პოლიტიკური პანაშვიდი გადაუხადა საკუთარ თავს, „მასოვკაც“ მოიყვანა - ხუხაშვილი ივანიშვილზე

სულ ნახვები : 549
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიტიკური პანაშვიდი გადაუხადა საკუთარ თავს, „მასოვკაც“ მოიყვანა, - განუცხადა CNews-ს. ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი, 29 აპრილის საჯარო გამოსვლის შესახებ.

მისი თქმით, ივანიშვილი შვილების თაობას ემუქრებოდა, რაც დასასრულის ნიშანია.

„ჩემთვის ძალიან სევდიანი ამბავი იყო გუშინ. დავინახე როგორც მისი პიროვნული ტრაგედია, ეს იყო მისი უძლეველობის,  წარმატების, ქვეყნის სიყვარულის მითოლოგიის სრული მსხვრევა და კრახი.  გუშინ რას მოვისმინეთ, ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური პანაშვიდი, რომელიც გადაუხადა საკუთარ თავს, „მასოვკაც“ მოიყვანა, განწყობაც პანაშვიდის იყო. ადამიანურად გული მწყდება, რომ ის ას ასე ასრულებს. -  როდესაც ბავშვებს ემუქრები, ეს ნიშნავს, რომ შენ აღარ ხარ ამ ქვეყანაზე.  ის ხომ გუშინ, ფაქტობრივად, შვილებისა და უკვე შვილიშვილების თაობას ემუქრებოდა? არ გამოვა, მომავალთან  წარსულის სახელით ბრძოლა. ამიტომ ვწუხვარ, კარგი რაც უკეთებია, ყველაფერი  წყალში  გადაყარა გუშინ“, - განუცხადა ხუხაშვილმა CNews-ს.

მისივე თქმით, ეს იყო ანტიდასავლური გამოსვლა.

„პოლიტიკურ პრიზმაში ეს იყო წმინდა ანტიდასავლური  გამოსვლა, დასავლეთის დემონიზირება. 2008 წლის ომიც დასავლეთს დააბრალა, თურმე კეთილი რუსეთი დასავლეთმა ჩაითრია, თორემ აბა რუსეთს რად უნდა საქართველო? არაფერი წაუღია არც მანამ, ჩვენი საუკეთესო მეგობარია, - დაახლოებით ამ სტილში ილაპარაკა და ლოგიკური აბსურდით დაასრულა. - მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვებით, დასავლეთი არის გარყვნილების ბუდე, ომის პარტია, აფინანსებენ საქართველოში გადატრიალებას, ჩვენ მაინც იქ შევალთ 2030 წელსო. თუ ასეთი საშინელია ეს დასავლეთი, რატომ უნდა შევიდეთ მაშინ? კითხვა  გაუჩნდება მის მომხრესაც - შენ რომ მეუბნები რომ დასავლეთი ჯოჯოხეთია, ჯოჯოხეთში  რატომ მიგყავარ?

გასაგებია, რომ ის შეეცდება პოლიტიკურ საფლავში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩაიყოლოს, დრამატიზმი ახლავს პროცესს, მაგრამ მისი ძლევამოსილების მითი დიდი ხანია დამსხვრეულია“, - განუცხადა ხუხაშვილმა CNews-ს.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა