პაატა გურასპაული: მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, ფლეი ოფში ყველა თამაში ფინალი იქნება

სულ ნახვები : 230
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2022 წელს საქართველოს საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია და ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ჩატარდება. სტუმრად ესპანეთის, თურქეთის, რუსეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები გვექვევიან. ოთხი საუკეთესო ფლეი ოფში გავა, ბერლინში გადაინაცვლებს და მედლებისთვის ბრძოლას იქ გააგრძელებს.

ევროპირველობის სამასპინძლოდ თბილისში ახალი დარბაზი შენდება, რომელიც უკვე წელიწადნახევარია გრძელდება.

რა შანსები გვაქვს, როგორ მდგომარეობაშია დარბაზის მშენებლობა და საერთოდ ქართულ კალათბურთში, ამ თემებზე CNews-ს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ესაუბრა.

_ ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელი ქვეყანა ვართ და ჯფუფის მეტოქეებს თბილისში მივიღებთ, რაც მცირე უპირატესობას გვაძლევს. და მაინც, როგორ შეფასებდით ჯგუფს?

_ სხვა და სხვა ადამიანს განსხვავებული აზრი ექნება. ზოგისთვის ძლიერი ჯგუფია, ზოგიერთისთვის, შესაძლოა, მარტივად გადასალახი აღმოჩნდეს. რაც შეეხება ჩემს აზრს: რუსეთი რომ ვერ აგვცდებოდა, წილისყრამდე იყო ცნობილი. ევროპის ჩემპიონატმდე დარჩენილ დროში თუ რამე კარდინალური არ მოხდა, რუსეთს ისეთი გუნდი ნამდვილად არ ეყოლება, როგორც, მაგალითად, კირილენკოსა და ხრიაპას დროს ჰყავდა. სუსტი იქნებაო, ვერ ვიტყვით, მაგრამ ფაქტია, თაობათა ცვლას განიცდის და ეს ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ.

თურქეთის ნაკრები იქნება ერთ-ერთი სერიოზული გუნდი. მითუფრო, იმის შემდეგ, რაც შეი ლარკინი დაიმატეს, ევროპირველობის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. თუმცა, ჩვენ მზად ვიქნებით მათთან სათამაშოდ.

ბულგარეთი თითქოს აუტსაიდერი მოჩანს და სხვებისთვის, შესაძლოა, ყველაზე სუსტი იყოს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ამ გუნდმა ტურნირს მიღმა დატოვა ლატვიის ნაკრები. ამასთან, ბოლო თამაში სტუმრად მოუგო. ნურავინ იფიქრებს, ფურცელზე აუტსაიდერად მიჩნეული ბულგარეთის ნაკრების ვინმესთვის ხელწამოსაკრავი გუნდი იქნება. რამდენიმე ბულგარელი ევროლიგისა და ევროთასების მონაწილე გუნდებში არიან. ჩვენ ფავორიტები ვიქნებით ბულგარეთთან და ეს უნდა დავამტკიცოდ.

ბელგია – ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი გუნდი. შეუძლიათ სიურპრიზების შეთავზება. კარგი გუნდი ჰყავთ, კარგი კალათბურთელებით. ამ გუნდზე წარმოდგენა გვაქვს. ვიცით, რომ იქნება საშუალო დონის გუნდი. მათთან მოგება გვაქვს დაგეგმილი და ასეც უნდა იყოს თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს.

და ესპანეთის ნაკრები – მსოფლიო ჩემპიონი. რუსების მსგავსად მათაც აქვთ თაობათა ცვლის პრობლემა. დიდი ალბათობით, ძმები გასოლები არ იქნებიან, ასევე ლული და ფერნანდესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგანან. თუმცა, მაინც ესპანეთია, აქვს შიდა ძლიერი ჩემპიონატი. პლუს, მსოფლიო ჩემპიონის საქართველოში ჩამოსვლა პრესტიჟულია და ევროპაში ტონის მიმცემ კალათბურთელებს თბილისში ვიხილავთ.

