ბიზნესმენებთან შეხვედრა პრემიერისთვის მარტივი არ ყოფილა - რა საკითხებზე ისაუბრეს კობახიძემ და ბიზნესმენებმა?
...
ეს არ იყო შეხვედრა, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ მარტივი იყო ირაკლი კობახიძისთვის - ასე აფასებს ბიზნესის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე.
CNews-ის მიერ დასმულ შეკითხვაზე, როგორ აფასებს ის ბიზნესის სექტორის გარკვეული წარმომადგენლების სითამამეს, რომ მათ გააკრიტიკეს არსებული ვითარება და ისაუბრეს ეკონომიკურ საფრთხეებზე, ისაკაძემ უპასუხა:
ამას ვერ დავარქმევ სითამამეს, ეს იყო გამოხატული პოზიციები იმ კითხვებზე, რომლებიც დაისვა. მათ შორის იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებმაც ეტყობა განსაკუთრებული ამბავი გამოიწვია საზოგადოებაში.
_ დაძაბული იყო თუ არა ფონი შეხვედრის დროს?
_ ეს იყო წყნარი, მშვიდი, საქმიანი შეხვედრა ცალსახად, თუმცა ეს არ იყო შეხვედრა, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ მარტივი იყო ირაკლი კობახიძისთვის, რადგანაც ისმოდა კრიტიკული ხმა. არსებულ ვითარებაში ეს ხმა რომ ისმის კრიტიკულად არის ძალიან ნორმალური, რადგანაც ძალიან მძიმე ვითარებაა, მაგრამ ამ ყველაფრის ისე დახატვა, რომ შეიკრიბნენ ოთხი საათი და რაღაცაზე ილაპარაკეს და დაიშალნენ ისე, რომ იქ ჩიტები და პეპლები დაფრინავენ, ეს ასე არ არის. საკმაოდ მძიმე პოზიციები იყო და ნაწილობრივ ეს პოზიციები მე გავაჟღერე.
_ თუ ეს მძიმე ფონი გაგრძელდება, რა ეკონომიკურ მდგომარეობამდე მივა ქვეყანა, იყო თუ არა ეს საკითხი განხილული, კონკრეტული რისკები?
_ ესეც ერთ-ერთი თემა იყო, მესამე თუ მეოთხე საკითხი. იქ ითქვა, რომ საკმაოდ იძაბება ვითარება ქვეყნის იზოლაციონიზმიდან, ვგულისხმობ ჩვენი კარის დახურვას დასავლეთის ქვეყნებთან და მათგან წამოსული სანქციებიდან გამომიდინარე, რომელიც შეგვიყვანს ძალიან მძიმე ეკონომიკურ პირობებში. ამასთან დაკავშირებით, უნდა იყოს გარკვეული მინიშნებები და გეგმა. აღსანიშნავია, რომ ამასთან დაკავშირებით ვიცე პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ „ეს არის მარტივი ვითარება“.
ამ ვითარებაში, არასოდეს არ გვიცხოვრია, მე და თქვენ და დანარჩენ საზოგადოებას სანქცირებულ საქართველოში, ამიტომ ჩვენ ბუნებრივად ვზრდით გარკვეულ ეკონომიკურ რისკებს, როდესაც საქართველოში აღარ შემოვა იმდენი ფული, ის ფული რაც შემოვა იქნება საკაოდ ძვირი, შესაძლებელია წამოვიდეს ფუნდამენტური ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც შეიძლება აისახოს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ლარის გაუფასურებაზე, რომელიც აქამდე მოგვიტანია. ეს თმებიც სალაპარაკოა და იმედი მაქვს, რომ ამაზეც იქნება გაცემული პასუხები.
ცნობისთვის, ბიზნესის სექტორის წარმომადგენლების და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ორ ეტაპად შედგა. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ თავისუფალი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების რაოდენობამ, რომელიც არ ეთანხმება ხელისუფლების მიერ აღებულ კურსს და ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელ გზად, ახალი არჩევნები მიაჩნია 2 300-ს გადააჭარბა.
გიგა გელხვიიძე, CNews