გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად რეალური რეფორმები და ნაბიჯებია საჭირო, ეს მთავრობა კი მზად არ არის - ვიოლა ფონ კრამონი





...
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად რეალური რეფორმები და ნაბიჯებია საჭირო. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მთავრობა მზად არის ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Cnews-სთან საუბრისას აცხადებს.
ევროდეპუტატი ევროკომისიის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ ეს დადებითი შედეგი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხისა და პრეზიდენტის დამსახურებაა. რაც შეეხება ოცნების მთავრობას, ‘’მას რეკომენდაციის პოზიტიური პასუხისთვის არაფერი გაუკეთებია’’.
Cnews-ი: როგორ აფასებთ ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოს შესახებ?
ვიოლა ფონ კრამონი: ძალიან ზუსტად არის ჩამოყალიბებული ევროკომისიის რეკომენდაცია და შემდგომში კომისიის წარმომადგენლებისა და ევროპარლამენტის წევრების განცხადება. ისინი ამ ყოველივეს საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიღწევად თვლიან. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან ცოტა გააკეთა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ წინსვლისთვის. ევროკავშირის თავდაპირველი 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ რამდენიმე შესრულდა მთავრობის მიერ.
მეორე მხრივ, ქართველმა ხალხმა, რომლის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას, გამოავლინა შესანიშნავი სურვილი და ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ. ევროკომისიამ ეს დადებითი შეფასებით აღიარა. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ცალსახაა, ერთგული ხელისუფლების გარეშე, მხოლოდ ხალხის სურვილი არ არის საკმარისი შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად.
რა საკვირველია, შემდეგი ნაბიჯებისთვის, გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად რეალური რეფორმები და ნაბიჯებია საჭირო. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მთავრობა მზად არის ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად.
Cnews-ი: რა გველოდება დეკემბერში?
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო სიტყვა ევროსაბჭოს აქვს. ამისათვის საჭიროა 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება. მე არ ველოდები, რომ რომელიმე ქვეყანა მის წინააღმდეგ ხმას მისცემს. საქართველოს პრეზიდენტმა კარგად იმუშავა ევროკავშირის გარშემო მოგზაურობისას, რათა დაერწმუნებინა უფრო სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებიც კი.
კანდიდატის სტატუსი მხოლოდ დასაწყისია რთული მოგზაურობისა, რომელიც მოითხოვს მტკიცე ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ, რომლებიც დაცულია ევროკავშირის კანონმდებლობის მრავალ ათეულ ათასობით გვერდზე. ეს გრძელი გზაა და მოითხოვს საქართველოს ხალხისა და მთავრობის ერთგულებას. პირველი დიდი გამოცდა საქართველოსთვის მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება.
მიხეილ ხაჩიძე, Cnews