ძლიერი ჯგუფია, მაგრამ საქართველოს ნაკრები ბოლო დროს მიეჩვია იმას, რომ მოედანზე ყველასთან მოსაგებად გადის და ეს სერბეთთან თამაშისას დამტკიცდა. ილიას ზუროსს ისე აქვს აწყობილი მექანიზმი, რომ გუნდი განწირული არ გადის მოედანზე. ჩვენი მთავარი მიზანია ჯგუფიდან გასვლა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება რაც შეიძლება მაღალი ადგილით, მაგრამ, თუ გადავხედავთ იმ ჯგუფს, საიდანაც უკვე ფლეი ოფში შევხვდეთ მეტოქეს, პოტენციალით ყველა ერთნაირია. ბოლო ორი გუნდი რომ არ ვთქვა, წარმოიდგინეთ გერმანია, სლოვენია, საფრანგეთი და ლიეტუვა – ვერავინ ვერ იტყვის, რომ ფლეი ოფში რომელიმე სხვაზე სუსტი იქნება.

დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფიდან გავალთ, წავალთ ბერლინში. იქ კი, ყველა თამაში ფინალის ტოლფასი იქნება.

_ თურქეთი ფავორიტად მიგაჩნიათ, მაგრამ ჯგუფში ჩვენ „დავპატიჟეთ“.

_ დიახ, თურქეთი ჩვენი არჩევანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი გუნდი ჰყავს, ქვეყნის ეკონომიკიდან გამომდინარე გინდოდა ისეთი ნაკრები აგვერჩია, რომელიც მაყურებელს ჩამოიყვანდა. არ დავმალავ და თურქეთამდე გვქონდა შეთავაზება რამდენიმე ქვეყანასთან, რომლებმაც ძალიან კულტურული და ზრდილობიანი უარი მოგვახსენეს. ეს ლიეტუვას შემდეგ. სანამ ბალტიისპირელები გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ველაპარაკე არვიდასს საბონისს, მითხრა რომ იფიქრებდნენ, მაგრამ შემდეგ გერმანია აირჩიეს. საბონისმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ მათთვის ასეთი ვარიანტი უკეთესი იყო და ჩემი გადასახედიდანაც უფრო რაციონალური გადაწყვეტილება მიიღეს. ლიეტუვის შემდეგ გვქონდა ორი შეთავაზება კიდევ. არ მინდა ქვეყნების დაკონკრეტება. თუმცა, ბოლოს თურქეთზე შევჯერდით, საიდანაც ძალიან ბევრ გულშემატკივარს ველოდებით.

_ თბილისში გასამართ ჯგუფურ ეტაპზე მაყურებელი წესით არც ბულგარეთს უნდა მოაკლდეს და არც რუსეთს.

_ მაყურებელთა მხრივ, ყველაზე ცოტა რაოდენობას ბელგიიდან ველოდებით. ბულგარელებმა იციან საქართველოს ფასი, აქაური სტუმართმოყვარეობა. აქედან გამომდინარე, გარკვეულ რაოდენობას ჩამოიყვანენ.

რუსეთის ნაკრებსაც ჩამოყვება გულშემატკივარი. დარწმუნებული ვარ, მათგანაც ძალიან დიდი ინტერესი იქნება.

ესპანეთს ყოველთვის დაყვება ერთგული გულშემატკივარი, თავისი ლიდერით და ეჭვიც არ მეპარება, რომ ესპანურ „დესანტს“ თბილისში აუცილებლად ვიხილავთ.

თურქეთზე უკვე გითხარით და კარგია ის, რომ ყველა ქვეყნიდან ველოდებით გარკვეულ რაოდენობას, რაც აუცილებლად წაადგება ქვეყანას.

_ ევროპირველობისთვის დარბაზის მშენებლობა რა პროცესშია. რამე პრობლემები ხომ არ ექმნება?

_ დარბაზთან მიმართებაში ჩვენ არაფერში ვერევით და ამის პასუხისმგებლობა სახელწიფოს აქვს. შესაძლოა, კორონავირუსიდან გამომდინარე რამე შეფერხებები ქონდათ, მაგრამ ვხედავთ, რომ შენდება, მშვენდება და დასასრულს უახლოვდება. არანაირი კითხვები არ არის, რომ 2022 წლის სექტემბერისთვის დარბაზი სრულ მზადყოფნაში არ იყოს. პირიქით, ჩვენ ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს მშნებლებთან, რომლებსაც წელიწადნახევარის მანძილზე დღე არ გაუცდენიათ, თებერვლის სანაკრებო ფანჯრისთვის უკვე მზად იყოს დარბაზი. მომავალი წლის თებერვალში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება და გვინდა ისიც ახალ დარბაზში ვითამაშოთ. ეს გარკვეული ტესტირებაც იქნება ევროპის ჩემპიონატისთვის. პლუს დამატებითი მოტივაცია, როგორც კალათბურთელებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.

