ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს - TI

სულ ნახვები : 113
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ანტიკორუფციული ბიურო არღვევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს და არ ასაჯაროებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს - ამის შესახებ „სერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 წელს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საფუძვლით ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ გაეუმჯობესებინა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პრევენცია, მკვეთრად გააუარესა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის სტანდარტი.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად ყოველი წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს.

საქართველოში დეკლარაციების მონიტორინგის ვალდებულება 2017 წლიდან ამოქმედდა და 2017-2022 წლებში მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება საჯარო სამსახურის ბიურო, ყოველი წლის 31 დეკემბერს პროაქტიულად აქვეყნებდა მონიტორინგის შედეგებს. კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1 სექტემბრიდან დეკლარაციების მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყება ანტიკორუფციული ბიურო გახდა.

კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ანტიკორუფციულმა ბიურომ დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად 2023 წლის ბოლოს არ გამოაქვეყნა. უფრო მეტიც, ბიუროს შედეგები ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, 2023 წელს განხორციელებული ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია წარმოდგენილი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ბიუროს ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სულ 720 თანამდებობის პირის დეკლარაცია უნდა შემოწმებულიყო. ბიურომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია აღმოაჩინა თუ არა დარღვევები ამ თანამდებობის პირთა დეკლარაციებში, თუ აღმოაჩინა, რა დარღვევები ჰქონდათ და საპასუხოდ, რა ტიპის სანქცია გამოიყენა (გაფრთხილება თუ დაჯარიმება). ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობის წლიურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს 2024 წლის 29 მარტს წარუდგინა, ასახა მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ (2023 წლის 1 სექტემბრამდე) განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ზოგადი სტატისტიკა, თანამდებობის პირებისა და დარღვევებისა და დაკისრებული სანქციის მითითების გარეშე.

როგორც ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშიდან ირკვევა, საჯარო სამსახურის ბიურომ 2023 წელს სულ 500 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეამოწმა, მათგან 317 ელექტრონული სისტემის საშუალებით შერჩეული თანამდებობის პირია, 166 - დამოუკიდებელი კომისიის მიერ, ხოლო - 17 დასაბუთებული განცხადების საფუძველზე შერჩეული. შემოწმებული 500 დეკლარანტიდან: დაჯარიმდა - 109 (21.8%), გაფრთხილდა - 4 (0.8%), დადებითად დასრულდა - 372 (74.4%), ხოლო 15 (3%) შემთხვევაში მონიტორინგი შეწყდა. მათგან 2 შემთხვევაში გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მის მონიტორინგს დაქვემდებარებული 220 თანამდებობის პირის შედეგების არ გასაჯაროება, იმ არგუმენტით, რომ ადმინისტრაციული წარმოებები ჯერ კიდევ მიმდინარეა, სცდება როგორც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრულ ვადებს”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა