უხვგოლიანი ტური და უცვლელი ლიდერები





...
ეროვნული ლიგის დასკვნითი, მეოთხე წრე დაიწყო და ინტრიგა ცხრილის ორივე ნაწილში რჩება. 28-ე ტური უხვგოლიანი გამოდგა. ხუთ მატჩში ცხრა პენალტი დაინიშნა, მაგრამ აქედან ორი გუნდებმა ვერ გაიტანეს.
შუქურა-დინამო (ბთ) 0:6
აჭარულ დერბიში ბათუმელებმა პირველივე ტაიმში ხუთი გოლი გაუტანა შუქურას და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.
წიტაიშვილმა ჰეთ-თრიქი 19 წუთში შეასრულა. გაიტანეს ზარიამ, ღუდუშაურმა და იაკობსენმა. ამ ექვსი გოლიდან ბათუმელებმა სამი პენალტით გაიტანეს და სამივე სხვადასხვა ფეხბურთელმა.
ბათუმის დინამო პირველ ადგილზეა, შუქურა – ბოლოზე.
დინამო (თბ)-დილა 3:1
თბილისის დინამოს ჩემპიონობის შანსი ჯერ არ დაუკარგავს. მართალია, ბათუმელებს შვიდი ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ მსგავსი ჰანდიკაპი დინამოს ადრეც აღმოუფხვრია.
დინამოელთაგან გოლები ხარაიშვილმა, მექვაბიშვილმა და კამარამ შეაგდეს და 25 წუთში 3:0 დაწინაურდნენ. გორელებმა მეორე ტაიმში მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს – თავი ნიკა გაგნიძემ გამოიჩინა.
დინამო მეორეა, დილა კი, მეოთხეზე რჩება.
ტორპედო-საბურთალო 5:0
ქუთაისის ტორპედომ საბურთალო დიდი ანგარიშით დაამარცხა და სამეულში მოხვედრის სერიოზული შანსი გაიჩინა.
ტორპედომ საქმე პირველივე ტაიმში მოილია: ჯერ შერგელაშვილმა გაიტანა, შემდეგ არაბიძემ. 37-ე წუთზე კი, საბურთალო მოედანზე კაცნაკლული დარჩა, რადგან კაპიტანი ჯგერენაია გაუგდეს.
რიონისპირელებმა ამით ისარგებლეს და შესვენებამდე ბუღრიძემ ანგარიში გაზარდა, ხოლო მეორე ტაიმში არაბიძემ და ნინოკოვიჩმა გამანადგურებელი სახე მისცეს.
ტორპედო მეხუთეზეა, მაგრამ სამი ქულით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ საბურთალოს.
თელავი-სამტრედია 1:1
ორივე გუნდი ერთმანეთის კონკურენტები არიან და ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. განსაკუთრებით, სამტრედიელებისთვის, რადგან წაგების შემთხვევაში საქმეს ბევრად გაიუარესებდნენ.
პირველი ტაიმის ბოლოს მორჩილაძის ჩაწოდებას ირაკლი რუხაძის ზუსტი თავური მოჰყვა და თელავი დაწინაურდა – 1:0.
სამტრედიამ შესვენების შემდეგ გაათანაბრა: აბულაძის დარტყმული პენალტი დავიდ იურჩენკომ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე თელაველთა მცველ ვაჟა ფაცაციას მიერ წესების დარღვევა დაფიქსირდა და კახელთა კარში მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ალეკსანდარ მიშოვმა გაიტანა – 1:1. ეს მიშოვის მესამე გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
თელავი მეშვიდე ადგილზეა, სამტრედია – მერვეზე. მათ შორის სხვაობა 5 ქულაა და ელიგაში დასარჩენად იბრძვიან.
სამგურალი-გაგრა 2:2
ორივე გუნდი კრიზისშია. სამგურალმა ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო. არც გაგრას აქვს კარგი სერია: მართალია, წინა ტურში აუტსაიდერ შუქურას მოუგეს, მაგრამ მანამდე შვიდ ტურში მხოლოდ ორი ქულა აიღეს.
ამჯერად 2:2. პირველი ტაიმი გაგრამ გიორგი ლომთაძის პენალტით მოიგო. სამგურალს შესვენებამდე შეეძლო გათანაბრება, მაგრამ იაპონელმა ლეგიონერმა კაგაიამას პენალტი ოლეკსანდრ ვორობეიმ აუღო.
სამგურალმა მაინც პენალტით გაათანაბრა: ბალანიუკმა მოიპოვა და თავადვე გაიტანა – 1:1. მალევე კაგაიამამ სამგურალი წინ გაიყვანა, მაგრამ გაგრამ თამაში მაინც გადაარჩინა –მუსელიანის გამჭოლ პასს ზამბიელი შონგას გოლი მოჰყვა – 2:2.
სამგურალი მეხუთე ადგილზე რჩება, გაგრა კი, ბოლოსწინაა.