სტუდენტების პროტესტი ბათუმში - რა ვითარებაა ბსუ-ში?

სულ ნახვები : 1,010
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 14 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტები აქციას მართავენ. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სტუდენტ მათე ცენტერაძის მიერ გახდა ცნობილი აქცია უნივერსიტეტის შენობის ფოიეში არის ჩანიშნული, რასაც სასწავლო დაწესებულების დეკანის, ლევან ჯაყელის პროტესტი მოჰყვა.

აღნიშნულის ამსახველი ვიდეომასალიდან, რომელიც სოციალურ ქსელში ცენტერაძემ გამოაქვეყნა კარგად ჩანს, თუ როგორ ემუქრება მას ჯაყელი და ცდილობს სტუდენტებში ერთგვარი შიში დათესოს.

აღნიშნულ ფაქტთან და ზოგადად აჭარაში ახალგაზრდების აქტივობასთან დაკავშირებით CNews მათე ცენტერაძეს ესაუბრა.

_ რატომ გადაწყდა შეკრება უნივერსიტეტის ფოიეში და რამ გამოიწვია დეკანის გაღიზიანება?

_ ამას ბევრი მიზეზი აქვს თუ რატომ პროტესტი უნივერსიტეტში. პირველ რიგში სტუდენტებმა უნდა დავიწყოთ პროტესტი იმ სტუდენტებმა, რომლებიც გაზაფხულზე, მათ შორის 2023 წლის მარტში ვაპროტესტებდით რუსულ კანონს, ახლა ვაპროტესტებთ მოპარულ ევროპულ მომავალს და მოპარულ არჩევნებს. უნივერსიტეტს კიდევ ის ფუნქცია აქვს, რომ ბათუმში სწორედ უნივერსიტეტი იყო სტუდენტების პროტესტის მთავარი კერა და ვცდილობთ იმ სტუდენტების გამოფხიზლებას, რომლებიც არიან დაშინებულები. დღეს მარტივი მაგალითი იყო იმის თუ როგორ ხდება დაშინება სტუდენტების, გამოვიდა დეკანი, რომელიც თავისი სტუდენტების წინ, ავლენს თავის სახეს. პირდაპირ გამოვიდა და განაცხადა, რომ არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, გვაკრიტიკებს ჩვენ, ფსევდოევროპელებს გვიწოდებს. იურიდიული ფაკულტეტის დეკანი არის ბოლო ბოლო, საჯარო მმართველობაც შედის ამ ყველაფერში, თავად საერთაშორისო სამართალს ასწავლის და ალბათ გამოვა ამ ხალხთან და იტყვის, რომ მე არ ვიყავი ის, ვინც გიზღუდავდათ გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც პროტესტს კლავდა თქვენში, ალბათ, ამას ეტყვის ლექციებზე სტუდენტებს, თუმცა ჩვენ სწორედ მაგიტომ ვართ, რომ მათი რეალური სახეები ვაჩვენოთ სტუდენტებს.

_ ბათუმის უნივერსიტეტში გამოკვეთილი ადგილი უჭირავს სტუდენტურ თვითმმართველობას, რომლის სათავეშიც ფაქტობრივად არის „ქართული ოცნება“ და საზოგადოებას კარგად ახსოვს, ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, რიჩარდ სირაბიძის ჩართულობა სხვადასხვა აქტივობებში, რომელიც უნდა განეხორციელებინა ამ ორგანოს. ახლა თუ ერევა თვითმმართველობამ პროცესებში და თუ იყო შემთხვევები, რომ ისინი ცდილობდნენ ზეგავლენა მოეხდინათ სტუდენტების არჩევანზე, 26 ოქტომბრის არჩევნების დროს?

_ იმით მინდა დავიწყო, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თითქოს მეტი საქმე არ ჰქონდეთ და თავად ირჩევენ სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის პოსტს. არსებობდა ჩათი „ბსუ 41“ სადაც რიჩარდ სირაბიძე, „ქართული ოცნების“ უდიპლომო დეპუტატი აძალებდა სტუდენტებს რაღაცების გაზიარებას, თუმცა ეს არის მეორეხარისხოვანი, რადგანაც ის სწავლობდა სხვა უნივერსიტეტში და სტუდენტური თვითმმართველობის ჩატში იყო. თვითმმართველობის პრეზიდენტი, თავად იძახის, რომ თვითმმართველობა არის ხერხემალი სტუდენტსა და ადმინისტრაციას შორის, ალბათ ჩატეხილი ხიდი უფრო არის ჩვენს და ადმინისტრაციას შორის, რადგანაც არცერთ პროტესტზე, არანაირი მხარდაჭერა არ გამოუთქვამს, არც აზრი უკითხავთ საერთოდ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, თვითმმართველობის წევრები და სტუდენტები მიჰყავდათ. ფინანსდება ის პროექტები, სადაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეაქვს განაცხადი, მაგალითად „დებატების ბანაკი 2024“ ასე ჰქვია დელეგატ არჩილ ბერიძესთან ჰქონდათ შეხვედრა. მათ შორის უნივერსიტეტის რექტორიც იყო მისული „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ ღონისძიებაზე და ეს არის საჯაროდ ცნობილი. ბევრი ფაქტი არის იმის, რომ ბსუ არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი შტაბი.

_ ჩვენ ვხედავთ პროტესტს თბილისში, ვგულისხმობ ახალგაზრდებს. რა ხდება ბათუმში ამ მხრივ? როგორია მუხტი და როგორ აპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს?

_ ხშირად მესმოდა კრიტიკა ბათუმთან დაკავშირებით, რომ რაღაცნაირად ამ პერიოდის განმავლობაში იყო ჩუმად, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს გაზაფხული, არც 2023 წელი, ზუსტად იგივე ახალგაზრდები, ახლაც აუცილებლად ვიწყებთ მასშტაბურ პროტესტებს და დრო გვიჩვენებს სად იქნება ჩვენი მომავლისთვის გადამწყვეტი ადგილი, ეს იქნება უნივერსიტეტი, ბათუმის ქუჩები, თუ თბილისში პარლამენტის წინ დგომა. ამ ყველაფერს მაქსიმალურად მივყვებით, პულსზე ხელი გვაქვს დაჭერილი.

ცნობისთვის, დღევანდელი შეკრების შემდგომ, სტუდენტების მასშტაბური აქცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, ხვალ 15 ნოემბერს, 18:00 საათზე ჩაინიშნა.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა