როცა პრესსამსახურს თავი მინისტრი ჰგონია - ბობოყვათის მიწების სკანდალური აუქციონი

სულ ნახვები : 1,526
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აჭარის ფინანსთა სამინისტრომ 28 მაისს, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორიაზე აუქციონი გამოცხადდა, რომლის თანახმადაც, 28 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უნდა გაიყიდოს. ინვესტორმა პროექტში, მინიმუმ, 250 მილიონი ლარი უნდა დააბანდოს, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა პროექტზეა საუბარი. ასევე, გაურკვეველია, ამ 28 ჰექტარაზე მცხოვრებლებს დაკანონებული აქვთ თუ არა მიწა. აღსანიშნავია, რომ პროექტში ნახსენებია „მდიდრული ვილები“, თუმცა არაა დაკონკრეტებული, რა „მდიდრულ ვილებზეა“ საუბარი.

ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად CNews-ი აჭარის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, თამუნა დიასამიძემ ჩვენთან საუბარი არ ისურვა. უფრო სწორად, ჯერ დაგვპირდა, რომ „ცოტა ხანში“ დაგვირეკავდა, თუმცა დარეკვის ნაცვლად მშრალი ინფორმაცია „დაგვიმესიჯა“. ნიშანდობლივია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მედიასთან პირდაპირ კომუნიკაციას ყოველთვის გაურბის. როგორც ჩანს, პრესსამსახურის ხელმძღვანელის მინისტრს ბაძავს.

რაც შეეხება „მესიჯს“, რომელიც პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გამოგვიგზავნა, მასში წერია:

„ეს პოზიცია მივაწოდეთ გუშინ ყველა მედიასაშუალებას, თქვენც გიგზავნით. აჭარაში აქტიური პრივატიზაციის პროცესი გრძელდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ,მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბობოყვათის ტერიტორიაზე ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. პროექტი არანაკლებ 250 მლნ ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და მისი განკარგვა შესაბამისი კანონის საფუძველზე ხორციელდება. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა ტერიტორიის სწორი ურბანული გავითარება უნდა უზრუნველყოს. ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმით, ტერიტორიის 75% რეკრეაციულ სივრცეს უნდა დაეთმოს. აუქციონის პირობების შედგენა საერთაშორისო კომპანია "ქოლიერს ინთერნეიშენელის" კონცეფციის საფუძველზე განხორციელდა. მოხდა ტერიტორიის შესწავლა, გარდა ამისა განაშენიანების რეგულირების დოკუმენტი მომზადდა. აღსანიშნავია, რომ აუქციონის პირობების მიხედვით,საზოგადოების წვდომის ვალდებულებით მოხდება ბულვარის, პრომენადის, პირსის, ნავმისადგომისა და ველობილიკის მოწყობა. პროექტი ასევე, მოიცავს ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედნის მოწყობას, ვილებისა და თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მშენებლობას, სადაც აუცილებელ პირობად საერთაშორისო ბრენდის ოპერირება განისაზღვრა.“

CNews-ი აუქციონის მოწინააღმდეგეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ რეზო ხარაზს დაუკავშირდა.

ხარაზის თქმით,  შავი ზღვის სანაპიროს საუკეთესო ადგილს მიზანმიმართულად, 165 ლარად, ანუ 51 დოლარად ყიდიან. ხარაზი ფიქრობს, რომ აუქციონის შემდეგ ამ ადგილს ივანიშვილთან დაახლოებული პირები მიისაკუთრებენ, პროექტი კი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა, გაუგებარია.

„ეკონომიკის სამინისტროს აქვს უფლება და ეს მისი ვალდებულებაცაა, რომ ინვესტიციას შეუწყოს ხელი. არ ვარ წინააღმდეგი ინვესტიციის, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, თუ ვინმე იყიდის მიწის ნაკვეთს და ააშენებს სასტუმროს, მაგრამ სახელმწიფოს ადგება ზიანი - შავ ზღვაზე საუკეთესო ადგილს 28 ჰექტარს, ჩემი გამოთვლით, ყიდიან 165 ლარად, ანუ 51 დოლარად. პარალელურად, ძალიან ბუნდოვანია, აუქციონში ჩადებული პირობები. საუბარია ბინათმშენებლობასა და მდიდრულ ვილებზე. მოკლედ, ყველაფერი ეს გაურკვეველია.  

არ მინდოდა, ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ აუქციონის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მასთან დაახლოებულ პირები ჩაიგდებენ ხელში, ამ 28 ჰექტარს“,- განაცხადა CNews-სთან საუბრისას რეზო ხარაზმა.

CNews-მა როგორც აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან, ასევე, აჭარის მთავრობის პრესსამსახურებთანაც სცადა დაკავშირება, მაგრამ მათ ჩვენ ზარებს, ტრადიციულად, არ უპასუხეს. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა