არ ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ არგაღიზიანების პოლიტიკას შეცვლის - თეონა აქუბარდია

სულ ნახვები : 204
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არ ველოდები, რომ ქართული ოცნება არგაღიზიანების პოლიტიკას შეცვლის, ჩვენ უნდა შევცვალოთ ქართული ოცნება , რომ გავატაროთ ეროვნული ინტერესები ,  - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეონა აქუბარდიამ CNews–ს განუცხადა.

ნატოს სამიტზე საქართველოს არმონაწილეობის მიზეზებსა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი CNews–ს ესაუბრა.

_ საქართველო არ მონაწილეობს ნატოს სამიტზე და ის არ იქნება განხილვის მთავარი თემა, რა შეფასებას გაუკეთებთ ამ ფაქტს და არის თუ არა ეს „ქართული ოცნების“ არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგი?

_ გადაწყვეტილებას ნატოს სამიტთან მიმართებაში იღებს ნატო და არა საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ იწვევს გარკვეულწილაად წუხილს ის ფაქტი, რომ საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, ნატოს სამიტზე არ არის მიწვეული, ამას „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ვერ დავაბრალებთ.  გამომდინარე იქედან, რომ როგორც წესი, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის არჩევისას და ეს ტრამპის შემთხვევაშიც ასე იყო, სამიტი იმართება ნატოს წევრებისათვის და არა პარტნიორებისათვის. მართალია, ტრამპის გაპრეზიდენტებისას საქართველო ნატოს სამიტზე კონფერენციის ფორმატში იყო წარმოდგენილი,  მაგრამ ახლანდელ ვითარებაში, გადაწყვეტილების  მიღება მოხდა იმის გათვალისწინებით, სამიტი  მხოლოდ 3 საათი გაგრძელდება. აქედან გამომდინარე,  საქართველო, ისევე როგორც უკრაინა არ არის წარმოდგენილი ნატოს სამიტზე, თუმცა, როგორც ცნობილია, საქართველოს საკითხში შევა ნატოს კომუნიკეში.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოში გაწევრიანების თემა აღარ არის ისე ხშირად მთავრობის წარმომადგენელთა  სასაუბრო ენაში, როგორადაც ეს უნდა იყოს, ისევე როგორც შესაბამისი სტრატეგიული კომუნიკაცია ნატოსთან  მიმართებაში არ წარმოებს სასურველ დონეზე  ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ამ შემთხვევაში სამიტზე საქართველოს არდასწრება არ არის საქართველოს მთავრობის „დამსახურება“, არამედ ეს არის ნატოს გადაწყვეტილება.

_ საქართველოს საკითხი არ იქნება განხილვის თემა არც პუტინ-ბაიდენის შეხვედრაზე, ამის შესახებ რას იტყვით?

_ ჩვენ გვახსოვს ქართული ოცნების განცხადება მისი ხელისუფლებაში მოსვლის დროს, რომ საქართველო არ უნდა ყოფილიყო განხეთქილების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის.  ფაქტებით დასტურდება, რომ ეს იყო შეცდომა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რადგან რას იძლევა ეს პრაგმატიზმი რუსეთთან მიმართებაში, ამას ყველა ვხედავთ. ვფიქრობ, ეს არის ,,ქართული ოცნების'' მნიშვნელოვანი პრობლემა,  ისევე როგორც სხვა ბევრი რამ, მათ შორის დემოკრატიის მიმართულებით არსებული მძიმე მდგომარეობა საქართველოში.

_ დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემებიც ხომ არ არის მიზეზი, რომ საქართველოს საკითმა შედარებით გვერდზე გადაიწია?

_ ასე ვერ ვიტყოდი, რადგან ვითარება არის საკმაოდ რთული, საერთაშორისო უსაფრთოება  ბევრად გაუარესებულია, თუმცა „ქართული ოცნების“ შეცდომაა, რომ როდესაც საუბარია რუსულ აგრესიაზე, იქ მოხსენიებულია უკრაინა და საქართველო იქვე აღარ არის ნახსენები ხოლმე...

_ თქვენ ამბობთ სიტყვას - შეცდომა, ეს არის მხოლოდ შეცდომა, თუ მიზანმიმართული პოლიტიკა?

_ ეს სიტყვა - შეცდომა ბრჭყალებში გითხარით, თუმცა „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რაც მათ სამთავრობო პროგრამაში უწერიათ, რუსეთთან მიმართებაში  ქონდეს პრაგმატული მიდგომა, ამან რომ არ გაამართლა, ჩვენ ამის მოწმეები ვართ.  რუსეთმა არა თუ შეაჩერა, ის აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, დგამს ანექსიის მიმართულებით ნაბიჯებს,  ამის ერთადერთი შემაკავებელი საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში,  არის დასავლეთი.  ერთადერთი, რაც საქართველოს შეულია,  არის ის,  რომ გააძლიეროს დასავლელ პარტნიორებთნ თანამშრომლობა, დააყენოს საკითხი ბევრად უფრო ხმამაღლა და აქტიურად, ვიდრე ამას დღეს აკეთებს.

რუსეთი არის საკმაოდ გააქტიურებული და ის საქართველოს უპირისპირებს ყველა ინსტრუმენტს, რომლიც მას გააჩნია, რომ შეაჩეროს საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა და შეასუსტოს დემოკრატია ქვეყანაში.

ჩვენ ვხედავთ,  რომ დემოკრატიის კუთხით საკმაოდ ძლიერ გამოწვევებთან ვდგავართ. რას ასევე აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტში ცალსახად ეწერა, რომ ეს არჩევნები იყო ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული  და რომ მნიშვნელოვანი რეფორმებია საჭირო, როგორც კანონის უზენაესობის, ასევე, სარჩევნო რეფორმებთან მიმართებაში.

დიახ, აუცილებელია პოლიტიკის შეცვლა. მე არ ველოდები,  რომ „ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკას შეცვლის, ჩვენ უნდა შევძლოთ ის,  რომ შევცვალოთ „ქართული ოცნება“  რიგგარეშე არჩევნების გზით, იმისთვის,  რომ ის პოლიტიკა ქონდეს ქვეყანას, რომელიც ჭირდება ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად.

 ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა