ზურაბიშვილმა პოლიტიკური პოლარიზაცია გააღრმავა - ნიკა სიმონიშვილი ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

სულ ნახვები : 295
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ისევე, როგორც პარლამენტის გადაწყვეტილება, ჩვენთვის მიუღებელია და ამ ორივე კანონში არის პრობლემა, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“ - ასე ეხმაურება საია-ს ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მხარის დაჭერასთან დაკავშირებით.

სიმონიშვილის შეფასებით, ქვეყნის მთავარსარდალმა, რომელიც მისივე საუბრებიდან ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზება სულ უფრო მკვეთრად გამოიხატება, ამ ნაბიჯით თავადვე კიდევ უფრო გააღრმავა და გაამწვავა პოლიტიკური სიტუაცია.

„როდესაც პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დავძლიოთ და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უნდა დავამარცხოთ, ეს იყო გზა, რომ რეალურად შეკავებულიყო პროცესი, რომელიც ქვეყანაში არის. თუმცა, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით, არათუ წინ გადადგა ნაბიჯი პოლიტიკური პოლარიზაციის შეკავებისკენ, არამედ ამ ნაბიჯით გააღრმავა. ამდენად, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ისევე, როგორც პარლამენტის გადაწყვეტილება, ჩვენთვის მიუღებელია და ამ ორივე კანონში არის პრობლემა, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ზურაბიშვილის ქმედების შეფასებისას, სიმონიშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება არ იყო თანმიმდევრული იმ განცხადებებთან მიმართებაში, რომელიც მან რამდენიმე ხნის წინ გააკეთა. სიმონიშვილი ასევე განმარტავს, რომ ამ ცვლილებებით ხელისუფლებამ სამართლებრივ სისტემაში არსებულ დამოუკიდებელ რგოლზე კონტროლი მოიპოვა.

„ჩვენთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისაღები არ არის, ვერ დავეთანხმებით იმაში, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნები არ უნდა ჰქონოდა, იმიტომ, რომ ეს კანონპროექტები, ორივე, ცალსახად მიმართული იყო ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების სისტემაში დამოუკიდებელი რგოლის ხელში ჩასაგდებად. ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მის წინა განცხადებებთან თუ დავაკავშირებთ, არათანმიმდევრულია. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალიან არასწორია იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროცესი არ მოსწონს, შინაარსს ეთანხმება. აქ ორი საკითხია - პროცესიც არასწორი იყო და ეს იმიტომ, რომ შიგნით იყო ჩადებული ძალიან ცუდი ცვლილებები, რომელიც მიმართულია ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების სისტემის ხელში ჩაგდებისკენ. თუ პრეზიდენტმა ვერ დაინახა, რაში გამოიხატებოდა თუნდაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება ან თუნდაც როგორ გაუმარტივებს ის სასამართლო სისტემაში არსებულ კლანს გადაწყვეტილების მიღებას და როგორ შეძლებს ხელისუფლება სასამართლო სისტემის უფრო მარტივად კონტროლს, რომელიც ისედაც კონტროლირებულია, ეს არის სამწუხარო“, - განმარტავს სიმონიშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებების პაკეტზე ხელის მოწერის შემდეგ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის აღსრულებას თავად გააკონტროლებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა