კვარაცხელია და ნაპოლი რეალთან დამარცხდა

სულ ნახვები : 102
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პირველ დღეს საინტერესო და სენსაციური შედეგები დაფიქსირდა.

C ჯგუფში ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრაში ნაპოლიმ მადრიდის რეალს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა – 2:3.

ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, მაგრამ ნეაპოლელთა პირველი გოლი მის კუთხურს მოჰყვა. მე-19 წუთზე ხვიჩამ ჩააწოდა, რის შედეგადაც ნათანმა დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და დამატებაზე ლეო ოსტიგორმა გაიტანა – 1:0.

მალე კარლო ანჩელოტის გუნდმა ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი, წინაც გავიდა. პირველი გოლი ჯოვანი დი ლორენცოს უხეშ შეცდომას მოჰყვა, მეორე კი ჯუდ ბელინგემმა ლამაზ სტილში გაიტანა.

ნაპოლიმ შესვენების შემდეგ პენალტით გაათანაბრა, რომელიც გოლად პიოტრ ჟელინსკიმ აქცია. 78-ე წუთზე კი ფედერიკო ვალვერდემ შორიდან დააქუხა და მერეტიც უძლური იყო ბურთი მოეგერიებინა – 2:3.

ამავე ჯგუფში ბრაგამ ბერლინში, უნიონს აჯობა. არადა, გერმანელები 41-ე წუთამდე ორბურთიან უპირატესობით იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში უკვე ბრაგამ იმარჯვა. პორტუგალიელებმა პირველ ტაიმშივე შეამცირეს სხვაობა, შესვენების შემდეგ კი, 2 გოლი გაიტანეს და შინ 3 ქულა წაიღეს.

ორი ტურის შემდეგ ჯგუფს რეალი 6 ქულით უდგას სათავეში, ნაპოლისა და ბრაგას 3-3 ქულა აქვთ, ხოლო უნიონი უქულოდაა. მომდევნო ტურში ნაპოლი ბერლინში უნიონს ესტუმრება, იმავე დღეს რეალი პორტუგალიაში, ბრაგასთან ჩავა.

A ჯგუფში თამაშობს დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი. ჩვენებურს ტრავმა აქვს და მიუნხენის ბაიერნთან საშინაო მატჩი არ უთამაშია. დანიელები თავიდან დაწინაურდნენ, მაგრამ სასურველი ანგარიში ვერ შეინაურჩუნეს და 1:2 დამარცხდნენ.

სენსაციური შედეგი დაფიქსირდა მანჩესტერში, სადაც იუნაიტედი გალათასარაის დაუხვდა და 2:3 წააგო. მანჩესტერი ჰოილუნდის გოლით ორჯერ იგებდა. ჯერ ზაჰამ გაათანაბრა, შემდეგ – აკთურქოღლუმ. გამარჯვების გოლი კი მანჩესტერელებს იკარდიმ გაუტანა, რომელმაც 2 წუთით ადრე პენალტი გააცუდა.

ჯგუფს ბაიერნი 6 ქულით ლიდერობს, გალათასარაის 4 ქულა, აქვს, კოპენჰაგენს – 1, ხოლო უქულო მანჩესტერი ბოლოზეა.

B ჯგუფში საინტერესო მატჩი საფრანგეთში გაიმართა, სადაც ლანსი ლონდონის არსენალს დაუხვდა და 2:1 მოუგო. აქ თავიდან ლონდონელები იგებდნენ, მაგრამ ფრანგებმა მოახერხეს და თამაში სათავისოდ შემოატრიალეს.

ეინდჰოვენში კი პსვ-მ და სევილიამ ქულები გაიყვეს – 2:2. სევილია ორჯერ იგებდა, მაგრამ ნიდერლანდური გუნდი არ დანებდა და ქულა დაიმსახურა.

ლანსი 4 ქულით პირველია, 3-ქულიანი არსენალი – მეორე, სევილიას 2 ქულა აქვს, პსვ-ს – 1.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები