ოთარ შამუგია რაჭაში დაცული ტერიტორიის მოწყობას აანონსებს
...
დაწყებულია კვლევები, რომ რაჭაში შეიქმნას ისეთი ტიპის დაცული ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე და, რა თქმა უნდა, დაიცავს უნიკალურ ბუნებას“, - განაცხადა გარემოსა და სოფლის მეურნაობის დაცვის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
ის სამინისტროსთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა, აღნიშნა რომ სიცრუეა, რომ ტყე იყიდება, ასევე იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რამ გამოიწვია დავით ხიდაშელის კომპანბიისთვის სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის გაუქმება.
„ჩვენ წელს მაისში განვაცხადეთ, რომ კომპანიას - „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” ერთი წლის განმავლობაში უნდა წარმოედგინა მართვის გეგმა და სხვა კვლევებზე ინფორმაცია. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა გააკეთა რეაგირება და განცხადებაც გავრცელდა, რომ ეს გეგმა არ იყო წარმოდგენილი და შესაბამისად ოქმიც იქნა შედგენილი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ. მას შემდეგ კიდევ არაერთი განცხადება გაკეთდა სააგენტოს მხრიდან, სამინისტროს მხრიდან და ჩემი მხრიდან. ამ პროცესებთან მიმართებაში დავიწყეთ მუშაობა, რომ ამ ტერიტორიაზე შეიქმნას დაცული ტერიტორიები და უშუალოდ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მოსახლეობასთან ერთად, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, ექსპერტების ჩართულობით დაწყებულია კვლევები, რომ რაჭაში შეიქმნას ისეთი ტიპის დაცული ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე და, რა თქმა უნდა, დაიცავს უნიკალურ ბუნებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეგახსენებთ, სამინისტროსთან მესამე დღეა, რაჭის ტყეებთან დაკავშირებით ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აქცია იმართება. უწყვეტი აქცია ჯერ რეგიონში დაიწყო, რის შემდეგაც დედაქალაქში გადმოინაცვლა. აქციას თბილისში დაკავებების გარეშე არ ჩაუვლია. ადმინისტრაციული წესით, 18 ნოემბერს 13 პირი დააკავეს, რომლებიც მეორე დღეს გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლო პროცესები ჯერ არ გამართულა.