კორონავირუსი შესაძლოა, ლაბორატორიულად შეიქმნა - ამერიკულ მედიაში საიდუმლო ინფორმაციამ გაჟონა

სულ ნახვები : 159
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჰიპოთეზა კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობის შესახებ დასაშვებია და შემდგომ გამოძიებას მოითხოვს, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის სამთავრობო ლაბორატორიაში. საუბარია კოვიდ-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე, ჩინეთში მდებარე ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან მის შესაძლო გაპარვაზე და მთელ მსოფლიოში გავრცელებაზე.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, სამთავრობო ლაბორატორიის ანგარიში ჯერ ოფიციალური არ არის, თუმცა საიდუმლო ინფორმაციამ მედიაში გაჟონა და მის შესახებ სტატია ორშაბათს პირველმა "უოლ-სტრიტ ჯორნალმა" (Wall Street Journal) გამოაქვეყნა. გამოცემის მიხედვით, კვლევა გასული წლის მაისში მომზადდა, კალიფორნიის ლოურენს ლივმორის ეროვნულ ლაბორატორიაში. შემდეგ ანგარიში გადაეგზავნა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს. ეს ყოველივე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო თვეებში ხდებოდა.

"უოლ-სტრიტ ჯორნალის" ცნობით, ლოურენს ლივმორის ლაბორატორიის შეფასება ახალი კორონავირუსის სარს-კოვ-2 გენომის ანალიზს ეყრდნობა. თავად ეროვნული ლაბორატორია კომენტარზე ჯერჯერობით უარს აცხადებს.

აღნიშნული ინფორმაცია თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებებთან თანხვედრაშია. გასულ თვეში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განკარგულება გასცა, 90 დღის განმავლობაში გამოეძიათ კორონავირუსის წარმოშობის საკითხი.

ამერიკის დაზვერვა ამჟამად ორ ვერსიას განიხილავს. ერთია, ლაბორატორიიდან ვირუსის შემთხვევით გაპარვის შესაძლებლობა და მეორე - ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა. თუმცა, პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ჯერ გამოძიება არ დასრულებულა და საბოლოო დასკვნამდე არ მისულან.

როგორც ითქვა, დაზვერვის საიდუმლო ინფორმაცია სამთავრობო წრეებში პრეზიდენტ ტრამპის დროსაც ცირკულირებდა. მაშინ ეჭვის საფუძველი კიდევ ერთი ცნობა გახდა, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ნოემბერში ლაბორატორიის სამი თანამშრომელი ავად გახდა და საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდათ. თეთრი სახლი მაშინაც და ახლაც ჩინეთისგან მეტ გამჭვირვალობას ითხოვდა.

წყარო: „ამერიკის ხმა“ 


 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები