კრემლში არ იციან, როგორია კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა
...
კრემლს არ აქვს ინფორმაცია ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის ავადმყოფობის შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
“ამ საკითხზე ინფორმაცია არ გვაქვს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძნელად თუ გასცემს ჯანმრთელობის ცნობას“- თქვა პესკოვმა.
შეგახსენებთ, შუა კვირაში, რამდენიმე ჩეჩნურმა ოპოზიციურმა არხმა, წყაროების მითითების გარეშე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვი კომაში იმყოფებოდა.
კვირას ნაშუადღევს ჩეჩენმა ოპოზიციონერმა და უფლებადამცველმა აბუბაკარ იანგულბაევმა დაწერა ისიც რომ, კადიროვი გარდაიცვალა.
ამავდროულად, კვირას პუტინის მედუმლის მონაწილეობით ვიდეო გამოჩნდა კადიროვის ტელეგრამის არხზე. კადრებში ჩეჩნეთის ლიდერი ხეივანში დადის და ურჩევს „ყველას, ვინც ვერ განასხვავებს სიმართლეს სიცრუისგან ინტერნეტში, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე და მოაწესრიგოს აზრები“.
კადიროვი მის ჯანმრთელობაზე არაფერს ამბობს. ვარაუდობენ, რომ ჩანაწერი გროზნოშია გაკეთებული, მაგრამ არც ეს და არც გადაღების თარიღი დაზუსტებით არ არის დადგენილი. ერთადერთი, რაც ყურადღებას იპყრობს, არის ის, რომ ჩეჩნეთის მეთაური წვიმაში დადის. მოსკოვში კვირას ამინდი მზიანი და ცხელი იყო.
თავის მხრივ, VChK-OGPU ტელეგრამის არხი, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებთან, წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ კვირა დილიდან ჩეჩნური სანომრე ნიშნებით მანქანები მასობრივად ჩადიან კრემლის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოსთან, სადაც წევს კადიროვი.
წლის დასაწყისიდან მედიაში პერიოდულად ჩნდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ 46 წლის რამზან კადიროვი მძიმედ არის დაავადებული. არაერთმა ჟურნალისტმა გაამახვილა ყურადღება ჩეჩნეთის ლიდერის სახეზე გადაჭარბებული შეშუპების გამოჩენაზე და ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს კიბოს მკურნალობის შედეგი. თავად კადიროვმა რამდენჯერმე უარყო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ.
ჩეჩნეთის მეთაური უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე მხარდამჭერია და რამდენჯერმე მან საკუთარ თავს უფლება მისცა გაეკრიტიკებინა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. კადიროვი ადრე ასევე მხარს უჭერდა Wagner PMC-ის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს, რომელმაც ივნისში სცადა აჯანყება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ და აგვისტოში გარდაიცვალა გაუგებარ ვითარებაში, (მის კატასტროფას პუტინს მიაწერენ-რედ) თუმცა, აჯანყებამდე ცოტა ხნით ადრე მათ შორის ჩხუბი მოხდა.