მას აქ ფრთები შეაჭრეს და იმედი მაქვს, რომ იქ მოახერხებს ფრენას - ლელა წურწუმია კესარია აბრამიძეზე
...
„როდესაც ქვეყანაში არის ზიზღი და ძალადობა, იწყება განუკითხაობა, თან მითუმეტეს თუ ამ ძალადობას ახალისებს მთავრობა, სახელმწიფო თავისი დაუსჯელობის სინდრომით, თავისი უმოქმედობით და სწორედ ამ დროს იბადება მკვლელი. შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, მოტივებზე, ვეძებთ მიზეზებს", - ამის შესახებ მომღერალმა, ლელა წურწუმიამ საკუთარ გადაცემაში, „მხოლოდ ლელასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, მან აპრილის თვეში მოახერხა და შეძლო, რომ კესარია აბრამიძე ჩამოეშორებინა ბექა ჯაიანისთვის, თუმცა როგორც მომღერალი ამბობს, მას შემდგომ რაც აბრამიძე კვლავ შეურიგდა ჯაიანს, ეს ამბავი მისთვის არ უთქვამს.
წურწუმიას განცხადებით, იმ ბრჭყვიალა ცხოვრების მიღმა, რომელიც ყველას ეგონა, რომ ჰქონდა კესარია აბრამიძეს, რეალურად ძალიან მძიმე, ბულინგით და პრობლემებით სავსე გზა იმალებოდა.
„სტატისტიკა რა არის, არის ციფრები და ეს მოტივები კი განმარტება იმისა, რა მოხდა, როგორ მოხდა. რაღაც გამართლებას ვეძებთ ამ ყველაფერში, მაგრამ ეს ყველაფერი აზრს კარგავს მაშინ, როდესაც შენ წინ, შენი შვილი და, ძმა ახლობელი, უბრალოდ ადამიანი წევს მოკლული. თუ ერთი პროცენტი მაინც არსებობს იმისა, რომ ჩვენ შეგვეძლო ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ეს არ გავაკეთეთ, ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვართ. მე ამას გულწრფელად ვამბობ იმიტომ, რომ. მე მაქვს განცდა, რომ ერთხელ მე ის გადავარჩინე ნამდვილად სიკვდილს, მე გადავარჩინე ის ამ აგრესიას. დაახლოებით აპრილის თვეში ხდებოდა ეს ყველაფერი, დამირეკა... ჩვენ არ გვქონდა ხშირი ურთიერთობა, მაგრამ ძალიან ახლობელი იყო ეს ადამიანი ჩემთვის და ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როცა იღებდა, ან ვერ იღებდა მაშინ, მირეკავდა და მეკითხებოდა, ლელა როგორ გავაკეთო ეს ყველაფერი და სწორედ მაშინ მითხრა, რომ მე ვარ ძალადობის მსხვერპლი. ძალიან განვრისხდი და ყველანაირად ვეცადე, რომ მისთვის მომეშორებინა ეს ადამიანი და წასულიყო პოლიციაში. გულწრფელად, მე ვუთხარი მას, რომ ახლა დავრეკავ პოლიციაში მეთქი. შემეხვეწა, შემევედრა, ოღონდ პოლიციაში არ დარეკოო და შემდეგ უკვე დავარწმუნე იმაში, რომ ეს ადამიანი უნდა მოეშორებინა მას და სხვათა შორის მოიშორა. ძალიან დიდხანს მოიშორა. შემდეგ სამწუხროდ, ამ ბოლო პერიოდში მას შერიგებია და ამას მიმალავდა და როდესაც მისმა მეგობარმა ჰკითხა, რომ რატომ არ ეუბნები ლელას, რომ შეურიგდი ამ ადამიანსო, მერიდება მისიო ასე უთქვამს და აუცილებლად გამლანძღავს ამის გამოოო. ახლა საშინელი დანაშაულის გრძნობა მაქვს, რომ იქნება რაღაცნაირად გამეგო, ხმა მიმეწვდინა მისთვის, რომ უბრალოდ არ გაჰკარებოდა ამ ადამიანს, მაგრამ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გამოძიება დაადგენს, მაგრამ მე როგორც ვიცი მან (ბექა ჯაიანი) მოტყუებით, ძალიან დიდი ტყუილით შეაღწია მასთან ბინაში და მოხდა ის, რაც მოხდა. იცით, როგორ მტკივა გული? როგორ მწყდება გული არ იცით. ყოველ წუთას მესმის მისი, ლელი, ლელი. საოცარი ადამიანი იყო, უბოროტო, ძალიან ლამაზი. ის გზა, რაც მან გაიარა მიუხედავად თავისი სილამაზისა, ეს იყო გმირობის ტოლფასი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ლანძღვის, ბულინგის მსხვერპლი იყო, თუმცა კესოს გზა, ყველას ეგონა, რომ ძალიან ლამაზი იყო. თითქოს ყველას მიღებული ჰყავდა კესო ისეთი, როგორიც იყო, მაგრამ მე მგონია, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი და რეალობა იყო ის, რაც მოხდა სწორედ ამ რამდენიმე დღის წინ. „თქვენ თუ ფრთები არ გაქვთ მე მაცადეთ ფრენა" - ეს ფრაზა მას ტყუილად არ უთქვამს, ალბათ რაღაცას გრძნობდა, იმიტომ, რომ მას აქ ფრთები შეაჭრეს და იმედი მაქვს, რომ იქ მოახერხებს ფრენას. მშვიდობით ჩემო ლამაზო კესო", - აცხადებს წურწუმია.