საქართველოს ნაკრების ოლიმპიადის შანსი





...
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უმწვრთნელოდ არის. არადა, წინ ერთი დიდი ტურნირია – ოლიმპიადა.
აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ხელში ჩვენმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევითა და პლანეტის 16 საუკეთესო გუნდში ადგილის მოპოვებასთან ერთად მომავალი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლებაც მიიღო. აქამდე საქართველოს ნაკრებს ისეთ ტურნირში მონაწილეობა არასდროს მიუღია, რომელში წარმატების შემთხვევაშიც ოლიმპიადაზე გავიდოდა. ახლა ამის შანსი არსებობს.
ამ ეტაპზე ის ვიცით, რომ ჩვენი ნაკრები იქნება ერთ-ერთ ჯგუფში კიდევ 5 ქვეყნის ნაკრებთან ერთად, რომელთაგან საუკეთესო ოლიმპიადის საგზურს მიიღებს.
უფრო დეტალურად:
ოლიმპიადაზე 12 ნაკრები მონაწილეობს, რომელთაგან მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ ერთი ადგილი იყო დაბევებული და მისი მფლობელი თამაშების მასპინძელი საფრანგეთი გახლდათ. მსოფლიოს ჩემპიონატმა კიდევ რამდენიმე საგზურის მფლობელი გამოავლინა: ევროპის ორი ყველაზე შორს წასული გუნდი – გერმანია და სერბეთი; ამერიკის ორი საუკეთესო – კანადა და აშშ; საგზურები მიიღეს ოკეანეთის, აფრიკისა და აზიის საუკეთესო მაჩვენებლის გუნდებმაც – ავსტრალია, სამხრეთ სუდანი და იაპონია.
შედეგად, პარიზის ოლიმპიადის 12 მონაწილიდან 8 ნაკრები ცნობილია. საქართველოს და კიდევ 23 ქვეყნის ნაკრებს ბრძოლა დარჩენილი 4 საგზურისთვის მოუწევთ.
ეს 24 ნაკრები არიან: ეგვიპტე, პუერტო რიკო, ახალი ზელანდია, სლოვენია, ლატვია, იტალია, ლიეტუვა, ესპანეთი, მონტენეგრო, ბრაზილია, დომინიკის რესპუბლიკა, საბერძნეთი, საქართველო, ფინეთი, ლიბანი, ფილიპინები, მექსიკა, ანგოლა, კოტ დივუარი, კამერუნი, ბაჰამის კუნძულები, ბაჰრეინი, პოლონეთი, ხორვატია.
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება და 24 ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზე გაიმართება. თითოეულ ქალაქში მოხვედრილი 6 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდება და თითოეულის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინი პრინციპით დაუპირისპირდება. თითოეული ქალაქის ფინალის მომგები 4 გუნდი ოლიმპიადის საგზურს მიიღებს.
თუ რამე არ შეიცვალა, ქალაქები, რომლებიც საკვალიფიკაციო ტურნირებს უმასპინძლებენ, ნოემბრის თვეში გაირკვევა.