ჯგუფურად ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა





...
ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისათვის საჭირო შესაბამისი გამოცდილების ხელოვნურად დადასტურებისა და დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გააფორმეს ყალბი ხელშეკრულებები, ჯამში 2 236 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, ერთმანეთს დაუდასტურეს თითქოსდა შესრულებული სამუშაოების ამსახველი ე.წ. ფორმა #2-ები, მიღება-ჩაბარების აქტები და გაწერეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რითაც კომპანიას შეუქმნეს 226 496 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი.
„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბად შექმნილი აქტივი მთლიანდ იქნა გაუქმებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.