_ ზემოთ ესპანეთის ლიგა ახსენეთ, როგორც ევროპაში წამყვანი და ტონის მიმცემი. ლიგის საუკეთესო კალათბურთელი კი, გიორგი შერმადინი გახდა.

_ ეს ძალიან დიდი მიღწევაა და დიდი შრომის შედეგი. მივულოცოთ გიორგი შერმადინს ესპანეთის ლიგის საუკეთესო კალათბურთელის წოდება. გიორგიმ ისეთი რამ გააკეთა, რომელსაც მომავალში, შესაძლოა, მე კი არა, ჩემი შვილიშვილებიც ვერ მოესწრნონ.

_ დასრულდა საკალათბურთო სუპერლიგა. რა შეჯამებას გაუკეთებდით?

_ წლევანდელი სუპერლიგა ბოლო პერიოდში ყველაზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ჯერ კიდევ თასის ფინალის დროს ვთქვი, რომ ასეთი ხარისხიანი თამაშები ჩვენს ჩემპიონატში არ მინახავს თქო. აქ მარტო დაძაბულობაზე არ არის საუბარი. ხარისხი არის ბევრად უკეთესი. და ეს არამხოლოდ ლეგიონერების ხარჯზე, არამედ ქართველი კალათბურთელების მონდომებითაც. ზოგიერთი უკვე ნაკრებშია, ზოგიერთს გზა გაეხსნა ეროვნულ გუნდში სათამაშოდ. უფრო ის მახარებს, რომ ამ პანდემიის პერიოდში მოხდა ეს და უკეთესი ჩემპიონატი გამიგვივიდა.

_ მომავალ წელს ფორმატი იგივე იქნება? იყო შემთხვევები დაირღვა სპორტული პრინციპი.

_ იყო ასეთი ორი შემთხვევა და ორივე რეგიონის გუნდები იყვნენ (რუსთავი და ბათუმი). კი, გარკვეულწილად იყო სპორტული პრინციპის დარღვევა, მაგრამ რეგიონში კალათბურთის ჩაკვლის სურვილი არ გვქონდა. მივიღეთ კიდეც შედეგი და წლევანდელი ფინალი ამის დასტურია. რუსთავმა გაითავისა ის, რომ საჭიროა უკეთესი მიდგომა და აგერ უკვე სუპერლიგის გამარჯვებულია.

რაც შეეხება მომავალი სეზონის ფორმატის შესახებ გამგეობა შეიკრიბება, იმსჯელებს. სადღეისოდ, კონკრეტული არაფერი გვაქვს დაგეგმილი და იმ ფორმატს ვგეგმავთ, როგორც სეზონი დავასრულეთ. თუმცა, გეტყვით იმასაც, რომ მონაწილე გუნდი კენტი (წლევანდელ სუპერლიგაში 11 გუნდი მონაწილეობდა) არ უნდა იყოს, რადგან ერთი გუნდი ყოველთვის ისვენებს ტურში. საბოლოოდ, ალბათ მაინც მივალთ იქამდე, რომ რაღაც შეიცვლება. ყოველშემთხვევაში, ახალი სეზონისთვის არ ვფიქრობთ.

_ და პრობლემატური თემა – ქართული გუნდები ევროტურნირებზე არ გადიან. თუ იგეგმება რამე ამ კუთხით?

_ ეს ჩვენთვისაც ძალიან მტკივნეული საკითხია. თუმცა, კალათბურთის ფედერაცია კლუბების საქმიანობაში ვერ ერევა, რადგან ყველა კლუბი კერძო საკუთრებაა. ერთადერთი ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველას დავუდასტურეთ, რომ თუ მონაწილეობას მიირებენ, გვერდით დავუდგებით – ინფრასტრუქტურა, ორგანიზაციული საკითხები... რაც შეგვეძლება, გვერდით დავუდგებით. ჩვენთვის კარგი იქნება თუ რომელიმე მაინც ევროტურნირებზე ითამაშებს. იმედი მაქვს, გაივლის პანდემიის პერიოდი და რომელიმე ქართული კლუბი, ერთი მაინც, ამ ნაბიჯს გადადგამს, გამონახავს ფინანსებს.

დათო ხარშილაძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა