ეკონომიკის ვარდნის მძიმე შედეგს უახლოეს 3-4 თვეში ვნახავთ - ნიკა გილაური
...
ეკონომიკის ვარდნის მძიმე შედეგს უახლოეს 3-4 თვეში ვნახავთ, - ამის შესახებ კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა, ნიკა გილაურმა ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა.
მისი თქმით, 2025-ის მძიმე ეკონომიკური პროგნოზი ჯერ კიდევ სანქციებამდე კეთდებოდა და ახლა კი ვითარება კიდევ უფრო გართულდება. მათ შორის, გაიზრდება უმუშევრობა.
„სანამ სანქციებზე მივიდოდა საქმე, მანამდე უკვე ცუდად იყო... რეალურად ეკონომიკის პროგნოზში თუ ჩავიხედავდით მომავალი წლის და ციფრები არ ტყუიან. საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებმა, რომლებმაც უნდა გადმორიცხონ საკმაოდ დიდი თანხები მომავალ წელს, გააჩერეს პროგრამები ჯერ კიდევ სანქციებამდე. პირდაპირი ინვესტიციები რომლებიც უნდა შემოსულიყო მომავალ წელს, გააჩერეს გადმორიცხვები, ეს გადმორიცხვები მათ გააჩერეს ჯერ კიდევ სანქციებამდე.
გარდა ამისა, ტურიზმში გვაქვს აშკარა ჩავარდნა. თქვენ რომ ნახოთ და ჰკითხოთ სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელებს, მათ აქვთ 50%-იანი ვარდნა.
ქვეყანაში თანხა შემოდის საერთაშორისო ინვესტიციების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ტურიზმისა და ექსპორტის მიმართულებით. აქედან სამი არის სერიოზულად შემცირებული- 50% შემცირება აქვს ერთს, 50% მეორეს და შეიძლება 55% მესამეს. ანუ, ჩვენ გვაქვს სერიოზული ეკონომიკური პრობლემების პროგნოზის უკვე გამზადებული სურათი. ამას დაემატა კიდევ სანქციები, რაც კიდევ უფრო გააუარესებს.
ჩვენ რეალურად დავინახავთ უახლოეს 3-4 თვეში საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ ეფექტს როგორც კურსის თვალსაზრისით, ასევე ინფლაციის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკის შემცირების თვალსაზრისით და სავარაუდოდ, უმუშევრობის გაზრდის თვალსაზრისით", - განაცხადა ნიკა გილაურმა.