მიმართ და უკრაინის მიმართ, პირველ რიგში.
ცნობისთვის, „ლაიმა რანდევუ“-ზე სტუმრის რანგში იმყოფებოდა რუსული სცენის პრიმადონად წოდებული და რუსეთიდან ფაქტობრივად განდევნილი 74 წლის მომღერალი ალა პუგაჩოვაც, რასაც რუსეთში მყოფი მისი კოლეგების (არა მხოლოდ) მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.
გიგა გელხვიიძე, Cnews