პურის ფასი სტაბილურია და შესაბამისი მარაგები არსებობს - ლევან სილაგავა





...
ქვეყანაში პურის ფასის გაძვირების ტენდენცია არ არსებობს. პურის ფასი სტაბილურია და შესაბამისი მარაგები არსებობს,- განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.
„ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს „პურის მწარმოებელ ასოციაციასთან“, პურის ფასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ არის. მათი თქმით, ფასი სტაბილური იქნება. პურის ფასთან მიმართებით პრობლემები არ იქნება, ფასი სტაბილური და შენარჩუნებული იქნება. გასული და მიმდინარე წლის მოსავალს რუსეთი აქტიურად ვერ ყიდის შავი ზღვის მიმართულებით, ისე როგორც იყო პროგნოზირებადი. ჩვენი მიმართულებით უფრო მეტი ხორბლის რაოდენობაა დარჩენილი“,- აღნიშნა ლევან სილაგავამ.
მან იმ გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებითი, საიმპორტო საფასური ნოემბრამდე დააწესა.
როგორც სილაგავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, გაგრძელდება თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ცნობილი სამოქმედო გეგმა ბაზარზე.
„გუშინწინ დედოფლისწყაროში ფერმერების აქცია გაიმართა. მათი მოთხოვნა იყო, რომ ვერ ახერხებდნენ იმ ფასად ჩაბარებას, რაც თვითღირებულებაა. მზად ვართ ფერმერებთან კომუნიკაციისთვის, მთავრობა არის ჩაბმული ამ საკითხში. კომპრომისული ვარიანტები უნდა მივიღოთ, აუცილებელია წისქვილკომბინატებმა იმუშაონ, ფქვილის იმპორტი ხორციელდებოდეს და ადგილობრივ ფერმებს ჩაბარების შესძლებოდა ჰქონდეთ და მოტივაცია, მომავალი ხორბლის მოსავალი მიიღონ. უნდა ვიცოდეთ, გადაწყვეტილება, რომელიც10 ნოემბრამდეა მიღებული, გაგრძელდება თუ არა და ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ ბაზარზე - გავაგრძელოთ კომუნიკაცია ხორბლის იმპორტის მიმართულებით, თუ იმ მიჯნაზე ვართ, რომ ფქვილის იმპორტზე გადავერთოთ“,- აღნიშნა ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ საუბრის დროს.