ხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელობამ მეტი პასუხისმგებლობა დამაკისრა

სულ ნახვები : 110
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გაზეთმა სარბიელმა წელს მეცხრამეტედ ჩაატარა ტრადიციული გამოკითხვა, რომლის მიხედვით წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი უნდა გამოვლენილიყო.

გამოკითხვაში 81 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა, რომელთაგან 71-მა საუკეთესოდ ხვიჩა კვარაცხელია მიიჩნია.

CNEWS საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს ესაუბრა.

- გილოცავთ აღიარებას. ელოდი რომ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელებდნენ?

- დიდი მადლობა. ეს ჩემთვის დიდი პატივია. სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში ველოდი, მაგრამ პრიზების მოგებაზე ხშირად არ ვფიქრობ. ამასთან, ახლა უფრო მოტივირებული უნდა გავხდე, რადგან უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია და ეს ნდობა უნდა გავამართლო.

- კონკურენტები ძლიერი გყავდა. ხმის მიცემის უფლება რომ გქონოდა, ვის დაასახელებდი?

- ძალიან ბევრმა ითამაშა კარგად, მართლაც რთული იყო მათთან ამ პრიზის მიღება. თუმცა, მე ჯაბა კანკავას გამოვარჩევ.

- ივნისში საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე კი შეუერთდი, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიში შეწყვიტე და არ გითამაშია. ტრავმა კიდევ გაწუხებს?

- თითქმის არ მაწუხებს, მაგრამ ცოტა სისწრაფე მიჭირდა. ამიტომ არ გავრისკე და თავი შევიკავე.

- თითქმის ყველგან იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ნიჭიერია. შესაძლოა, ფეხბურთში მხოლოდ ნიჭით გახდე ვარსკვლავი?

- არანაირად. მთავარია შრომა, ხოლო ნიჭი შრომას შედარებით გაგიადვილებს.

- ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლის როგორ დაახასიათებ?

- ტაქტიკურად ძლიერი მწვრთნელია, ბევრი სიახლე შემოიტანა. თან, დიდი ფეხბურთელი იყო – ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში აქვს ნათამაშევი.

- გატანილი გოლებიდან რომელს გამოარჩევდი?

- ცოტა მიჭირს გამორჩევა. ალბათ რუსეთთან 17 წლამდე მატჩში და... წლეულს ესპანეთთან.

- ევროპის ჩემპიონატზე ვის უქომაგებთ?

- ქომაგობით არ ვიცი, მაგრამ მთავარ ფავორიტად საფრანგეთი მიმაჩნია.

- კლუბებში როგორც ვიცით რეალს ქომაგობ.

- დიახ.

- და გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო კითხვა – სად გააგრძელებს კარიერას ხვიჩა კვარაცხელია?

- ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამ საკითხზე ჩემი აგენტი მუშაობს. ყველაფერი 15 ივლისამდე უნდა გაირკვეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა